დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარადიული გუბეები
2011/12/19 12:39:59

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ბავშვები ზურგზე მოკიდებული გადაჰყავთ

 

დღევანდელი ხელისუფლების სიამაყის პირველ ნიშად გზები და ნაგვისაგან გასუფთავებული ტერიტორიები მიიჩნევა. ქუთაისში გზებს აგებენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაუგიათ, ან დააგეს და ხელმეორედ გახდა შესაკეთებელი. აღარაფერს ვამბობთ გარეუბნებზე. თუმცა, რამდენად შეიძლება გარეუბნად ჩაითვალოს პარლამენტის თითქმის მიმდებარე ტერიტორია - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა, ეს კიდევ საკითხავია.

 

აღნიშნულ ქუჩაზე ისეთი უზარმაზარი ორმოებია, რომ წვიმის გადაღების შემთხვევაში, რამდენიმე კვირის მანძილზე არ შრება გუბეებში წყალი, მუდმივ ტალახსა და წყალში უწევს მოსახლეობას სიარული. არადა, ამ ქუჩაზე 24-ე საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი „მზიური“ მდებარეობს.

როგორც მოსახლეობამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფალნი აქ მხოლოდ დაპირებებით და წინასაარჩევნო პროგრამებით მოდიან, თუმცა გზა დღემდე საშინელ მდგომარეობაშია.

მადონა ჭანჭალეიშვილი: „ალბათ, ხედავთ, შვილო, რა მდგომარეობაშია გზა! წვიმის დროს ხომ საერთოდ კატასტროფაა. სკოლაში და ბაღში ბავშვები ვერ შედიან, ზურგზე მოკიდებული შეჰყავთ მშობლებს. უამინდობაში გზას ვამბობთ, თორემ გზა ჰქვია ამას? არჩევნების დროს გვპირდებიან, მაგრამ ისე მოდის მეორე არჩევნები, გზა მაინც არ გვაქვს. შეპირება შეპირებად რჩება. ირგვლივ ყველგან დაგებულია ქუჩები, მხოლოდ ეს მონაკვეთია დარჩენილი 400-500 მეტრის მანძილზე! იქნება მოვიდეს ქალაქის მერი და შეამოწმოს, რა უსაშველოა, რომ ვერ მოხერხდა მისი გაკეთება! ამას ემატება ისიც, რომ წვიმის დროს ბინის კედლებში წყალი შემოდის და, როგორც გარეთ, ისე შიგნით წვიმს. ბინის გარე კედლების დაწებვას დაგვპირდნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, არავინ მოსულა, რემონტის გაკეთებასაც ხომ აზრი არ აქვს საერთოდ.“

მანანა ბეშქენაძე: „გაუსაძლისი მდგომარეობაა, განსაკუთრებით - როცა წვიმს და ცუდი ამინდია. ბავშვები სკოლასა თუ ბაღში ვერ შედიან, ცუდი პირობებია, თუმცა ჯერჯერობით ყურადღება არავის მოუქცევია.“

ზემოთ ხსენებული პრობლემების გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდებარე ტერიტორია ერთიანად დანაგვიანებული და ბალახმოდებულია, რაც ნამდვილად ვერ ქმნის იმ სურათს, რომ ეს ქუჩა ქალაქის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გახდეს.

საინტერესოა, პარლამენტის გადმოსვლის შემდეგ აქ რას აპირებს მერია? ამის გასარკვევად მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ვესტუმრეთ.

„ზურაბ ჭავჭვაძის ქუჩაზე ასფალტის დაგების პროექტები არსებობს, იგეგმება თავიდან ბოლომდე მოწესრიგება სანიაღვრე გზების და კანალიზაციის, ასევე - საბინაო სტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება. ცენტრალური ქუჩა დაგებულია. ეს ქუჩა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან დევნილების დასახლება გაკეთდა და მეტ ყურადღებას საჭიროებს. უბრალოდ, ამ დროისათვის შიდა კვარტალურ პროექტებს, იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ პირველი: არ არის თანხა და მეორე -  სანიაღვრე სისტემა არის მოუწესრიგებელი. მთლიანდ მაგ დასახლების პროექტი კეთდება, მისი ბიუჯეტი 550 ათას ლარს შეადგენს, მაგრამ მთავარი არის სანიაღვრე გზების გაკეთება, რის გარეშეც ასფალტის დაგებას აზრი არა აქვს. მომავალ წელს „კოქსი“ აპირებს კანალიზაციის სისტემის მოგვარებას. ჯერ ასფალტი დააგო და მერე კანალიზაცია გააკეთო - არ გამოვა, ამიტომ ჯერ კანალიზაცია გაკეთდება და შემდეგ დაიგება ასფალტიც,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

იმედია ჩინოვნიკის ეს სიტყვა ჰაერში არ დარჩება და წინასაარჩევნო დაპირებას არ დაემგვანება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია