დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ერთიანობის სიმბოლო კვლავ ხარაჩოებში რჩება
2009/10/14 13:49:54

ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეჩერდა.  

ოფიციალურ განცხადებას საერო პირები დაემორჩილნენ. დღეს ბაგრატის ტაძრის კედლებზე მიმდინარე სამუშაოები მთლიანად შეწყვეტილია, თუმცა საძირკვლის გამაგრება რამდენიმე დღეში დამთავრდება.

ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაშია. დღეს საუბრობენ იმაზეც, რომ როცა ტაძარი ამ ნუსხაში აღმოჩნდა, უკვე აღდგენილი და რესტავრირებული იყო, დამადასტურებელ საბუთად კი ფოტო დოკუმენტებს ასახელებენ. საინტერესოა ერთი დეტალიც: იუნესკოს ტაძრის აღდგენა-რესტავრაციისთვის დღემდე ფინანსური დახმარება რა გაუწევია, თუმცა მსოფლიოს ძეგლთა ნუსხაში მოხვედრილი ბაგრატის ტაძარი იუნესკოდან ცოტა მეტ ყურადღებას უთუოდ იმსახურებდა.

საზოგადოება „ბაღის კიდის“ წევრების ინიციატივით, ქუთაისის ინტელიგენციის და ახალგაზრდობის წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდ „ქუთაისის სიონის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ზურაბ ქაჯაიასთან ერთად შეიკრიბნენ და ტაძრის შესახებ დღეს არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ინტელიგენცია ტაძრის ფუნქციის შენარჩუნებას ითხოვს. მათი აზრით, მიმდინარე სამუშაოებმა ტაძარს იუნესკოს ნუსხიდან ამოშლის საფრთხე არ უნდა შეუქმნას. მიუხედავად ამისა, დარბაზში მწვავე პოლემიკა გაიმართა თემაზე, თუ რა სახით უნდა იქნას ბაგრატის ტაძარი აღდგენილი.

გივი თოდაძე, არქიტექტორი: ეს საკითხი 75 წელია, რაც აქტუალურია. ეს თემა დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის დაარსების დღიდან დგას. რთული საკითხი იყო მაშინაც და დღესაც ურთულესი თემაა. ერთი უდავოა, რომ ჩვენ ეს ძეგლი უნდა აღვადგინოთ. მაგრამ საინტერესოა, რა ფუნქცია გვინდა მივანიჭოთ.მე ეკლესიების მშენებლობის მოწინააღმდეგე როდი ვარ, მაგრამ ბაგრატს კიდევ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ძეგლი უნდა აღდგეს და მიიღოს ის საერთო სახე, რაც მას ოდითგანვე ჰქონდა.

ზურაბ გაბრიაძე, საზოგადოება „ბაღის კიდის“ ხელმძღვანელი: ბაგრატის ტაძრის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის გამო, საზოგადოება „ბაღის კიდის“ წევრებმა დააყენეს საკითხი,რომ შევკრებილიყავით და გვემსჯელა. ჩვენ გვინდა მივიღოთ პასუხი შესაბამისი სამსახურებისა და სპეციალისტებისაგან, თუ რა ხდება რეალურად ტაძრის ირგვლივ. ჩემი პირადი აზრია, რომ სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ბაგრატი უნდა აღდგეს ისე, როგორიც ის მე-11 საუკუნეში იყო.

მოსე ბალუაშვილი: ტაძარმა ისტორიული სახე არ უნდა დაკარგოს. ამიტომ ყველა დეტალს ფრთხილად და ფაქიზად უნად მოვეკიდოთ, განვიხილოთ და შევისწავლოთ, რათა ბაგრატი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა სიიდან არ ამოვარდეს.

მედა ჩოგოვაძე, ჟურნალ „განზომილების“ რედაქტორი: პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავერკვეთ, რა გვინდა. გვინდა იყოს აღდგენილი, განახლებული თუ მიმსგავსებული მაინც იმასთან, რაც ოდესმე იყო! თუ გვინდა ახალი ეკლესია? სვეტები რომ გამოუღეს ბაგრატს, თავი იმით გაიმართლეს, სახურავს ვერ გაუძლებდაო.

ამ არგუმენტის მთქმელს მინდა ვუთხრა, რომ ამ სვეტებმა ბევრ რამეს გაუძლეს. ეს სვეტები დაიმტვრა, თუმცა შეეძლოთ, სამუზეუმო ექსპონატად მაინც შეენახათ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც „იყოში“ იკეტება. მსოფლიოში ახლა ახალი ტენდენცია შემოვიდა: გაშიშვლებული, მინებში ჩასმული შენობები. მინდა გითხრათ, რომ ეს დამუშავებული მინაა. მაგრამ ქართული უნიკალური ქვის პარალელურად შუშებში ჩასმული ტაძარი სწორად არ მიმაჩნია. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი და ვარ იმ სვეტებისა და კედლების აღების. ვახტანგ ცინცაძე ამბობდა, რომ ბაგრატის უშუალოდ გადახურვა არ შეიძლებაო. უნდა მომხდარიყო ტაძრის შეფუთვა - მე, აი, ამის მომხრე ვარ.

გურამ ლორთქიფანიძე, სპორტსმენი, დამსახურებული პედაგოგი: ამ საკითხის მოგვარებასა და სწორად გადაწყვეტაში მთელი საქართველოა ჩართული. ფაქტია, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია, თუ როგორ მოგვარდება ეს თემა. ბაგრატის ტაძრის საკითხის მოგვარებაში ჩართულია თავად პატრიარქი, გამოყოფილია კომისია, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეჯერდებიან და ხალხის აზრსაც გაითვალისწინებენ. ბაგრატის ტაძარს თუ იუნესკოს სიიდან ამ რესტავრაციის შემდეგ ამოიღებენ, მაშინ ააშენონ ახალი ეკლესია. მე ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ბაგრატმა თავისი სახე და ფუნქცია არ უნდა დაკარგოს.

როზა დვალიშილი, ქუთაისის საოპერო თეატრის მმართველი: თავის მნიშვნელობით ბაგრატის ტაძარი ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, რომ მის აღდგენა-რესტავრაციაზე კირითხუროები საჭრეთლით უნდა მუშაობდნენ და არა „დრელეებით? ვფიქრობ, ასეთი დეტალები იუნესკოს უნდა შეუთანხმონ, რაზეც ექსპერტებმა უნდა იმუშაონ. სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალური ხსნარებით, რომლითაც დამუშავდება კედლები. სპეციალური ფერები უნდა გამოიყენონ, რომლებიც არ დაუკარგავენ კედელს თავის ფერს. მე მომხრე ვარ არა გადახურვის, არამედ კონსერვაცია-შეფუთვის. ესეც ისე უნდა გაკეთდეს, რომ რაც არის, არ დაინგრეს. მე კი იმ კედელთან მივალ და ვილოცებ - ეს ჩემი რწმენაა.

გიორგი ცერცვაძე, სტუდენტი: თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო ამ საკითხთან მიმართებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ პატრიარქი სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი ბერაია: უდავოა, რომ ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს ის ღირებულება, რაც მას ჰქონდა. გამაგრებითი სამუშაოებიც ჩასატარებელია, მაგრამ ისტორიული ღირებულება უნდა შეინარჩუნოს. ძეგლი სამუზეუმო ექსპონატია და უნდა შევინახოთ ძველი დიდებით და დატვირთვით.

ლევან როხვაძე, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი: საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ბაგრატის ტაძარია. აქ მიმდინარე სამუშაოებს პატრიარქი გამოეხმაურა და თქვა: „სულიერად მხნე, ეკონომიურად სტაბილური და ტერიტორიულად გაერთიანებული საქართველოსთვის ლოცვა მუდამ აღევლინოს ბაგრატის ტაძარშიო.“ მივცეთ ჩვენს თავს უფლება და 2-3 კვირა მოვითმინოთ. ჩვენი პატრიარქი იუნესკოს წარმომადგენლებთან კონტაქტსაც მოახერხებს და, ვფიქრობ, კვლევასაც ჩაატარებენ. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეკონომიურად ძლიერი, სულიერად მხნე და ტერიტორიულად მთლიანი საქართველოსთვის ლოცვა საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ აღიარებულ ბაგრატის ტაძარში უნდა აღევლინოს. პატრიარქს წინ ნუ გავუსწრებთ. მე ვამბობ, ვუსმინოთ პატრიარქს!

ზურაბ ქაჯაია, საქველმოქმედო ფონდ „ქუთაისის სიონის“ აღმასრულებელი დირექტორი: მე-20 საუკუნეში მთლიანი ტაძრის 2/5 აღდგენილი. დადგა დრო, რომ ტაძარი მთლიანად არ დაინგრეს და მოხდეს მისი აღდგენა-რესტავრაცია. მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტმაც დაუჭირა. ამის შემდეგ საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ბაგრატი ხარაჩოებში ჩაისვა და ყველა ქვა შეამოწმეს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა და რომლის არა. მე გაჩვენებთ დოკუმენტებს, თუ როგორი იყო ბაგრატი მე-20 საუკუნეში, როგორია დღეს და როგორი უნდა იყოს. გეტყვით, რომ ბაგრატის ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, დანგრეული იყო. შემდეგ აღადგინეს და იუნესკომ სწორედ რომ აღდგენილი ბაგრატი შეიყვანა მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტაძარს იუნესკოდან ამოშლის საფრთხე აღდგენის შემდეგ არ დაემუქრება, აქ არქეოლოგიური გათხრებიც მიმდინარეობს, რაც ტაძრის ფუნქციას ხელს არ უშლის. ფონდს გადაწყვეტილი აქვს, ის თანხები, რაც შემოვა ან გადმოირიცხება, ბაგრატის კომპლექსის აღდგენას, რუსუდან დედოფლის და ბაგრატოვანთა სასახლის აღდგენა-კონსერვაციას მოხმარდება.

***

ბაგრატის ტაძრის ტერიტორია 6820 მეტრია, აქედან რესტავრაცია-აღდგენა მხოლოდ 320 მეტრს უტარდება. გარე ფასადებიდან კი სამხრეთის ფასადი იცვლება, დანარჩენი იმავე ფორმით რჩება, რაც დღეს არის. გაკეთებულია ექსკლუზიური პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. თუმცა პროექტში კორექტივები ცოტა ხნის წინ კვლავ შეიტანეს. როგრც ამბობენ, ამ პროექტში ნათლად ჩანს, რომ აღდგენის შემდეგ ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. პროექტის მრავალმხრივ განხილვის მიუხედავად საპატრიარქომ სპეციალური კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ ამ კომისიაში შესაბამის სამინისტროებს წარმომადგენლები, ექსპერტები, არქიტექტორები, ისტორიკოსები და არქეოლოგები შევლენ, რომლებიც ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობას კიდევ ერთხელ გულდასმით გადახედავენ. საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების შესრულების შემდეგ კი ბაგრატზე ყველა სახის მუშაობა შეწყდება, მანამ, სანამ საპატრიარქოს მიერ გამოთხოვილი და შექმნილი კომისია თავის შესწავლის შედეგს ოფიციალურად არ დადებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია