დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რისთვის იხარჯება 195 ათასი ლარი?
2011/05/03 14:06:09

ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები, რომლებზეც საუბარი 24 წლის თეიმურაზ ცამციშვილს „დაეზარა“...

 

თუ გახსოვთ, კარგა ხნის წინ დაგპირდით, 2011 წლის ქუთაისური ბიუჯეტის შესახებ ისეთ რამეებს მოგიყვებით, გაგაოცებთ-მეთქი. ამჯერად ჩვენი განხილვის საგანია ქალაქში დაგეგმილი ახალგაზრდული ღონისძიებები, რომლებზეც, საერთო ჯამში, 195 000 ლარია გამოყოფილი. ამ თემაზე სასაუბროდ ქუთაისის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ცამციშვილს მივმართეთ, რომელმაც კაბინეტში კი მიგვიღო, მაგრამ, როცა ჩვენი ვიზიტის მიზეზი გაიგო, თანამშრომელთან გადაგვამისამართა. უნდა შეგახსენოთ, რომ მანამ სანამ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური კულტურის სპორტის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურს შეუერთდებოდა, მისი ხელმძღვანელი სწორედ თეიმურაზ ცამციშვილი გახლდათ და ეს თემა მისთვის უცხო სულაც არ უნდა ყოფილიყო, წესით. ჰოდა, დასმულ შეკითხვებს ამავე სამსახურის  წამყვანი სპეციალისტი თამთა ბასილაძე პასუხობდა.

 

თანმიმდევრობით მივყვეთ და ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული პუნქტი:

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარება: როგორც განმიმარტეს, ეს მიმართულება სამსახურის პრიორიტეტად არის მიჩნეული, თუმცა, რატომღაც, მხოლოდ 1500 ლარით შემოიფარგლა „პრიორიტეტის“ დაფინანსება. თანაც, ეს პროგრამა ითვალისწინებს ქუთაისის ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში მყოფი ახალგაზრდებისთვის საქველმოქმედო საღამოებისა და ღონისძიებების მოწყობას. აღდგომისა და გიორგობის დღესასწაულებზე ტარდება რელიგიური ანიმაციური ფილმების ჩვენება და ქალაქის ხელმძღვანელობა ამ ახალგაზრდებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ლაშქრობები, ექსკურსიები): ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული 20 500 ლარი. აქედან, 20000 ლარი დაიხარჯება მხიარული სტარტების შეჯიბრებების მოსაწყობად (?!), რომელიც ამავე სახელწოდების ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა (სავარაუდოდ, შემოდგომაზე). 500 ლარით კი 2 მაისს იგეგმება ნორჩ ტურისტთა შეკრება-შეჯიბრება ქვეითი ტურიზმის ტექნიკაში. ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს სამთო-სპელეოლოგიური კლუბი „კავკასია.“ მასში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის გუნდები.

შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია: ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე ღონიძიება და ფინანსური რესურსი ჯერ კიდევ არ ამოწურულა. საერთო ჯამში, ამ პუნქტისთვის გათვალისწინებული იყო 54 700 ლარი.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა: აქ იგულისხმება ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, ფორუმების მოწყობა და ამ ყველაფრისთვის წლის განმავლობაში 2500 ლარია გამოყოფილი. მაგრამ, საქმე ის არის, რომ კაცმა არ იცის, როდის ეწყობა ამგვარი ღონისძიებები და როცა ეწყობა, ვინ მონაწილეობს.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა:   როგორც თამთა ბასილაძემ განგვიმარტა ამ პროგრამით გათვალისწინებული არ არის ქუთაისელი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დაფინანსება. ამ პუნქტისთვის გამოყოფილია 4000 ლარი და ეს თანხა დაიხარჯება ქალაქში ჩამოსული სხვადასხვა ახალგაზრდული დელეგაციის მიერ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობების მონახულებისთვის („უკუდო ამპარტავნობა“ ხომ გაგიგიათ?)... არადა, ამ ქუთაისში რომელი საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა ამ ბოლო დროს? ან, თუ ჩატარდა, ქალაქს სთხოვეს კულტურული დასვენების ფინანსური უზრუნველყოფა?

პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის პროგრამების ხელშეწყობა: გამოყოფილია 11 500 ლარი. ამ პუნქტში გათვალისწინებული პატრიოტული ბანაკების მოწყობა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის შემოქმედებითი საღამოების გამართვა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ პატრიოტული ბანაკები, ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.  

ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება: გულისხმობს ორ პროგრამას, პირველი - ეს არის საზამთრო შეკრება დაბა ბაკურიანში წარმატებული სპორტსმენი და შემოქმედი სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც ტარდება ტრენინგ-სემინარები სხვადასხვა თემაზე და აქვთ დაგეგმილი დღის განრიგი. მეორე პროგრამა არის სამხარეო ბანაკი „მომავლის თაობა“, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს აერთიანებს იმერეთის 12 რაიონიდან. ბანაკი აგვისტოში ეწყობა ვანის რაიონში, კურორტ სულორში. ეს, საერთო ჯამში, 12 000 ლარი უჯდება ქალაქის ბიუჯეტს. საკითხავია: თუ მონაწილეობენ ამ ბოლოს ხსენებული ბანაკის დაფინანსებაში იმერეთის იმ რაიონების თვითმმართველობები, რომელთა წარმომადგენლებიც აგვისტოში სულორში ისვენებენ?

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა: ყველაზე მსუყე და პრობლემური თემა ამ სამსახურის საქმიანობაში. ამ მიმართულებისთვის გამოყოფილია 84 300 ლარი, რომელიც გამიზნულია ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. თუმცა, საქმე ის არის, რომ პროექტები, რომლებსაც აფინანსებენ, ერთჯერადია და ხშირად არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქალაქისთვის. თანაც, არც თუ მთლად ადვილია დასაფინანსებელთა რიგებში მოხვედრა.

ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიებების განხორციელება: ეს პროგრამა ითვალისწინებს სამ მარტს სამშობიარო სახლების მონახულებას და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის საჩუქრების გადაცემას; 9 აპრილს მემორიალის შემკობასა და  თეატრალურ შემოქმედებით პროგრამას; 9 მაისს ახალგაზრდების შეხვედრას ვეტერან ხანდაზმულებთან. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილია 4000 ლარი.

ქუთაისელი ახალგაზრდები კი მაინც „წუწუნებენ,“ რომ ამ ქალაქში არაფერი ხდება.

აი, ბატონებო, თუ არ ხდება, იხილეთ და „დარწმუნდით“...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია