საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა მაქაცარია: „გამორიცხულია, ქართველი ხალხი, მითუმეტეს, ამ რეგიონში, იყოს დაშინებული“
2012/06/04 12:38:44

იმერეთის გუბერნატორის ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ „P.S.“-ს

 

არჩევნების დღე ჯერ არ დანიშნულა, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურა კარგა ხანია დუღს. გუბერნატორი-რწმუნებული, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელია რეგიონში, ამ პროცესის შუაგულში ტრიალებს. სწორედ კარს მომდგარი არჩევნების თემას ეხება ინტერვიუ, რომელიც 31 მაისს, 21 საათზე, მის სამუშაო კაბინეტში შედგა.

 

- ბატონო ლაშა, ახალ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, აგიტაციაში მონაწილე თანამდებობათა პირებს გუბერნატორიც დაემატა: ახლა უკვე ლეგიტიმურად შეგიძლიათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. დაიწყეთ თუ არა ამ უფლებით სარგებლობა?

- პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელ ინტერვიუში, რომელიც თქვენს გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა თქვენი გაზეთისა და, ზოგადად, თავისუფალი მედიის მიმართ. მინდა მოგილოცოთ 26 მაისი, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და იმ პროცესებში აქტიური ჩართულობა, რაც ამ ქალაქში  ვითარდება.

რაც შეეხება არჩევნებს, თქვენს კოლეგებთან არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და არც ახლა ვიქნები გამონაკლისი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ არჩევნებს არ ვიწყებთ არც ორი და არც სამი თვით ადრე, ჩვენთვის სამუშაო მაშინვე იწყება, როგორც კი მთავრდება არჩევნები. და როდესაც გუნდი პასუხისმგებლობით მოდის ხელისუფლებაში, მაშინვე ერთვება იმ რეჟიმში, რასაც ჰქვია მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ასე რომ, როგორც კი 2010 წლის არჩევნები დამთავრდა, ჩვენ მეორე დღესვე, ყოველგვარი შესვენების გარეშე,  დავიწყეთ ამ ვალდებულებების შესრულება. ჩვენ რასაც ხალხს შევპირდით, ეს უნდა გაკეთდეს. გაკეთდეს მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გვაქვს უდიდესი ვალდებულებები აღებული. ეს უკვე ხალხმა უნდა შეაფასოს მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება - რამდენად პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საქმეს და რამდენად გამოგვივიდა მისი გაკეთება. ერთი სიტყვით, ჩვენი აქტიურობა დაწყებულია დიდი ხანია.

- კონკრეტულად, წინასაარჩევნო აგიტაციის უფლებაზე გეკითხებით...

- ჩვენ, ჩვენი უფლებების ფარგლებში, მხოლოდ კანონით მონიჭებული უფლებების ფარგლებში, სერიოზულად ვმუშაობთ. მე უფრო მეტი მინდა და მეტია საჭირო (განსაკუთრებით - რაიონებში მეტია გასაკეთებელი), მაგრამ რა უფლებებიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხალხს შევუსრულოთ  ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით, ამ შემთხვევაში - 2010 წელს. პლუს ამას, არა მხოლოდ არჩევნების პირობები, ზოგადად, მთელი პრობლემებია დაგროვილი, რომლებიც მოდის წლების, მოდის ათწლეულების განმავლობაში. ეს უნდა მოგვარდეს და ამ პრობლემების გასაღები დევს ისევ და ისევ ხელისუფლებაში, განსაკუთრებით - ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გუბერნატორს მეტი ფუნქცია არა აქვს, გარდა იმისა, რომ ემსახუროს ხალხს.

- არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე რას მეტყოდით?

- ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო კანონში ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენს წინაშეა დაყენებული. ჩვენ, პირველ რიგში, დავიცავთ კანონს. ეს შეეხება როგორც გუბერნატორს, ასევე გამგებელს, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე - ყველა ჩინოვნიკს, რომელიც დაკავებულია.

- და, თუ მაინც მოხდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თქვენ, როგორც გუბერნატორი, ამას შეეწინააღმდეგებით?

- რაც შეეხება კანონთა რღვევას, როგორც გუბერნატორი, ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნები. ვიმეორებ: ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერი სწორად და მკაფიოდ არის დაწერილი იმ კანონში, რომელიც თქვენ ახსენეთ.

ასე რომ, შემიძლია ვთქვა: კანონდარღვევას არავის ვაპატიებ, ხოლო კანონის მიხედვით მოქმედებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

- ოპოზიციურმა პარტიებმა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბის შევსებად აღიქვეს ის ფაქტი, რომ სწორედ არჩევნების წინა პერიოდში ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და დღეს საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ბიუჯეტი 53 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თქვენ რას უპასუხებდით?

- ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით. თუ აქვთ სურვილი და რაიმე დარღვევასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არსებობს, - მათ შეუძლიათ, კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ.

რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან კარგი. ძალიან კარგია, როდესაც ქალაქის ბიუჯეტი იზრდება და ეს ყველაფერი ხმარდება ჩვენს მოსახლეობას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოციალურ პროგრამებს, სხვადასხვა პრიორიტეტულ თემებს, რომლებიც არის ჩვენი ხელისუფლების წინაშე, იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ასევე დგას ჩვენი ხელისუფლების წინაშე.

ასე რომ, ზოგადად, ფაქტი არის ძალიან მისასალმებელი. ხოლო რაც შეეხება კანონდარღვევას, აქ ვერაფერს ვხედავ. ვიმეორებ: თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და ისინი დაადგენენ, იყო თუ არა კანონდარღვევა.

- უკვე მესამე წელია, იმერეთის რეგიონს ხელმძღვანელობთ. მინდა გკითხოთ: ნებისმიერ რაიონში, ქუთაისის ჩათვლით, - თუ გყავთ სადმე, რომელიმე თანამდებობაზე დანიშნული, განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების პიროვნება?

- ძალიან ჩამჭრელი კითხვაა, მართალი გითხრათ... ჩამჭრელი კითხვა - კი არა... პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე, ამ შემთხვევაში, წარმოვადგენ რეგიონს და, შესაბამისად, ძალიან ბევრ სახელმწიფო ინსტიტუციას, მათ შორის, როგორც გამგეობას, ასევე საკრებულოს. და მინდა აღვნიშნო ძალიან მკაფიოდ, რომ, როდესაც ჩვენ 2010 წელს არჩევნები გვქონდა, მართალია, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენებიც იყვნენ და არიან დღესაც.

- საკრებულოს წევრები - გასაგებია, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზე გეკითხებით.

- კი, კი... გეტყვით... გეტყვით, რა თქმა უნდა. მე ამ შემთხვევაში საკრებულოზე ვლაპარაკობ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქუთაისში - ეს არის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი დავით დვალი. მისი აპარატი, წარმოიდგინეთ, რამდენი თანამშრომელი იქნება - რომელსაც ასევე სახელმწიფო უხდის ფულს. იქნებიან, რა თქმა უნდა, სხვაგან ვიღაცები - რომელ აპარატში, რომელი თანამშრომელი, ახლა დასახელება არ შემიძლია - სადღაც, ალბათ, იქნება ეს განსხვავებული აზრის მქონე. მაგრამ მე გითხარით კონკრეტული მაგალითი, რომელიც ნამდვილად ვიცი, პარტიაც ვიცი, წარმომავლობაც ვიცი, მათი აპარატიც ვიცი  - საიდან, როგორ დაინიშნენ.

- საკრებულოს წევრების გარდა, თუ შეგიძლიათ, დაასახელოთ განსხვავებული აზრის მქონე საჯარო პირები? მაგალითად, თუნდაც საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სკოლის დირექტორი, რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელი... უბრალოდ, მასწავლებელი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ თანაუგრძნობს, ვთქვათ, ნათელაშვილის პარტიას, მემარჯვენეებს, „ქართული ოცნებას“...

- იცით, რომ ხმის მიცემა - ეს ძალიან ინტიმური პროცედურაა, მოიცავს დიდ კონფიდენციალურობას. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მე დაგისვამთ კონკრეტულ კითხვას: თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ყველა ადამიანი აძლევს თუ არა, სინამდვილეში, ნაციონალურ მოძრაობას ხმას?

- არა, რა თქმა უნდა. მაგრამ რატომ უნდა ეშინოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს თავისი პოლიტიკური ნებისა და შეხედულების ხმამაღლა გამოხატვა?

- ეს სხვა კითხვაა! თქვენ დამისვით, რომ არის თუ არა...

რაც შეეხება შიშს, ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს ან არ გამოხატოს დამოკიდებულება პარტიის მიმართ. ასე რომ, არ გამოხატავს ეს ხალხი თავის დამოკიდებულებას არც ოპოზიციური პარტიის მიმართ და ძალიან ბევრი - არც ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

იმას არ უარვყოფ, რომ დღეს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ძალიან ბევრია მმართველი პარტიის წევრი, ან მხარდამჭერი. მსოფლიოში და ევროპის ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სწორედ მათი წარმომადგენლებით კომპლექტდება ადმინისტრაციული სამსახურები, ეს არის ზუსტად არჩევითობის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. თქვენ იცოდეთ, რომ როცა ოპოზიცია ან ნებისმიერი პარტია ხელისუფლებაში მოდის (არ ვიცი, როდის: ეს იქნება უახლოეს წლებში თუ მომავალში - ამას ხალხი დაადასტურებს, პირველ რიგში), არ დაიჯეროთ მათ მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების, რომ ისინი შეინარჩუნებენ ნაციონალური მოძრაობის კადრს. იცოდეთ, რომ ძირითადი ნაწილი დაკომპლექტდება თავად ამ პარტიების წარმომადგენლებით. იმიტომ, რომ ნებისმიერი პარტია მოდის თავისი განსხვავებული ხედვით და მას სჭირდება თავისი კადრი.

ჩვენი სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა თანამშრომელი არ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ამაში დამეთანხმეთ.

ახლა, რატომ არ გამოხატავენ ამას ღიად: იმიტომ, რომ ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება.

ასე რომ, მე ყოველგვარ კავშირს ამ ზეწოლასთან და შიშთან გამოვრიცხავ. გამორიცხულია, ქართველი ხალხი, მითუმეტეს, ამ რეგიონში, იყოს დაშინებული, ვინმემ დააშინოს, კონკრეტულმა ადამიანმა, გარემოებამ თუ ასე შემდეგ.

თქვენ სკოლის მასწავლებელზე რომ იძახით, - არ არის სკოლაში ახლა იმხელა ხელფასები, რომ რაღაც 100, 200 ან 300 ლარის გულისთვის ადამიანს უღირდეს... კონკრეტული, ადამიანის მხრიდან ზეწოლაზე ან რაღაცაზე რეაგირება არ ჰქონდეს. დამერწმუნეთ, ნამდვილად არ არის ასეთი პრინციპი. თუ რაიმე ფაქტი არსებობს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფაქტები არის კონკრეტულ მიზეზებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. ასე რომ, ყველა გათავისუფლება, რომელიც შემდეგ მიეწერა ამა თუ იმ პოლიტიკურ თემას, ეს იყო, სინამდვილეში, არა პოლიტიკური თემა, არამედ - გამგებლის მხრიდან, მერის მხრიდან, განათლების მინისტრის მხრიდან, ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან და ასე შემდეგ, გაკეთებული კონკრეტული გადაწყვეტილება: ზოგი გადაწყვეტილება გამოტანილია ოპტიმიზაციის საფუძველზე, ზოგი - სხვა დარღვევების საფუძველზე, ზოგი - რის და ზოგი - რის საფუძველზე. ასე რომ, როდესაც განცხადება დგება ადაიმანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მას აქვს კონკრეტული საფუძველი. კიდევ ერთხელ ვიძახი: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გაასაჩივროს და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკვაშირებით. ორ რაიონში იყო ისეთი ფაქტი, როდესაც სასამართლომ პირდაპირ დაგვავალდებულა, აღგვედგინა ესა თუ ის თანამშრომელი, იქ პოლიტიკურ თემაზე არ იყო ლაპარაკი. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწიენთ.

- ერთ ფაქტზე გიამბობთ, შეიძლება, არც იცოდეთ...

- არ ვიცოდე? მეეჭვება რაღაც...

- კეთილი. ჩვენს გაზეთში თქვენს შესახებ რომ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თქვენ ჩხუბში ხელდახელ ჩაერთეთ საჩხერეში, - აი, იმ წერილის გამო, მისი ავტორის, ნოდარ ჯოჯუას პედაგოგ მამას გაშვებას უპირებდნენ სამტრედიის რაიონის სოფელ გომის სკოლიდან.

- და ვერ გაუშვეს?

- ვერ გაუშვეს იმიტომ, რომ დიდი ამბავი ავტეხეთ. საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატიც ჩაერთო საქმეში, რადგან სამტრედიაში ამ ახალგაზრდა ჟურნალისტის ოჯახს პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ. არადა, ჯოჯუა არ გახლავთ არც „ქართული ოცნების“ და არც რომელიმე პარტიის წევრი, უბრალოდ, ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც კარგი ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში და გამოიყენა.

- (ღიმილით) მაგ ინფორმაციაზეც გეტყვით შემდეგ ჩემს მოსაზრებას.

მე მინდა გითხრათ: როდესაც ლაპარაკია შეძლება-არშეძლებაზე, და რომ ამბავი აუტეხეს და ვერ გააკეთეს და ასე შემდეგ... მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ ასეთი რაღაც: რადგან ეს ფაქტი არ არის დამდგარი, ესე იგი ასეთი რამ არ მომხდარა და არავინ დამუქრებია! რომ ყოფილიყო კონკრეტული სურვილი ამ ადამიანის გათავისუფლების, დამერწმუნეთ, ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლიდა ამ შემთხვევაში. ეს შემიძლია პირნათლად გითხრათ.

რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებულ სტატიას, მე ამას ძალიან დიდი ირონიით შევხედე. ნებისმიერ ჟურნალისტს აქვს უფლება, დაწეროს ის, რაც მას სურს (ეს არ ეხება მხოლოდ თქვენს გაზეთს), მაგრამ ცუდია, როდესაც სტატია ადამიანის მიმართ (თანამდებობის პირზე არ არის საუბარი) არის შეურაცხმყოფელი, ან არ არის გადამოწმებული, ან არის ერთ წყაროზე დაყრდნობით და სხვა წყაროსთან არ არის გადამოწმებული. მითუმეტეს, თუ ეს ადამიანი არის პოლიტიკური ლიდერი, შეიძლება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს, ამიტომ განსაკუთრებული ვალდებულება არსებობს ჟურნალისტის, რომ ფაქტი გადაამოწმოს (ჭკუას კი არ ვარიგებ ვინმეს, უბრალოდ, მე ასე გავაკეთებდი). მისი მხრიდან ეს იყო ყველა სახის პროფესიული სტანდარტის დარღვევა.

- ჟურნალისტმა ფაქტის გადამოწმება სცადა თქვენთან და ქალბატონ ზეკო ხაჩიძეს დაურეკა.

- ფაქტი არ არსებობდა! ეს პირველი. მეორეც - ეს იყო ყურით მოთრეული, სპეციალურად გავრცელებული ჭორი! ვინ აიტაცებდა და ვინ არ აიტაცებდა, ამაზე არ დავიწყებ ახლა დავას, მაგრამ, ნუ, გავრცელდა იქ, სადაც გავრცელდა.

 მე ამაზე არანაირი რეაგირება არ მქონია, ხომ დამეთანხმებით. მაგრამ გეუბნებით: როდესაც ადამიანს ვაყენებთ შეურაცხყოფას, და როდესაც ამის ფაქტი არ არსებობს და როდესაც ეს არის უარგუმენტოდ გაკეთებული და გამოძიებაჩაუტარებელი მასალა... ამ შემთხვევაში ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა პროფესიული სტანდარტების წინაშე.

თუმცა ამას ყველაფერს მე შევხედე ირონიით, ჩემზე არაერთხელ გავრცელდა ჭორი და, საბედნიეროდ, ეს ჭორი ისევ და ისევ საქმიდან და ამ ქალაქის და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარეა...

- ერთი ჭორი მაინც მითხარით...

- რას ლაპარაკობთ! ჩემზე რა ინფორმაციები არ ვრცელდება! აგერ, თქვენს გაზეთშიც ხომ იყო ერთი კონკრეტული ტყუილი. კი, ბატონო, ჩემზე რაც უნდათ, ის თქვან და წერონ, მე ამას ღიმილით და ირონიით ვუყურებ, მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ: ნუთუ ამ ხალხს უყვარს საკუთარი ქალაქი და საკუთარი რეგიონი?

- ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, ზოგსაც აშფოთებს...

- ვის აშფოთებს?

- რა ვიცი ახლა, არის ხალხი, რომელსაც აშფოთებს, ზოგს აინტერესებს, ზოგს სწყინს, ზოგს უხარია და ზოგსაც ეიმედება. მოკლედ, 7 ივნისი მოდის...

- რამ შეაშფოთა, რა არის შესაშფოთებელი? მე მეგონა, ქალბატონო ნანული, ჩვენს ინტერვიუში 26 მაისთან დაკავშირებით ვილაპარაკებდით ბევრს და თურმე...

- 26 მაისზე ხომ ბევრი დავწერეთ, ის უკვე წავიდა. მოდით, ახლა მომავალზე ვილაპარაკოთ. თქვენ, როგორც გუბერნატორი და, ამასთან, რეგიონის პოლიტიკური ლიდერი, მისცემთ საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა განახორციელონ კანონის ფარგლებში?

- ჩვენ ყველა დემოკრატიულ პროცესს ვუწყობთ ხელს და შევუწყობთ მომავალში. მე ნამდვილად მესიამოვნებოდა, რომ 26 მაისზე გვესაუბრა. იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი დღე, ეს იყო მთელი ეპოქა. მინდა ჩემი შეფასება გავაკეთო: 26 მაისი - ეს იყო ეპოქალური დღე არა მარტო ქუთაისის, მთელი რეგიონისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეს ძალიან სწორად შეაფასებს ჩვენი შთამომავლობა. მოხდა ისტორიული ფაქტი - პარლამენტის ახალი შენობა გაიხსნა. ის ოქტომბერში მთლიანად დამთავრდება, მინდა ყველამ კარგად გაიგოს: ოქტომბერში დამთავრდება და ქუთაისში დაიდებს ბინას პარლამენტი. და, რაც ყველაზე მთავარია, როგორც შევპირდით მოსახლეობას: სექტემბერში ჩვენ ამ ქალაქს დავადგამთ ყველაზე დიდ ღირსებას - ეს არის ბაგრატის ტაძარი. ხომ არავის სჯერა, რომ დამთავრდება? აი, ვნახოთ! სექტემბერში ეს კომპლექსი დამთავრდება - ბევრ სხვა პროექტთან ერთად... ეს ნიშნავს ერთ რამეს: ეს ნიშნავს, აი, ამ ქალაქის მკაფიოდ ჩამოყალიბებას მისი მომავლისთვის! ამ ქალაქის მომავალი არის მკაფიო, ნათელი, არსებობს პერსპექტივები, პრობლემებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა:

გუშინ რაც იყო, დღეს ის ქალაქი აღარ არის და ხვალინდელი ქალაქი იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღესაა.

- რაც შეეხება 7 ივნისს და „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას...

- რაც შეეხება 7 ივნისს, მე „შეშფოთებული“ ხალხი ქუთაისში ჯერ არ მინახავს. ჩვენ ხელს შევუწყობთ „ქართულ ოცნებას“, რომ მან ეს აქცია ჩაატაროს. მაგრამ ცენტრალურ მოედანზე, სადაც მათ სურთ ამ აქციის გამართვა, ეს ვერ მოხერხდება, რადგან ჯერ კიდევ 25 მაისიდან ვაცხადებთ (აგერ სატელევიზიო რეკლამებიც ტრიალებს, რამდენი ხანია), რომ აქ პირველი ივნისიდან, მთელი თვე, დიდი თეატრალური ფესტივალი იმართება. ჩვენ მათ ვთავაზობთ დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე მოედანს.

- გმადლობთ ინტერვიუსათვის.

 

P.S. საგაზეთო ფორმატიდან გამომდინარე, ინტერვიუ იბეჭდება შემოკლებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია