დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო პროცესი „ტაშტების“ რახუნით
2010/03/01 14:00:10

ნიკეაზე განთავსებულ ინვალიდთა სასწავლო საწარმოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ამ შენობაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრება და სწავლა დევნილებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უწევთ. საბოლოოდ ვის დარჩება შენობა, ეს არც დევნილებმა იციან, არც სასწავლებლის დირექტორმა და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა.

 

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლალა ბაქრაძემ აღნიშნა: „უკვე 17 წელია, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. როგორ შეიძლება, აქ ჩვენ ვიცხოვროთ და თან, პარალელურად, მიმდინარეობდეს სწავლის პროცესი! პირველი და მესამე სართული ჩვენს განკარგულებაშია, მეორე სართული კი სანახევროა.“

დევნილებს ურჩევნიათ, ეს შენობა საბოლოოდ მათ მფლობელობაში გადმოვიდეს, რადგან შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველ ლხინს. ინვალიდთა სასწავლო საწარმოს დირექტორმა ვალენტინა მახათაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ქუთაისის მერის მოადგილემ დავით გორდელაძემ დევნილებს შესთავაზა გამსახურდიას ქუჩაზეც და სატრაქტორო ქარხნის ყოფილ შენობაშიც გადასვლა, მაგრამ არ ისურვეს: 

„ეს არის სასწავლებელი, უკვე დიდი ხანია, ამ ტიტულით ფუნქციონირებს და რატომ იკლავენ დევნილები თავს ამ შენობაზე, ვერ ვხვდები“.

როგორც დევნილებმა თქვეს, მათ ფართის პრობლემა აქვთ. მართალია, გადასვლა კი შესთავაზეს, მაგრამ საკუთარი უარი შემდეგნაირი არგუმენტით გაამყარეს: „ხუთ კაცს გვაძლევენ ორ ოთახიან ბინას და როგორ უნდა ვიცხოვროთ ამდენმა ხალხმა პატარა ბინაში?“

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა გვითხრა, რომ მისი და სახელმწიფოს მთავარი მიზანია             „დევნილთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ყველაფრის იმ დონეზე გაკეთება, რა დონეზეც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს თავი სრულ-ყოფილ მოქალაქედ.“

სასწავლებლის დირექტორის აზრით ფაქტი ფაქტად რჩება: საცხოვრებელი ვერ შეითავსებს სასწავლებლის ფუნქციას და პირიქით.

ვალენტინა მახათაძე: „ლტოლვილებისთვის მოუხერხებელია ეს საცხოვრებელი. აქ არის კარიდორული სისტემა, თითო სართულზე თითო სველი წერტილია. მე, პირადად, არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ისინიც იყვნენ და ჩვენც ვიქნებით, მაგრამ ძალიან ცუდია და ძნელი ერთ შენობაში ყოფნა, რადგან სწავლის პროცესი რომ მიმდინარეობს, აქ მცხოვრებნი ტაშტებით, ვედროებით, ქათმებით, ინდაურებით დადიან აქეთ-იქით.“ 

სასწავლებლის დირექტორს სურს, რომ ამ შენობამ დაიბრუნოს ძველი ფუნქცია და იგი მხოლოდ შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებს დაეთმოს. ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, რათა  დაწესებულებამ სადღეღამისო ცენტრის სახე მიიღოს, ამის ძალიან დიდი მოთხოვნაა რეგიონებიდან. მსურველები ბევრია - თითქმის 100-ზე მეტი.

დავით აფციაურის თქმით, ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყება, რაც ამ ობიექტს გაარემონტებენ: „შენობის მესაკუთრის დადგენაც მოხდება  ცალსახად და დევნილებსაც ვაცნობებთ ჩვენ, მათ ეს შენობა დარჩებათ თუ არა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ ალტერნატიულ ფართს ქალაქის ტერიტორიაზე.“

ეს დავა ოფიციალურად, სასამართლოს წესით არ მიმდინარეობს. როგორც ვალენტინა მახათაძე ვარაუდობს, დიდი ალბათობაა, შენობამ თავისი ფუნქცია საბოლოოდ აღიდგინოს, რადგან გარემონტება უფრო იაფი ჯდება, ხოლო დემონტაჟი კი ძვირი სიამოვნებაა, რაც ითვალისწინებს სველი წერტილების თუ შიგა ოთახების მოწყობას სხვა ობიექტებთან მიმართებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია