საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბუნების ცოცხალი ძეგლები შველას ითხოვენ!
2010/11/22 14:12:50

ბოტანიკური ბაღი ნებისმიერი ქალაქისთვის დიდი ფუფუნებაა. მით უმეტეს, თუ ძველი და უნიკალური მცენარეებით ისეა სავსე, როგორც - ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღი. სამწუხაროდ, აქაც დიდი პრობლემები და სირთულეებია. როგორ არსებობს მწირი ბიუჯეტით და ოთხი მცველით 43 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, რა სიახლეები და პერსპექტივებია მოსალოდნელი, შეიცვლის თუ არა სახელს და ფუნქციებს? - ამ და მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღის გამგეს ბორის თვალოძეს ვესაუბრეთ.

 

მცირე ექსკურსი ბაღის ისტორიაში

ბოტანიკური ბაღის ისტორია 1848 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად „ფერმის ბაღი“ ეწოდა. ამ სახელის მნიშვნელობა ბოლომდე გაშიფრული არ არის. ქუთაისის მაშინდელი გუბერნატორის ინიციატივით, რიონის ნაპირზე შეიძინეს ფართობი, სადაც დაიწყეს უნიკალური მცენარეების გაშენება. ბაღს თავდაპირველად რეგნერმა ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც რვა წელი იმოღვაწა. შემდეგ მას ჩაენაცვლა წარმოშობით შოტლანდიელი იაკობ მარი, რომლის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ საქართველოში. ის იყო მამა მსოფლიოში ცნობილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ნიკო მარისა, რომელმაც ყმაწვილობა ამ ბაღში არსებულ შენობაში გაატარა. ბოტანიკურ ბაღში არსებობდა ორწლიანი სასწავლებელი, სადაც აგრონომიას ასწავლიდნენ, შემდეგ ოთხ წლიანად გადაკეთდა. სწორედ ამ სასწავლებელში შეექმნა იაკობ მარს პრობლემები და 13 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ დატოვა ბაღი, ჩოხატაურში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცხოვრების ბოლომდე იყო. ბაღში სხვა უცხოელებიც მოღვაწეობდნენ. ავსტრიელი ბარტონი, ჩეხი გორცსჩეკი და სხვა.

1922 წლის შემდეგ ბაღი „სასოფლო-სამეურნეო“ ტექნიკუმის მფლობელობაში გადავიდა. საინტერესოა, რომ 1953 წელს ეს უმაღლესი სასწავლებელი სოხუმში გადაიტანეს. ბაღი თითქოს უფუნქციოდ დარჩა, რის გამოც გადასცეს „გამწვანების მეურნეობას“, შემდეგ იწოდებოდა  „თერჯოლის სანერგედ“, ბაღის ფუნქციების ცვლილება ცუდად მოქმედებდა მის იერსახეზე. საბოლოოდ, ქუთაისის „გამწვანების ტრესტს“ დაუქვემდებარეს და 1969 წელს შეიქმნა „ბოტანიკური ბაღი.“

მეცნიერებმა აღწერის შემდეგ აქ მხოლოდ ხე-ბუჩქების 200 სახეობა აღმოაჩინეს. დღესდღეობით კი 800-მდეა. ბოტანიკური ბაღი 43 ჰექტარზეა გაშენებული. სადაც მცენარეების 81 ბოტანიკური ოჯახი ხარობს, 800 სახეობა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბოტანიკური ბაღი სუბტროპიკების უკიდურეს აღმოსავლეთში მდებაროებს, ამიტომ აქ იზრდება ისეთი ენდემური მცენარეები, რომლებიც იმერეთის გარდა, საქართველოში სხვაგან ვერ იარსებებს. მაგალითად: ქართული მუხა, იმერული მუხა, უთხოვარი ძელქვა. აქ ხარობს მარადმწვანე სეკვოია, რომელიც თავის სამშობლოში, ამერიკაში, 6 მილიონ წელს ცხოვრობს. ორნაკვთა გინკოს კი 60-70 მილიონი წლის წინათ თურმე დინოზავრები მიირთმევდნენ. ეს მცენარე ბუნების ცოცხალი ძეგლია, ასევე - აქ მოშენებული უნიკალური ჯიშის ხე-ტიტები, მაგნოლიები, ყვავილები, ხეები და ბუჩქები.

 

სირთულეები

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ მწირი დაფინანსება აქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან, 32 ათასი ლარის წლიური შემოსავალი, ამიტომ თანამშრომლებიც შემცირებულია და მხოლოდ 13 ადამიანი მუშაობს, აქედან ორი მებაღეა. წარმოიდგინეთ, როგორ მოუვლის 43 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ორი ადამიანი. ძველი საბჭოთა სისტემის მიხედვით, ბაღს იცავს ოთხი მცველი, რომლებიც 24-საათიანი მორიგეობით, ყოველ მეოთხე დღეს მუშაობენ ყოველგვარი იარაღისა და უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის შესასვლელში მითითებულია, „უცხო პირთა შესვლა, სამუშაო საათების გარდა, სხვა დღეებში აკრძალულია.“

ადამიანებს ამ ინსტრუქციის დარღვევა ნამდვილად არ გაუჭირდებათ, რადგან ღობე ზედ გზის პირას გარღვეულია და სულ ადვილად შეიძლება იქ მოხვედრა. ბაღის დათვალიერებისას შეხვდებით ძველ ორანჟერიებსაც, რომელიც ახლა ეკალ-ბარდებითაა დაფარული.

ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით 1993 წელს დაზიანდა, როცა მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურბაზასა და სკოლა-ინტერნატში დაახლოებით 600 დევნილი ოჯახი შეასახლეს. სამწუხაროდ, მათ ზამთარში 7 ჰექტარი კავკასიური ფლორის ნაკვეთი მთლიანად გაანადგურეს, რომ არ გაყინულიყვნენ. საბედნიეროდ, ძირითადი ნარგავების გადარჩენა მოხერხდა.

დღევანდელ პირობებში კი ბაღის დაცვა მხოლოდ სიმბოლურია.

ბოტანიკურ ბაღს საშიშროებას უქმნიდა მდინარე რიონი, რომელიც ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ტბორავდა. საბედნიეროდ, გარემოს დაცვის სამინისტრომ სამუშაოების პირველ ეტაპზე ორი ჯებირი ააშენა. თუმცა, ნაპირგამაგრების პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ მაინც იცავს ნარგავებს.

 

ბევრ უცხოელს აინტერესებს ჩვენებური ფლორა

ბოტანიკური ბაღისთვის დღეს უმთავრესია განახლება. საბჭოთა კავშირის დროს უამრავ ქვეყანასთან ჰქონდათ კავშირი მეცნიერ-მუშაკებს, ცვლიდნენ და შემოჰქონდათ ახალი თესლები. ბოლო წლებში ეს კავშირი შეწყდა. თუ ადრე 100-მდე სახეობის თესლიდან 30-მდე სახეობა მაინც გამოჰყავდათ, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 5-მდეა შემცირებული, რაც კარგ მუშაობად შეიძლება ჩაითვალოს - იმ პირობებში, რომელშიც ბოტანიკური ბაღი იმყოფება. 2009 წელს ქუთაისის მერიამ ბოტანიკურ ბაღს 5 ათასი ლარი გამოუყო, რომელიც შემოსასვლელში არსებული შენობის გარემონტებას მოხმარდა. 2010 წელს გადმორიცხული 10 ათასი ლარით გადაიხურა ისტორიული ნაგებობა. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობა ასოციაცია „ბოტანიკური ბაღების და პარკების გაერთიანების“ მეშვეობით გარემონტდა.

ბორის თვალოძე, ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღის გამგე: „ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ საინტერესო ობიექტი ტურისტებისთვის. ბევრ უცხოელს და არა მარტო მათ, აინტერესებს ადგილობრივი ფლორა. აქ ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია შემოსვლა, რადგან უფასოა. ჯგუფებისთვის კი ერთ მოსწავლეზე 30 თეთრია გადასახდელი. თუ მათ ექსკურსიამძღოლის გაყოლა სურთ. მაშინ, როცა თბილისის ბოტანიკურ ბაღში 1 ლარი უნდა გადაიხადო, უცხოელმა კი - 3 ლარი. განვაგრძობთ სამეცნიერო მუშაობასაც.

გერმანელებთან ერთად ვმონაწილეობდით ექსპედიციებში. აგვისტოს თვეში იყვნენ შოტლანდიელები, რომლებიც მომავალში აპირებენ თავიანთ მკვლევარების გამოგზავნას.“

 

როგორია პერსპექტივა?

ბოტანიკური ბაღი მეცნერებათა აკადემიას ეკუთვნოდა. აკადემიის ყველა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გადაეცა განათლების სამინისტროს, რომელმაც, მინისტრთა საბჭოს განკარგულებით, ყველა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება დაუქვემდებარა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს. ქუთაისის ბაღი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს გადაეცა (?!!). თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი გარკვეული არ არის, რა ფორმით დარჩება იგი და როგორ მოხდება მისი განახლება.

ბორის თვალოძის თქმით, „2010 წლიდან ჩვენ ვიარსებებთ ახალი სტატუსით, სხვა მიზნებით. ფუნქციონალური დატვირთვით კარგად შევუდგებით მუშაობას. შეიცვლება ჩვენი სახელწოდებაც, იმედი მაქვს, უფრო მიმზიდველი და სასურველი გახდება ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღი.“

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია