დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების სამინისტრომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად ქუთაისელი კადრი ვერ შეარჩია
განათლების სამინისტრომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად ქუთაისელი კადრი ვერ შეარჩია
ავტორი: მარი პატარაია
სულ ნანახია 2129
ავტორი:
მარი პატარაია

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მეორედ  გამოცხადებულ კონკურსში განათლების სამინისტრომ „მეოცნებე“ სამტრედიელზე, შევარდნაძისდროინდელ  განათლების განყოფილების  გამგეზე,  ბადრი ვაშაკიძეზე შეაჩერა არჩევანი. 


კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა აპლიკაციები შეიტანეს, რის შემდეგაც გაიმართა ელექტრონული ტესტირება, სადაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 60 ქულა იყო. კონკურსში სულ 60 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ეტაპის შედეგად მათგან მხოლოდ 12 კანდიდატი შეირჩა, რომლებმაც კომისიის წევრებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიარეს.


როგორც ჩანს, კონკურსის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა ბადრი ვაშაკიძემ, რომელიც, სავარაუდოდ, ამ პოსტზე  ერთადერთი მონაწილე იყო რაიონიდან.


გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ კონკურსის რამდენიმე ქუთაისელ მონაწილეს გაესაუბრა. ისინი შედეგების გაპროტესტებას არ აპირებენ, თუმცა, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად  ადგილობრივი კადრის შერჩევა უმჯობესი იქნებოდა.


კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს, მე-7 სკოლის დირექტორს, ენდი ნემსიწვერიძეს კონკურსის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გაიმარჯვა კონკურსში სამტრედიელმა კანდიდატმა. „გაკვირვებული დავრჩი იმის გამო, რომ ქუთაისელი არ დაინიშნა ამ პოსტზე. რაღაც სიცარიელე დამრჩა და თითქოს შეურაცყოფილიც კი ვიყავი, ეს ამბავი რომ გავიგე. ნუთუ ქუთაისში ერთი კაცი არ მოიძებნა ისეთი, განათლების სფეროს რომ ჩადგომოდა სათავეში, ჩემთვის გაუგებარია, 60 წლის ადამიანმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამხდარიყო. ალბათ, ჰქონდა რაღაც იმედი, რომ გაიმარჯვებდა,“ - ამბობს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე.


კომისიის შედეგების გასაჩივრებას არ აპირებს არც 30-ე სკოლის დირექტორი, თუმცა, ის კომისიის წევრებზე ვინმეს მხრიდან ზეგავლენას არ გამორიცხავს. „არ ვაპირებ გავასაჩივრო, რადგან ვთვლი, რომ აზრი არ აქვს. კომისია დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მათზე რაიმე ზეწოლა განხორციელდა. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატს, ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, გარდა გავრცელებული ჭორებისა, საერთოდ არ ვიცნობ და ამიტომ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩემი მხრიდან ეს არაეთიკური იქნება,“ - ამბობს 30-ე სკოლის დირექტორი მიშა გიორგაძე.


კონკურსის ორი ეტაპი წარმატებით გაიარა მე-14 სკოლის დირექტორმა ნინო ჩუბინიძემაც, თუმცა, მიუხედავად მიღებული მაღალი ქულისა, მან კონკურსი ბოლო ეტაპზე დატოვა, გასაუბრებაზე გასვლა გადაიფიქრა. ჩუბინიძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება გამოწვეული კომისიის მიმართ უნდობლობით.


როგორც მედიასა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის პოსტზე შერჩეული ბადრი ვაშაკიძე არამარტო „ქართული ოცნების“ აქტივისტია, ის  ამასთანავე, კახი კალაძის ახლო ნათესავად მოიაზრება. ვაშაკიძეს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის სამტრედიის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსია.


შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი მეორედ გამოაცხადა. პირველად კონკურსის შედეგად ხელმძღვანელ პოსტზე კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა. გაზაფხულზე ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის განათლების აიპის დირექტორი ლადო პატარიძე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ  ხელმძღვანელობდა ქუთაისის რესურსცენტრს, თუმცა განმეორებით გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობა აღარ მიუღია.


კონკურსის შედეგების გასაჩივრება, კონკურსანტებს 29 ოქტომბრამდე შეუძლიათ. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა საპრეტენზიო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია