დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბერძენი პროფესორი ქუთაისელ ბიჭებს გამოეხმაურა
2011/12/05 12:01:50

ამ ზაფხულში ჩვენს მკითხველებს ვუამბობდით ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში არსებული უცნობი კარსტული მღვიმის (შესაძლოა - მღვიმეთა კომპლექსის) შესახებ (გაზეთ „P.S.“, ?20 (588) 6-12 ივნისი, 2011).

ვწერდით იმ უჩვეულო ენთუზიაზმზეც, რომელიც მისმა აღმომჩენმა ჭახათელმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს ბუნების შესანიშნავი ძეგლის კვლევისას.

გაზეთის ეს ნომერი ჩვენი ბერძენი მეგობრის, პროფესორ ტასო გაილას ხელში მოხვდა. ქართველებზე, საქართველოზე შეყვარებულმა ქალბატონმა, თურმე, მთელი წერილი ბერძნულად ათარგმნინა ჩვენებურებს, ზედ საოცრად გულთბილი კომენტარები დაურთო და საბერძნეთის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა სახელწოდებით „კოლხიდა“. მთელ გვერდზე განთავსებულ წერილს თან ახლავს მღვიმის აღმომჩენი ახალგაზრდების ფოტოებიც.

ქალბატონი ტასო გაილა ამასაც როდი დასჯერდა: ათენიდან ცალ-ცალკე გამოუგზავნა ქუთაისელ ბიჭებს გაზეთის ნომერი მათ შესახებ დაწერილი სტატიით, თითო ფილა შოკოლადი და, რაც მთავარია, საოცრად გულთბილი ბარათები, რომლებიც თავად დაწერა ქართულად.

დამწყები სპელეოლოგებისათვის ბერძენი პროფესორის გამოხმაურება მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. გაზეთ „P.S.“-ის რედაქციაში გადაღებული ფოტოკადრებიც გამოხატავს ამ ემოციას. თითოეულმა ახალგაზრდამ მთხოვა, ქალბატონი გაილასათვის მადლობის გადახდაში დავხმარებოდით.

ლუკა ობოლაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: „დიდი მადლობა ქალბატონ ტასო გაილას ასეთი ყურადღებისა და თანადგომისათვის. შევუთვლი დიდ პატივისცემასა და სიყვარულს. განსაკუთრებით ქართულად დაწერილმა წერილმა გაგვახარა ძალიან.“

ხვიჩა (ანდრო) გვენეტაძე, მოსწავლე: „მართლაც რომ მოულოდნელი იყო! ჯერ მეგონა, მეხუმრებოდნენ, როცა მითხრეს, საბერძნეთის გაზეთში თქვენს შესახებ ბერძენმა პროფესორმა წერილი გამოაქვეყნა და პირადად გიგზავნით   პაკეტებსო,   მაგრამ   გაზეთ  „P.S.“-ის რედაქციაში რომ დაგვიბარეს, დავრწმუნდი, რომ ეს სულაც არ ყოფილა ხუმრობა. დიდი დაფასებაა ქალბატონი ტასო გაილასაგან, უღრმესი მადლობა მას ამისათვის.“

მამუკა პაიჭაძე, მოსწავლე: „იმედია, როდესმე შევხვდებით და გავეცნობით, პირადად გადავუხდით მადლობას ასეთი დიდი პატივისცემისათვის!“

ლუკა დიხამინჯია, მოსწავლე: „ჩემი ბებია, დედა და მამიდა საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ და იქიდან გვეხმარებიან ეკონომიურად. ჩვენს ოჯახში ბერძნები ძალიან უყვართ. დედა საახალწლოდ რომ ჩამოვა, ვათარგმნინებ ბერძნულ გაზეთში დაწერილ წერილს, მანამდე კი, ტელეფონით მოვუყვები, რომ საბერძნეთში მეც მყავს უფროსი მეგობარი. რა კარგი იქნებოდა, ქალბატონი ტასო გაილა ქუთაისში რომ ჩამოვიდოდეს და სტუმრად გვეწვეოდეს!“

ლუკას მაშინვე აჰყვნენ მისი მეგობრები, ოთხივე ბიჭი ერთსულოვანი იყო: ჩვენს ქალაქში ვეპატიჟებით ბერძენ პროფესორს, ქალბატონ ტასო გაილასათვის ჩვენი ოჯახების კარი ღიაა; მღვიმესაც ვაჩვენებთ და ქუთაისში კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს დავათვალიერებინებთო.

ახალგაზრდებს არც „P.S.“-ისათვის დავიწყებიათ მადლობის გადახდა. გვიამბეს, რომ ჩვენი საგაზეთო წერილის  გამოქვეყნების   შემდეგ „რუსთავი-2“-ზე მათ შესახებ სიუჟეტი გავიდა. ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი რეგიონული ხელმძღვანელიც   დაუკავშირდათ:   „გვითხრა,  რომ ჩვენს აღმოჩენილ  მღვიმეს ახლო მომავალში შეისწავლიან.“

 

ნანული ცხვედიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია