დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თეთრი, წითელი, ჯაჭვის...
2011/04/27 12:06:02

ამ კვირიდან  ქუთაისის სამი ხიდის რეაბილიტაციის დაწყებას აპირებენ

 

ვუბრუნდებით ქუთაისის მარადიულ სატკივარს - თეთრ ხიდს, რომელიც ვერც ერთმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისე ვერ შეაკეთა, რომ ქარმა არ „გაატყავოს“, ან მზემ არ გაალღოს. თავად პრეზიდენტის ინიციატივამაც კი ვერ უშველა საქვეყნოდ ცნობილ ხიდს. ბევრი კი ამბობდა, მიშა აქვე სადილობს ხოლმე, როცა ქუთაისში ჩამოდისო, მაგრამ, რაც არ გინდა, იმას რომ ვერ დაინახავ, ყველას კარგად მოგვეხსენება. ან, თუ ქვეყნის პირველი პირი ხარ, შეიძლება, არც დაგანახონ.

 

ჰოდა, ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ბოლო ქარიშხალმა გასტაცა ხიდს მერამდენედ „გადაწებებული“ ფანერები და ხიდის მისადგომებთან გაჩნდა წარწერა: „საშიშია სიცოცხლისათვის.“

თუმცა, იმ ფირმას (თბილისური კომპანია „თბილისი“), რომელმაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, პასუხი კანონის ძალით აღარ მოეთხოვებოდა, ვინაიდან ხელშეკრულება მხოლოდ ერთ საგარანტიო წელს ითვალისწინებდა. ერთი წელი ელექტროტექნიკას უწერია საგარანტიო ვადად, ხიდს კი არა!

ახლა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა და ისევ თბილისურ ფირმას „ალზუს“ დაეკისრა თანაქალაქელთა შეცდომების გასწორება (ეტყობა, ეს ხიდი იმდენად მნიშვნელოვანია ქალაქის თვითმმართველობისთვის, რომ ქუთაისურ ფირმას ვერ ანდობენ მის აღდგენას). ამისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 137 000 ლარი გამოიყოფა, მაგრამ ერთი განსხვავებით: ხელშეკრულებაში ხიდისთვის შესაფერის საგარანტიო ვადად, 20 წელი ჩაიწერება.

არა მარტო თეთრი, არამედ წითელი და ჯაჭვის ხიდებიც მოხვდნენ აღსადგენთა სიაში. მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მაგრამ, აბა, იქ მოძრავ საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებს ჰკითხეთ ამ პრობლემის სიმსუბუქე. ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრო მაღლაკელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

„წითელი და ჯაჭვის ხიდის აღდგენით სამუშაოებზე იმუშავებს ქუთაისური ფირმა „იბერია 21-ე.“ მათ სამუშაოებისთვის გამოეყოფათ 84 650 ლარი. აქ, ძირითადად, მოსაწესრიგებელია ხიდების ასფალტის საფარი, მოაჯირები და განათება. ხიდების განახლებითი სამუშაოები 21 აპრილიდან უნდა დაიწყოს წესით, მაგრამ, რადგან აღდგომის დღესასწაულია, შეიძლება, შეჩერდნენ და ორშაბათიდან დაიწყონ მუშაობა. სამუშაოები სამივე მათგანზე თვენახევარში უნდა დასრულდეს.“

მაგრამ, თუ ისე „ხარისხიანად“ გააკეთეს, როგორც თეთრი ხიდის შემთხვევაში მოხდა, კი მოგვჭამს ჭირს ერთ წელიწადში, შემდეგ ისევ თავიდან გამოცხადდება ტენდერი და გამოიყოფა ფული ბიუჯეტიდან. ნეტავ, სხვის თუ არა, საკუთარ შეცდომებზე სწავლა მაინც შეგვეძლოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია