დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში არსებული მწვანე საფარი საგანგაშო ნიშნულამდეა დასული
ქუთაისში არსებული მწვანე საფარი საგანგაშო ნიშნულამდეა დასული
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 4162
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

მოიჭრება  თუ არა ქუთაისში  წითელ წიგნში  შესული  ჭადრები?

 

საერთაშორისო სტანდარტებით, ქუთაისში ერთ სულ მოსახლეზე 25 კვ. მეტრი გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისში არსებული მდგომარეობა  საგანგაშო ნიშნულს აღწევს. გაანგარიშებით დადგინდა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 11 კვ.მეტრი ფართობი მწვანე საფარი მოდის. რასაც არცთუ მცირე რაოდენობის ავტომობილთა გამონაბოლქვი ემატება, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

 

ქუთაისში არსებული გამწვანება, დაახლოებით, 60-70 წლის  არის, მას შემდეგ კი ქალაქის მწვანე ზოლი  არ გაზრდილა, რაც მძიმედ აისახება როგორც  ჰაერზე, ასევე კლიმატზე.

 

არახალია, რომ გამწვანებას, ესთეტიურობასთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ  ქალაქის გამწვანების დაგეგმვა  დიზაინერ-არქიტექტორის მითითებებით მოხდეს. 

 

ქუთაისში არ არსებობს გამწვანების შესაბამისი სამსახური. ქალაქის გამწვანების ღონისძიება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გაზონების გათიბვითა და მცენარეების დარგვით შემოიფარგლება.

 

 

წელს მერიის მიერ გამოცხადებულ 282 384 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა ორგანიზაციამ „ქალაქსერვისი“, რომელიც სამუშაოებს 225 875 ლარად შეასრულებს. ხელშეკრულების პირობებით ორგანიზაციამ მთელი წლის განმავლობაში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა უნდა უზრუნველყოს.


მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით 45 000 ძირი ყვავილი და 1500 ხე-მცენარე დაირგვება. ბასილაძის განცხადებით, ყვავილების დარგვა ორმაისობისთვის დასრულდება. მრავალწლოვანი მცენარეებიდან,  700 იქნება ხე, 500 კი ვარდი. შესრულებულ სამუშაოებს მერია წლის ბოლოს ჩაიბარებს.

 

„ქალაქსერვისს“ უკვე აქვს ქალაქში მუშაობის გამოცდილება. აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, შადრევნების ექსპლუატაციასაც ხელმძღვანელობდა.

 

გამწვანების საკითხი უმნიშვნელო რომ  იყო ქალაქში, ისიც მოწმობს, წინა წლებში ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გორის ფირმამ რომ გაიმარჯვა.

 

როგორც მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქუთაისის გამწვანების საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მერიის 2014-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც.

ქალაქგანვითარების გეგმა მერიის ეკონომიკის სამსახურის ინიციატივით და მერის მოვალეობის შემსრულებლის მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რაც პროექტში   წამყვან ადგილს იკავებს, მათ შორის არის ქუჩების გამწვანება. ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ქალაქში, მწვანე საფარის მხრივ, არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ვერც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

„ჩვენი ქალაქი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის ხელმომწერი ქალაქების მერების შეთანხმების კონცეფციით გათვალისწინებული. ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.  ევროკავშირში წარვადგინეთ მილიონიანი პროექტი, რომლის საგრანტო მოთხოვნაში ამ მიმართულების განვითარებაზე კეთდება აქცენტი.  მაგალითად: ბოტანიკური ბაღის მოვლა, ასევე ვფიქრობთ ახალი ტყე-პარკის შექმნას. თუმცა, ჯერ არ ვიცით ზუსტი ადგილი, სად შეიქმნება პარკი. არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში არსებული  ჭადრები, რომლებიც ალერგიულ ფონს ქმნიან, უფრო ადაპტირებული ხეებით შეიცვალოს, რომელთაც უკეთესი ვიზუალური მხარეც ექნებათ. ასევე მოეწყობა სანაშენე მეურნეობა, სადაც გამოყვანილი მცენარეებით  არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ სხვა ქალაქებსაც მოვამარაგებთ. არ გამოვრიცხავთ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურიც ჩამოყალიბდეს,“ - აღნიშნა ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭრელაშვილმა.

 

გამწვანების სამსახურის   ჩამოყალიბების მნიშვნელობის აუცილებლობაზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი გიორგი შავგულიძე. შავგულიძე გამწვანების აიპის შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები დასაქმდებიან.

 

 გიორგი შავგულიძე: „ჩვენ გვაქვს პრეტენზია მეორე დედაქალაქობაზე, ამ დროს კი მწვანე საფარი სავალალო მდგომარეობაშია. როგორ გავხდებით ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი, როდესაც მოუწესრიგებელი მწვანე საფარი გვაქვს. მუხრანის უნიკალური ტყე-პარკი რა მდგომარეობაშია? სამწუხაროა, რომ სავარდო და სამაისოდ წოდებულ ქალაქში ერთ ვარდსაც ვერ ნახავთ. გამწვანება უნდა იყოს ერთიან სისტემაში მოყვანილი, არ უნდა ცხადდებოდეს ტენდერი და შემთხვევითმა პირებმა არ უნდა გაიმარჯვონ, რომლებიც ნორმების დარღვევით ახდენენ ხეების გადაბელვას. ნაცვლად 45-გრადუსიანი დახრილობისა, ტოტებს ჰორიზონტალურად ჭრიან, რაც აზიანებს მათ. ამიტომ უნდა შეიქმნას გამწვანების აიპი, სადაც დასაქმებული პროფესიონალი კადრები იზრუნებენ ქალაქის მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე“.

 

გამწვანების აიპის ჩამოყალიბებით პრობლემის მოგვარებას ვერ ხედავს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მალხაზ ბასილაძის განცხადებით, აიპის შექმნა გამოსავალი არ არის, ეს საკითხი,  ფინანსებთან ერთად, სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. ვინაიდან აიპსაც მოუწევს ტენდერში მონაწილეობა, არაა გამორიცხული, რომ ვერ გაიმარჯვოს. ამ  შემთხვევაში კი ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი საშტატო ერთეული მძიმე ტვირთად დააწვება. თუმცა ბასილაძე აიპის დადებით მხარეზეც საუბრობს. მისი განცხადებით, აიპი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდება, რაც ზედმიწევნით მონიტორინგს გაუწევს ქალაქში არსებულ მწვანე საფარს.

რა მდგომარეობაა რეალურად და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქალაქის მასშტაბით, ამის შესახებ სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

 

რამაზ კილაძე, (წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი):  „კვლევებით დადგინდა, რომ გამწვანებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალაქებისთვის.  ქალაქის ჰაერი ჭუჭყიანდება საწარმოების ნარჩენი პროდუქტებით,  ავტომობილების გამონაბოლქვით, რაც ცვლის ტემპერატურის ტენიანობის რეჟიმს, ეს ყველაფერი ერთად კი ცუდად აისახება ჰაერის შემადგენლობაზე. ამიტომ აუცილებელია მწვანე საფარი. მწვანე ნარგავები ასუფთავებენ ქალაქებს ქიმიურად, ასევე ფიზიკურად, რაც გულისხმობს იმას, რომ  მტვერს მცენარე იჭერს,  რაც წვიმის დროს ჩამოირეცხება. ხეები არეგულირებენ ტემპერატურას ზამთარში და ზაფხულში.  მნიშვნელოვანია, ხეების მოვლაზე სპეციალისტებმა იზრუნონ.

 

იმ სამსახურში, რაც ახლა არსებობს, არცერთი კადრი არ არის კვალიფიციური, მათ არ იციან სწორად,  როგორ იზრუნონ მწვანე საფარზე. როგორ უნდა გაისხლას ხეები. რაც დღეს ხდება ქუთაისში, დანაშაულია იმ ცოცხალი ორგანიზმების წინაშე, რასაც ხეები და ყვავილები ჰქვია. არ ირწყვება მცენარეები, არ უფხვიერდებათ ნიადაგი, ხეების გადაბელვა საერთოდ ნორმების დარღვევით ხდება.


რაც შეეხება ჭადრებს, ყოვლად მიუღებელია მათი სხვა ხეებით ჩანაცვლება, რაზედაც საუბარი მიმდინარეობს, რადგან დამტკიცებულია, რომ ჭადარი არის ერთ-ერთი იმ მცენარეთაგანი, რომელიც ქალაქის პირობებს ყველაზე კარგად ეგუება. ის არგუმენტი, რომ ალერგენტია, არ არის საკმარისი მიზეზი, რადგან სწორად გადაბელვის შემთხვევაში, ხეები ნაყოფს არ იძლევიან და ნაკლებ ალერგენტები ხდებიან. ასევე, ის მიზეზი, რომ ჭადარს მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, არაა მართებული. შეიძლება მისი ფესვების ჩაჭრა, რაც აღარ დააზიანებს ტროტუარებს. სამაგიეროდ, ბევრი კარგი თვისება აქვს, ამიტომ მათი გაქრობა ქალაქიდან მიუღებელია. საბედნიეროდ, ქალაქში არიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომელთა ცოდნის და ნაშრომების გამოყენება უნდა ხდებოდეს, მაგრამ ათეული წლებია, ქალაქში მწვანე საფარი არ განახლებულა, თუ არ ჩავთვლით აღმაშენებლის გამზირზე დარგულ ხეებს, რომლებიც ასევე არ შეესაბამება გარემოს. ეკოლოგიური განათლებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მწვანე საფარსაც დავკარგავთ, რაც დღეს ქუთაისში არის.“

 

გამწვანების მხრივ, ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს დეკორატორი ნემო კაკუშაძე. რომელიც ათეული წლებია ამ სფეროს ემსახურება. მისი რეკომენდაციებით არის მოწყობილი ქალაქში მდებარე თითქმის ყველა სკვერი და ბაღი.

 

ნემო კაკუშაძეს ამჯერად საკუთარი სანაშენე მეურნეობა აქვს, სადაც მრავალი სახეობის ყვავილი და ხე-მცენარე გამოჰყავს. თუმცა, ქალაქის პირობებში მცენარეების რეალიზაცია არ ხდება.

 „მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არა მხოლოდ ხეების დარგვაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არამედ   მათ გახარებაზე, რადგან, როგორც წესი, ესეთი კომპანიები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე. მხოლოდ ხის დარგვა არ ნიშნავს, რომ სამუშაო შესრულებულია, მას სჭირდება მოვლა, რომ გაიხაროს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება.

 

 ქალაქში არსებული მწვანე საფარი სავალალო მდგომარეობაშია, აუცილებელია სკვერების მოწყობა, ტყე-პარკის გაკეთება, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ ადგილთა უმეტესობა, სადაც სკვერებია, გასხვისებულია, რაც მდგომარეობას ართულებს. კეთილი ნებაა საჭირო, რომ მოხდეს მცენარეების მასშტაბური და დროული დარგვა,“ - განაცხადა დეკორატორმა ნემო კაკუშაძემ.

 

ლანდშაპტის დეკორატორმა ჭადრების შესაძლო მოჭრაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დაუშვებელია  ჭადრების მასშტაბურად მოჭრა, ვინაიდან თავისი უნიკალურობის გამო, ჭადარი „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია