საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
წყალტუბოში „სტალინური“ ეპოქის ნაგებობებს შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოთ
წყალტუბოში „სტალინური“ ეპოქის ნაგებობებს შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოთ
სულ ნანახია 241
ავტორი:

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, მე-20 საუკუნის “სტალინური“ ეპოქის ნაგებობები აღწერა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

 

„უწყების მიერ აღიწერა მე-20 საუკუნის „სტალინური“ ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც თავის დროზე უნიკალურ, ერთიან კომპლექსს ქმნიდა. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში, რომელსაც წყალტუბოს თვითმმართველობის ინიციატივითვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს. მნიშვნელოვანწილად, გენერალური გეგმის ახალი დოკუმენტი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილ პოტენციალს დაეყრდნობა, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ 14 მონუმენტურ ნაგებობაზე უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით, რაც შემდგომში შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესის ბაზისი გახდება. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პროცედურების გავლას სააგენტო უახლოეს 2 თვის განმავლობაში გეგმავს.

 

 

ცნობები წარსულიდან...

კურორტი წყალტუბოს შენება 1926 წ. დაიწყო. 1936 წ. განაშენიანების პირველი პროექტი შედგა, 1950-51 წლებში კი შემუშავდა გენერალური გეგმა, რომლის ავტორები იყვნენ არქეიტექტორები ი. ზაალიშვილი და ვ. კედია. გენგეგმა წრიულობის პრინციპზე იყო აგებული და დაყოფილი იყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. ამ დაგეგმარებით ქალაქის ცენტრალური ნაწილია სამკურნალო წყაროების ტერიტორია, რომელიც გამოიყო დანარჩენი ნაწილისგან და გაკეთდა პარკი. ამავე პარკში მოწეყო 9 აბაზანა. პარკის ირგვლივ კი დაიგეგმა და სხვადასხვა პერიოდში აშენდა 18 სანატორიუმი, რომლებიც ამ ქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით დაპროექტდა. ამ სანატორიუმებიდან XX ს. ბოლოს ერთი ნაწილი დაინგრა, მეორე ნაწილი კი ისე გაპარტახდა, რომ თავისი მახასიათებლები დაკარგა. სანატორიუმების უდიდეს ნაწილში დღეს აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. შენობების ინტერიერი თითქმის სრულადაა გადაკეთებული. მიუხედავად ცვლილებებისა, ნაგებობების ფასადებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული ძირითადი მახასიათებლები და, რეაბილიტაციის შემთხვევაში, სრულად დაიბრუნებენ თავდაპირველ იერსახეს. სანატორიუმების ერთი ნაწილი დღეს კერძო მფლობელობაშია, უდიდესი ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზე.

 

****

წყალტუბოს „სტალინური“ ეპოქის შენობები კლასიკური არქიტექტურის სტილშია გადაწყვეტილი, რომაული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით.

ეს შენობები გამორჩეულია თავისი მონუმენტურობითა და მდიდრული მხატვრული დეკორით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შენობათა მორთულობაში ხშირია ქართული დეკორატიული ელემენტები. უმრავლეს შემთხვევაში ქართული შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეკორი.

ამ მახასიათებელებით წყალტუბოს „სტალინური“ პერიოდის არქიტექტურა წარმოადგენს კლასიკური არქიტექტურული ფორმებისა და ქართული ნაციონალური დეკორის სინთეზს, რაც მის უნიკალობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ნაგებობების ინტერიერებში გამოყენებულია ძირითადად მარმარილოს იმიტაცია. შენობების ფასადის ქვედა ნაწილი, როგორც წესი, მოპირკეთებულია გრანიტის მასიური, ფლეთილი კვადრებით. ფასადები უხავდაა შემკული კოლონადებითა და კამარებით, რაც მათ, მიუხედავად მონუმენტური ზომებისა, ჰაეროვნებას ანიჭებს. გარდა ამისა შენობებს გააჩნიათ ქართული დეკორის ან კლასიკური დეკორის ბალუსტრადებით შემკული ტერასები და აივნები.

წყალტუბოს პარკები თავისი დაგეგმარებით, მცენარეული საფარითა და საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებით (ხიდები, საირიგაციო სისტემები) ასევე წარმოადგენს ერთიან უნიკალურ კულტურულ ძეგლს, რომელიც ამ ქალაქს განუმეორებელ იერსახეს უზრუნველყოფს.

 

მოამზადა ტატა გულბანმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია