დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაძვირდება თუ არა გაზი?
2012/02/20 12:33:59

ბინის ფართი კვადრატში და ბუნებრივი აირი აყვანილი კუბში

რეფორმატორ ქვეყნად აღიარებულ საქართველოში ტარიფებთან დაკავშირებით ყოველ მეორე თვეში სიახლეებია. მაგრამ დასაფიქრებელია, აღნიშნული სიახლეები საზოგადოებისთვის რამდენადაა მისაღები და სასარგებლო. ერთ-ერთი სიახლე გახლავთ, რომ ყველა ქსელის მობილურ  ტელეფონზე შეტყობინება მივიდა: „ყოველ დახარჯულ 5 ლარზე თვეში გადაიხდით 5 თეთრს.“ გასულ წელს მრიცხველებზე მიბმულმა ცოცხებმაც მოიწონეს თავი, წელს კი... 

ბოლო დროს ათასგვარი პრობლემით დატვირთული საზოგადოება კიდევ იმ ფაქტმა შეაშფოთა, რომ ყოველ დახარჯულ 20 კუბურ მეტრს ზევით ბუნებრივ აირზე გადასახადი დაიანგარიშება საცხოვრებელი ფართის ოდენობის მიხედვით - კვადრატზე 5 თეთრი. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობის 2012 წლის დადგენილება ეს არის.

აღნიშნული საკითხი საპარლამენტო ქალაქში ზოგიერთისთვის უკვე ნაცნობი აღმოჩნდა, ბევრმა კი საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

ასმათ ჭუმბურიძე, 27 წლის: „ხო, ჩვენთან, კორპუსში იყო ამ საკითხთან დაკავშირებული აყალმაყალი. გადასახადებს ისედაც ვერ ავუდივართ. მე ორი პატარა ბავშვი მყავს, გაზის გამათბობელი დილიდან საღამომდე მაქვს ჩართული. 20 კუბურ მეტრ აირს ხუთ დღე-ღამეში მოვიხმართ და ახლა წარმოიდგინეთ, ჩემი სახლი რომ ავიყვანოთ კვადრატებში(იცინის)...

იალო გვენეტაძე, 52 წლის: „უი, შვილო, ამის შესახებ არაფერი მსმენია... გადასახადების „ტომეული“ რომ მომდის ყოველი თვის ბოლოს, თავში ხელს ვირტყამ და ეს კიდე რაღა ოხრობაა.“

გია გოგიტიძე, მაღაზიის გამყიდველი, 35 წლის: „მე ჭავჭავაძის ბაზრობაზე ვმუშაობ და იქ გავიგე ეს ამბავი. იქ მომუშავე ხალხი გაკვირვებულია. ჩემი სახლი 100 კვადრატული მეტრია, გამოდის, თვეში ხუთი ლარით მეტი უნდა გადავიხადო. ვაი, ჩემო დღეო! ყოველ დღე ახალი საფიქრალი მემატება. მოგიკვდეთ, შვილებო, იდიოტი მამა!“ (მწარედ ეღიმება).

ნატალია ცირეკიძე, 44 წლის, დიასახლისი: „ეს, მობილურ ტელეფონებზე რომ დაგვიწერეს! - ყოველ ხუთ ლარზე ხუთი თეთრი ჩამოგეჭრებათო, იმის მსგავსია. ამის შესახებ ერთი კვირაა უკვე მესმის სხადასხვა ვერსიები. როგორც ჩანს, რეალურია.“

ს/ს „ქუთაისის გაზის“ პრესსამსახურის უფროსმა თამუნა გვილავამ, ცოტა არ იყოს, გაიკვირვა: „როგორც ჩანს, ეს მთავრობის დადგენილებაა და ჩვენი სამსახური არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ერთს გეტყვი, თუ ვინმემ უნდა იცოდეს, ეს იქნება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია.“

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი ბერიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა იყო, თბილისიდან არაერთმა ჟურნალისტმა დაგვირეკა, მაგრამ ჩვენთან ჯერ ეს თემა არ განხილულა, ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება.“

ასეა თუ ისე, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. როგორც ჩანს, საზოგადოებას ახლაც წინასწარ აჩვევენ მოსალოდნელ ცვლილებას, შემდეგ კი, როგორც მწარე გამოცდილებამ არაერთხელ დაგვარწმუნა, ყველაფერი ისე წავა, როგორც ზემდგომნი ჩაიფიქრებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია