დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გაუსწრო „მარიმ“ „მერსედესს“ 30 წლით
2009/07/22 15:09:45

ვახტანგ დვალიშვილი წლების განმავლობაში ქუთაისის მთავარი მხატვარი იყო. მართალია, არქიტექტურის ფაკულტეტი დაასრულა, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ, კომუნისტების დროს, არქიტექტურაში უძრაობის ხანა იდგა და მხოლოდ სტანდარტული შენობები იგებოდა, მან უფრო შემოქმედებითი გზა აირჩია - ქალაქს ფერებს ოცი წლის მანძილზე ურჩევდა. და არა მარტო ფერებს, იმასაც წინასწარ ადგენდა, როგორი უნდა ყოფილიყო დაგეგმილი ღონისძიებები, მცირე აქიტექტურაც მის განკარგულებაში იყო. თუმცა, ეს მისი ერთადერთი საქმიანობა არ ყოფილა. ვახტანგ დვალიშვილი მანქანის დიზაინითაცაა გატაცებული.

 

ამ გატაცებას დიდი ხნის ისტორია აქვს. კონკრეტულად როდიდან დაიწყო, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობდა სახლისა და სამსახურის პირობებში. 20 წლის წინ მან საავტომობილო და სატრაქტორო ქარხანას თავისი დიზაინით დამზადებული ავტომობილები შესთავაზა.

ვახტანგ დვალიშვილი: „გავაკეთე ახალი „კოლხიდა“, და კიდევ სატრაქტორო ქარხანას უნიფიცირებული ავტომობილი წარვუდგინე. ეს იყო ბულდოზერი, ამავე დროს - სატვირთო მანქანაც და ავტობუსიც.“

როცა ეს მოდელები მაშინდელმა ქვეყნის მმართველმა, ედუარდ შევარდნაძემ ნახა, მარტივი და ლოგიკური კითხვა სახალხოდ დასვა: რა ვუყოთ ამ კაცს?

რას უზამდნენ: ვახტანგ დვალიშვილს არ გაუმართლა, მისი გამომგონებლობის პერიოდი საქართველოში ნგრევის პერიოდს დაემთხვა. ბედისწერამ ასე ინება და მის გამოგონებებს დიდი გასაქანი არ მიეცა, ეს მოდელები განუხორციელებელი დარჩა.

„სამჯერ მოვიარე ევროპა საკუთარი მანქანებით, ბოლოს საფრანგეთში ვიყავით. შემეძლო, იქ „რენოსა“ და „პეჟოს“ ფირმის ქარხნებში შემევლო და ჩემი დიზაინი შემეთავაზებინა მათთვის. თან როცა შენს მიერ შექმნილი მანქანით მიდიხარ, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, იქ დავრჩენილიყავი კიდეც, ჩემი პროფესია ძალიან ძვირადღირებულია. ვერ თუ არ მივედი... ვფიქრობდი, რომ ჩემს ქალაქს ვჭირდები, რომ აუცილებლად აღსდგებოდა ავტოქარხანა და ჩემი იდეების განხორციელებას აქაც შევძლებდი. არადა,   რა   მოხდებოდა,   რომ   დავრჩენილიყავი?  არც  არაფერი.“

მის კოლექციაში შვიდი ავტომობილია, თუმცა, ამჟამად მწყობრში არცერთი არ არის. ვახტანგ დვალიშვილი ამ ავტომობილების აღდგენას და გაყიდვას აპირებს.

„ზოგიერთზე ექსკლუზივი მაქვს, ზოგიც უნდა დაპატენტდეს და ისე უნდა დაიდოს ინტერნეტში“.

ვახტანგ დვალიშვილის ყველა მანქანას მისი ქალიშვილის სახელი ჰქვია - „მარი“.

„იცით, ალბათ, მერსედესს როგორ დაერქვა ეს სახელი, მისმა შემქმნელმა იმ ადამიანის ქალიშვილის სახელი დაარქვა, რომელმაც 200-მდე მანქანა გაუყიდა. მე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სახელი დავარქვი ჩემს მანქანებს.“

მის შემოქმედებაში არის ერთი დეტალიც, ძალიან საინტერესო და საკმაოდ მნიშვნელოვანი.

„იცით, ალბათ, მერსედესის 2007 წლის გამოშვებები. მსგავსი მოდელები მე ოცდაათი წლის წინ შევქმენი.“

ამას მერსედესის 2007 წლის გამოშვებული ავტომობილისა და მის მიერ შექმნილი „მარი 1977“-ის, „მარი 1982-ის“  და     „მარი 1987“-ის ფოტოები ადასტურებს.

„ეს ფაქტი ძალიან მინდა იმათ გაიგონ, ვინც 30 წლის წინ იცოდა, მანქანების დიზაინზე რომ ვმუშაობდი და ჩემს იდეებს სკეპტიკურად უყურებდნენ“.

ვახტანგ დვალიშვილი, დღესდღეობით, ავტომობილების გარდა სხვა ბევრი მიმართულებითაც მუშაობს: ფასადების რეკონსტრუქცია, მცირე არქიტექტურა, მოსაცდელები, ღია კაფეები, ცენტრის რეკონსტრუქცია. 

ვახტანგ დვალიშვილი წელს, 20 აგვისტოს, 60 წლის ხდება. სურს, თავისი იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნოს, ეს განსაკუთრებული ფორმა უკვე მოიფიქრა.

„მინდა, აგვისტოში ქალაქის ბულვარში მოვაწყო ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კვირეული. სასმელებს ჩემს მიერ დამზადებული აპარატები ჩამოასხამს, მექნება სხვა ჩემი ნამუშევრების გამოფენაც.“

ოცნებები ხდება... აგვისტოს ოცნება იოლად ასასრულებელია, აი, „მარის“ კი მართლაც სჭირდება გზა!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია