საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გაზეთ „P.S.“-ის რედაქტორის მიერ დასმულ შეკითხვაზე: პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადატანის სანაცვლოდ, ახალი ხელისუფლების მიერ იგეგმება თუ არა ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების მიზნით რაიმე სხვა სახის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, თუნდაც გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოს შექმნა, ანდა ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება და სხვა? – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიღებული პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ქუთაისში, პარლამენტის სანაცვლოდ, განსახორციელებელ პროექტებიდან პრიორიტეტად ნაგავსაყრელის მოწყობა-შემოღობვას და შიდა გზების რეაბილიტაციას მიიჩნევს.
ქუთაისის „აქილევსის ქუსლად“ ქცეული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების რეაბილიტაცია ქუთაისის ყველა მთავრობის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის თაობაზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის გადარჩენის სურვილით ხსნიდნენ. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, როგორც ჩანს, მეორე დედაქალაქთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროექტები მხოლოდ ნაგავსაყელითა და შიდა გზების დაგებით შემოიფარგლება.
საინტერესოა, რას ფიქრობენ რიგითი ქუთაისელები ახალი მთავრობის „საოცნებო ქუთაისის“ გეგმების შესახებ და რა აზრის არიან ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები და მათი ოპონენტები. ვრცელი მასალა იხილეთ გაზეთ P.S. -ის მომდევნო, ორშაბათის ნომერში.
მანამდე კი, სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„გაზეთ „P.S.“-სს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას თქვენი გაზეთის რედაქტორმა დასვა შეკითხვა რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშვების ფარგლებში ქ. ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის, მათ შორის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გიგზავნით ინფორმაციას:
მიმდინარე წელს დაიწყება ქუთაისისთვის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო KFW-ს მხარდაჭერით ახორციელებს. KFW ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა მსგავსი პროექტების დაფინანსების სფეროში.
„მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს პროექტის ზედამხედველობას და ქუთაისში, ნიკეას ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის მაქსიმალურად უსაფრთხო რეჟიმში გადაყვანას (შემოღობვა, მიწის სამუშაოები და ა.შ.).
2013 წელს ქალაქ ქუთაისში დაგეგმილია გზის საფარის აღდგენის და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რომელიც მოიცავს ქალაქის ძირითად ნაწილს. ეს ქუჩებია:
გარდა ამისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდიდან დაგეგმილია ქუთაისში „ხარაზოვის“ ბაღში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.