საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნოდარ ებანოიძე: „ვფიქრობ, ხარაგაულის თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს!“
ნოდარ ებანოიძე: „ვფიქრობ, ხარაგაულის თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს!“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 797
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

 ინტერვიუ ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან

 

 

ხარაგაულს კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. როგორც ამბობენ, ნოდარ ებანოიძის პროფესიონალიზმი ხშირად გამოუყენებელ რესურსად რჩება და ამით მუნიციპალიტეტი ზარალდება. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ, რომლის პასუხებსაც ქვემოთ იხილავთ.

- როგორ შეაფასებდით, ბატონო ნოდარ, „ოცნების“ გამარჯვების შემდგომ პერიოდს ხარაგაულში?

 

- ვფიქრობ, ბოლო 2 წელი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი პერიოდი იყო ხარაგაულისათვის. მართლაც, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, მოასფალტდა წყალაფორეთის გზა; ფარცხნალის, კიცხი-ხიდარის ტერიტორიული ერთეულების გზები დასრულდება ზაფხულში; დასრულდა სპორტის სასახლის მშენებლობა და იგი სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით; განხორციელდა სოფელ ღორეშის მრავალფუნქციური შენობისა და ხარაგაულის კინოთეატრის სრული რეაბილიტაცია; ხორციელდება გაზიფიკაცია, სოფელ მაქათუბანთან გაკეთდა ხიდი მდინარე ძირულაზე; სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში იქნა გადაცემული სოფელ ბორითში მდებარე შენობა, რომელსაც გაუკეთდა სრული რეაბილიტაცია და ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.  აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღის შენობა, რეაბილიტაცია  გაუკეთდა დაბა ხარაგაულის ბაგა-ბაღს და მთლიანი სკოლამდელი აღზრდის სისტემა აღიჭურვა ინვენტარით და სათამაშოებით.

 

- კიდევ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება იგეგმება სამომავლოდ?

 

- მიმდინარე წელს დაპროექტდა და იწყება: სოფელ ბაზალეთის საავტომობილო გზის ასფალტირება; კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია; ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის გადასაცემად განსაზღვრული შენობის რეაბილიტაცია; ზვარის მოსწავლეთა ბანაკის მშენებლობა; ბორითი-ღორეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფლის პროგრამის  ფარგლებში განხორციელდა რიგი პროექტები. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ამბულატორიის ახალი შენობა. იგეგმება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა (თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია). მიმდინარე წელს დამატებით განსაზღვრულია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება.

 

- არაერთხელ გითქვამთ, რომ არასწორად იხარჯება თანხები მუნიციპალიტეტში. სოციალურ ქსელებშიც არაერთი ხარაგაულელი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსების სიჭარბეა მუნიციპალიტეტშ. რას იტყოდით ამ საკითხზე?

 

- არამხოლოდ ხარაგაულზე! ვთვლი, რომ ადგილებზე ბევრი გამოუყენებელი რეზერვებია აუთვისებელი. კარგი მენეჯმენტის პირობებში სერიოზული შედეგები შეიძლება გვქონდეს. რაც ადგილებზე კეთდება, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება და საკუთარი  სახსრების დიდი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯებია, რაც დაუშვებელია. ხარაგაულთან დაკავშირებით, რაც გაკეთებული საქმეები ჩამოვთვალე, მთლიანად დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებშია გაკეთებული, ანუ ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით. მიმდინარე წელს ხარაგაულს საკუთარ, თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტში (რომელიც თითქმის 7 მილიონის ფარგლებში იყო) მხოლოდ 40 ათასი ლარი კაპიტალური ხარჯია გათვალისწინებული. ეს კატასტროფაა. ამაზე ვსაუბრობ და მკვეთრი პოზიცია მექნება მანამ, სანამდე არ მივაღწევთ იმას, რომ ეფექტურად იხარჯებოდეს საბიუჯეტო თანხები. დრო მოვა და ამ პრობლემებზე რეაგირება იქნება. ვფიქრობ, ხარაგაულის თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს და ჩემს პოზიციას ყველგან ხმამაღლა ვაფიქსირებ.

 

- ბატონო ნოდარ, უსაშველოდ დიდი თანხით აფინანსებს მუნიციპალიტეტი გაზეთს (პირდაპირი მიყიდვის წესით, ალბათ). როგორც ვიცი, ამით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონიც ირღვევა და ამასთანავე, ცნობილია, რომ თვითმმართველობას არ აქვს მედიაპროდუქტის გამოშვების უფლება...  „კარის გაზეთის“ შექმნის სურვილი იყო საჩხერეშიც, სადაც ჩემი აქტიურობის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე 5-ჯერ გატანილი და დამტკიცებული საკითხი „ჩავარდა“ და ბეჭდური მომსახურება ტენდერზე გაიტანეს. რას იტყოდით ხარაგაულის თვითმმართველობის მედიაპროდუქტზე?

 

-  ხარაგაულში ე.წ. მუნიციპალური გაზეთის დაფინანსებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ვაპროტესტებდი. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ  2010 წლის 15 000 ლარიდან წლიური დაფინანსება  2015 წელს 40 000 ლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონის დარღვევასთანაც და უაზრო ხარჯის გაწევასთანაც. ორი წლის წინ აუდიტის სამსახურმა მიუთითა ამ მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ადგილობრივი  ხელისუფლების ქმედება ძალიან ჰგავს ნარკომანის ქმედებას, რომელსაც ურჩევენ გამოიჩინოს სიფრთხილე, ის კი ჯიუტად  მძიმე შედეგებს უახლოვდება.

 

- არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ადამიანმა პრივატულ საუბარში  ხარაგაულის სანერგის შესახებ მიამბო. მისი აზრით, ეს სანერგე დარღვევით არის შექმნილი და უაზროდ კიდევ ერთხელ დაიფანტა მუნიციპალური სახსრები. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი? ვფიქრობ, რომ სანერგის არსებობა გამართლებულია, ჩვენ ბევრგან გვესაჭიროება ნერგი, სხვა თუ არაფერი, თბილისის თვითმმართველობა მილიონი ხის დარგვას დაგვპირდა...

 

- სანერგე მეურნეობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, შესაბამისი მასალები არ მაქვს, რომ  ზუსტი მოსაზრება გამოვთქვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ბევრი გაუმართლებელი პროექტები ფინანსდება და სწორი  მონიტორინგი ბევრ პრობლემას წარმოაჩენს. ზედაპირული ინფორმაციით კონკრეტული მოსაზრებების თქმა, ბუნებრივია, არ შემიძლია.

 

- როგორი მდგომარეობაა ჯანდაცვის თვალსაზრისით ხარაგაულში?

 

- უმძიმესი მდგომარეობა იყო, თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ახლახან ამბულატორიის ახალი შენობა გაიხსნა და წელს იგეგმება ახალი საავადმყოფოს აშენებაც, რომლის თანხაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ვფიქრობ, კარგი მენეჯმენტის პირობებში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.

 

- რომელი პროექტი იქნება მუნიციპალიტეტში „სისხლის გადასხმის“ ტოლფასი?

 

- ეფექტური მმართველობა ყველაზე საშურია. გასაკეთებელია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია და შესაბამისად დაგეგმვა. მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია რამდენიმე, თუნდაც, მცირე ინვესტიცია და სამუშაო ადგილების შექმნა. მომავალი წლიდან იგეგმება ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის დაწყება. პროექტი დიდბიუჯეტიანი იქნება. აქედან გამომდინარე, იგი ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან აქტივობებს გამოიწვევს.

 

- ამბობენ, რომ ხარაგაულის მაჟრიტარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრია ფინანსურ საკითხებში. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ შემთხვევით და ლარის კურსზე დაგეკითხებით...

 

- საქართველოს წინაშე მდგომ ურთულეს პრობლემებს დაემატა ეკონომიკური პრობლემები: რეგიონის გაღარიბება, ამერიკის ფედერალური სისტემის  სტრატეგიის ცვლილებების შედეგად  დოლართან სხვა ვალუტების გაუფასურება, რუსეთ-უკრაინის ომი (რომელმაც ექსპორტისა და გადმორიცხვების შემცირება გამოიწვია). არსებული რეალობა მთავრობას უბიძგებს ოპერატიული მოქმედებისაკენ. ვფიქრობ, დაგეგმილი ქმედებები შედეგს გამოიღებს და მდგომარეობა შეიცვლება.

 

- ხშირად საუბრობენ „ეკონომიკის ამოქოქვაზე“, სოფლის მეურნეობის რეფორმებზე, კოოპერირებაზე. ისევ სოციალური ქსელიდან ამოკითხულ პრეტენზიას გაგაცნობთ: ხარაგაულის გამგებელი არაფერს აკეთებს კოოპერირებისათვის, რაც აისახება იმაში, რომ მუნიციპალიტეტში არცერთი ასეთი გაერთიანება არ არსებობსო. ბუნებრივია, რომ ეს გამგებლის  კომპეტენციაში არ შედის და თქვენ რას იტყვით ამ საკითხზე?

 

- გამგებელი და დეპუტატი, ბუნებრივია, ვერც კოოპერატივს გაახსნევინებს ვინმეს და ვერც რაიმე სახის საწარმოს, თუმცა სახელმწიფოს და თვითმმართველობის ვალია, აქტიურად მიაწოდოს მოსახლეობას საკანონმდებლო სიახლეები და პოპულარიზაცია გაუწიოს საჭირო პროექტებს. ვერ ვიტყვი, რომელი სამსახური როგორ მუშაობს, თუმცა შედეგები რომ არაა, ფაქტია. ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება. მე ხარაგაულელებმა პარლამენტის წევრად ამირჩიეს და პასუხიც იმაზე უნდა მომთხოვონ, როგორ ვასრულებ ამ მოვალეობას. წლის განმავლობაში ვგეგმავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის ხარაგაულში მოწვევას და თქვენ დასმულ და სხვა საკითხებზე მათი არგუმენტების მოსმენას. ბოლო დროის დადებითი სიმპტომები (ბიუჯეტის პარამეტრების შესრულება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ა.შ.) ოპტიმიზმის საფუძველს ზრდის. თუმცა, რეალური შედეგების მიღება საჭიროებს კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ადგილებზეც!

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია