დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შესრულდება თუ არა ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი?
შესრულდება თუ არა ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1793
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ვის რა ერგო და რა ერგება ქუთაისის ბიუჯეტიდან

 

 

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში აჯამებენ. როგორც საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი აღნიშნავს, 2014 წლის ბიუჯეტი წარმატებით სრულდება და დეფიციტზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

 

თავდაპირველად, ქუთაისის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარი იყო, მოგვიანებით სხვადასხვა სახის ცვლილებები განიცადა და 64 78 200 ლარი შეადგინა.

 

არსებული მონაცემებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თითქმის 81% შესრულებულია. დარჩენილი 19 პროცენტის შესრულებას კი წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

 

2014 წელთან განსხვავებით, გასული წლის ბიუჯეტი სეკვესტრს ძლივს გადაურჩა. რის მიზეზადაც ახლადარჩეული ხელისუფლება, საკადრო ცვლილებას, ჯერ კიდევ  თანამდებობაზე  მყოფი „ნაციონალების“ მიერ არასწორად დაგეგმილ ბიუჯეტს და სამუშაოების გვიან დაწყებას ასახელებდა.

 

საფინანსო სამსახურის უფროსი კი  აღნიშნავს, რომ გასულ წელს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არაფინანსური აქტივების და ქონების ნაკლებმა რეალიზაციამ, ასევე სათამაშო ბიზნესიდან შემოსული თანხების სიმცირემ გამოიწვია. 

 

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში, წლის მეორე ნახევარში 676000  ლარის ცვლილება განხორციელდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავდა, ბიუჯეტში ცვლილების უმთავრესი წყარო 26 მაისს არგაცემული პრემია გახდა, რითაც   დაზოგილი   300 000 ლარი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხების მოგვარებას მოხმარდა.

 

დარჩენილი 376 000 ლარი კი ბიუჯეტის სხვადასხვა ნაწილში გადაჭარბებით შესრულების შედეგად დაიზოგა.

 

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილში ცვლილებებს, სპორტის სასახლეს 160 000 ლარი დაემატა, რაც დარბაზში არსებული ლამინატის შეცვლას მოხმარდება. ბიუჯეტიდან 450 000 ლარით დაფინანსდა ქუთაისის საკალათბურთო გუნდი, რითაც გუნდი ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

 

60 000 ლარი დაემატა საპროექტო სამუშაოებს, გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის წარსადგენი პროექტები მომზადდება. 50 000 ლარით გაიზარდა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა.

 

სხვა შემოსავლებთან ერთად ბიუჯეტში სოლიდური თანხა საპატრულო ჯარიმებიდან შევიდა. როგორც ირაკლი ავალიანმა რამდენიმე კვირის წინ psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ქალაქის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები (ტრანსფერების გამოკლებით, რომელსაც  ცენტრიდან  იღებს) 14 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რომელიც ივსება  როგორც  ქონების გადასახადიდან, ასევე შემოსავლებით, ჯარიმებიდან, ძირითადად, ეს არის საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. აქედან  მეტი ნაწილი - 60%  რჩება ქალაქს,  ნაწილი კი შედის ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

ბიუჯეტის შესრულების ცხრათვიანი ანგარიშით კმაყოფილია ქალაქის მერიც. როგორც შოთა მურღულიამ აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით, წელს კარგი ტენდენციაა.

 

„თუ შევადარებთ წინა წლების ბიუჯეტის შესრულებას, ცხრათვიანი ანგარიშით კმაყოფილი ვარ. შარშან არაფინანსური აქტივების კლება კატასტროფულ გარღვევაში იყო, წელს გადაჭარბებით სრულდება, ასევე კარგად სრულდება ხარჯვითი ნაწილი,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

თუმცა, ქუთაისის  ბიუჯეტის შესრულების ალბათობას ეჭვქვეშ აყენებენ საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არამხოლოდ ქუთაისს, არამედ თბილისსა და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს.

 

„ჯერ არ გავცნობივარ ბიუჯეტის შესრულების ცხრათვიან ანგარიშს, თუმცა იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ქალაქში ხორციელდება, ეჭვი მეპარება, რომ 81% იყოს შესრულებული. პრობლემებია როგორც შესრულების, ასევე ხარჯვით ნაწილშიც. რადგან ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. მაგალითად, პროგრამა „კორპუსის“ და გზის  საფარის დასაგებად, რაზედაც უსერიოზულესი თანხები იხარჯება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ ტენდერები არ ჩატარებულა და შემსრულებლები არ გამოვლენილა. მსგავსი ტემპით თუ გაგრძელდა ქუთაისში გზების დაგება, ოქტომბრის ბოლოს, წვიმაში მოგვიწევს მუშაობა. ასე დაგებული გზები როგორი ხარისხისაც იქნება, ძნელი მისახვედრი არაა. თუ ხელისუფლება გულისხმობს, რომ ბიუჯეტი პრემიების და ხელფასების გაცემის მუხლში სრულდება, ამაში ვეთანხმები. სხვა მხრივ კი არამარტო ქუთაისში, არამედ საქართველოს ვერც ცენტრალურ და ვერც ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტს ვერ ასრულებენ,“ - აღნიშნავს დავით გოგისვანიძე.

 

რაც შეეხება მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი აღნიშნავს, ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა სხვადასხვა განყოფილებებში დაწყებულია. შეჯერებული ვარიანტი კი საკრებულოს 15 ნოემბრამდე  წარედგინება. ქუთაისში იმედოვნებენ, რომ ქუთაისის მომავალი წლისთვის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

 

როგორ დაიგეგმება 2015 წლის ბიუჯეტი ადგილობრივ ხელისუფლებაში,  ამ დროისთვის ვერ საუბრობენ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხები პრიორიტეტულობის და ქალაქისთვის საჭირო საკითხების მოგვარების მიხედვით გადანაწილდება.

 

საკრებულოსთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მოიწონებენ თუ არა  „ნაციონალი“ დეპუტატები, ჯერჯერობით, პასუხის გაცემა უჭირთ. როგორც დავით გოგისვანიძე აღნიშნავს, ბიუჯეტი ხალხზე ორიენტირებული უნდა იყოს. თუ მმართველი გუნდი მათი შენიშვნების და რეკომენდაციების ნაწილს მაინც გაითვალისწინებს, ამ შემთხვევაში მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მწვანე შუქს აუნთებენ.

 

თუმცა, გოგისვანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი ხალხის უშუალო მითითებით უნდა დაიგეგმოს, რადგან მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის რა პრობლემა აქვს  ქალაქს. როგორც „ნაციონალი“ დეპუტატი აღნიშნავს, მოსახლეობისთვის მსგავსი კითხვებით, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს, ამიტომ ვარაუდობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ხალხის ბიუჯეტი არ იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია