დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ უპასუხებს ოჯახებს, რომელთაც 4 წლის წინ სახლი დაუნგრიეს?
2011/04/27 12:04:16

„ევროპროექტი“ დროს შეგნებულად წელავს...

 

18 აპრილს საქართველოს ცენტრალური ტელეარხებით გაჟღერდა ინფორმაცია თბილისში ბინების შეჩერებულ მშენებლობათა განახლების შესახებ. დასრულებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს ქალაქის მერია შეისყიდის და, როგორც თქვეს, იქ ამჟამად ავარიულ სახლებში მყოფი ოჯახები შევლენ. რამდენად გაამართლებენ მოცემულ პირობას, დრო გვიჩვენებს.

 

მაგრამ ჩვენ რას გვიშველის თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება, მაშინ, როცა ქუთაისში მშენებარე სახლის საძირკველს (მშენებლობა შეჩერებული იყო) ქალაქის მერიამ მიწა დააყარა, იმ მიზეზით, რომ, მოსახლეობის წყალობით, ის ადგილი ნაგავსაყრელად გადაიქცა. 

ყველაფერი  კი 2007 წელს დაიწყო. შპს „ევროპროექტი“ თამარ მეფის ქუჩაზე (სადგურის მოედანზე) მცხოვრებ 8 ოჯახს დაჰპირდა, რომ მათი საცხოვრებელი ფართის დათმობის შემთხვევაში, იქვე მიიღებდნენ ბინებს, კარგი პირობებით.

ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის მიხედვით, თუკი პირობის მიმცემი (ამ შემთხვევაში - შპს „ევროპროექტი“) ვერ განახორციელებს სანაცვლო შესრულებას (ანუ ვერ გადასცემს ხელშეკრულების დამდებ მეორე მხარეს დასრულებულ კორპუსში ბინას) იგი ვალდებულია, გადაუხადოს საკუთრების უფლების გადამცემს გადაცემული ფართის 1 კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური კურსით. აქვე აღნიშნულია, რომ პირობის მიმცემი მხარე ვალდებულია საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოს ეს ოჯახები მშენებლობის დასრულებამდე. რვა ოჯახიდან შპს „ევროპროექტი“ ამ დროისთვის მხოლოდ სამ მათგანს უხდის ბინის ქირას. ხელშეკრულებას ხელს აწერს შპს „ევროპროექტის“ დირექტორი, ვინმე ვალერიუს ქუნთელია, ხოლო მისი პარტნიორია გია ჯიბლაძე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მშენებლობა 2009 წლამდე უნდა დასრულებულიყო და საკუთრების გადამცემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართიც ამ დროისთვის უნდა ჩაბარებოდათ.

სინამდვილეში რა მოხდა?

ვაჟიკო შუბლაძე, მესაკუთრე: „კომპანიაში უთანხმოება მოხდა და გაიყვნენ. ვისაც ბინა უნდა აეშენებინა, მან აღარ დაასრულა მშენებლობა და ახლა სალაპარაკოდაც აღარ გვიკარებს. გია ჯიბლაძეს შევხვდით რამდენჯერმე, მაგრამ დალაგებული აზრი მე მისი საუბრიდან ვერ გამოვიტანე. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მაინც და მაინც იმავე ადგილას მოგვცენ ბინა, სხვაგანაც თანახმა ვართ. 120 კვ.მ. მეკუთვნოდა და მომცენ ეს ფართი. არანაირი ანაზღაურება არ გვეძლევა.“

ნაზი კაპანაძე, მესაკუთრე: „საძირკველი ჩაყარეს და გააჩერეს მერე მშენებლობა. იხდიან ჩვენი ოჯახისთვის ქირას, სანამ აგვინაზღაურებენ დანაკარგს. ასეა კიდევ ორი ოჯახი, დანარჩენები ამასაც ვერ იღებენ. წინა წლის იანვარში იყო ამგვარი შემოთავაზება, რომ უარი გვეთქვა ჩვენს მიწაზე და ამის სანაცვლოდ შეგვისყიდიდნენ ბინებს, თუმცა, ეს შემოთავაზებაც არარეალური იყო, მათ სასარგებლოდ შედგენილი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ გავასულელებინებდით თავს. ამიტომ ჩვენ არ დავეთანხმეთ ამ ყველაფერს.“

ნინო წულუკიძე, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე: „ჯერ არაფრის თქმა შემიძლია, საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ვერაფერს გვპირდებიან, ვერც ბინის მშენებლობას დაასრულებენ და არც ანაზღაურებაზე არის საუბარი. ჩვენ მხოლოდ მიწის დაბრუნებაზეც თანახმა ვიქნებით, თუკი ეს მოხერხდება.“

 

***

ვითარების გასარკვევად მივმართეთ შპს „ევროპროექტის“ წარმომადგენელს, გია ჯიბლაძეს, რომელთანაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტი უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს. მეოთხედ რომ მივედი მასთან ოფისში, მხოლოდ მაშინ შევძელი ამ ინფორმაციის მოპოვება (პირადი საუბრის დროს): „ლიტვაში ვეძებთ ჩვენს პარტნიორს, რომელიც გაიქცა და სანამ არ ვიპოვით, მანამ ვერავის ვერაფერს დავპირდებით. მე ჩემი ფული დავხარჯო და მისი საქმე გავაკეთო? ასე არ გამოვა.“ 

გამოდის, რომ 8 ოჯახის ბედი მხოლოდ ვინმე ვალერიუს ქუნთელიას პოვნაზეა დამოკიდებული. საკითხავი ის არის, რა გზებით ეძებენ ამ პიროვნებას, მაშინ, როცა ხელშეკრულებაში წერია: „ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.“ ყველაფერი ნათელია: დროის გაჭიანურებით, დადგენილებას ხანდაზმულობის სტატუსი მიენიჭება (როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმიმარტეს, უძრავ ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებას ვადა 6 წელიწადში გასდის, ანუ ზემოხსენებულ აქტს 2015 წელს შეუწყდება მოქმედების დრო) და, შესაბამისად, ვერავინ ვერაფერს ვეღარ მოითხოვს.

დაზარალებულმა მხარემ ერთადერთ გამოსავალს ისევ სასამართლოს გზით საკუთრების დაბრუნებაში მიაგნო.

მზია დოღონაძე, ადვოკატი: სასამართლო საქმის დასაწყებად ითხოვს სადავო თანხის (180000 აშშ დოლარის) 3%-ს. ამ ხალხს კი თანხის გადახდა არ შეუძლია ფიზიკურად. ამიტომ სამ ოჯახს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნებიან, სასამართლო ათავისუფლებს გადასახადისგან და აღვძრავთ სარჩელს მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება პლუს მიწის დაბრუნება), ხოლო დანარჩენმა ხუთმა ოჯახმა უნდა იბრძოლოს მიწის დასაბრუნებლად. საქმე სამართლებრივად მოწესრიგებულია, ყველა დოკუმენტი ადგილზეა და მწყობრშია, ამიტომ, 100%-ანი შანსი აქვთ საქმის მოგებისა. ბაჟის გადახდის შემთხვევაში სასამართლო განხილვის შემდეგ მოქალაქეებს ის უკან დაუბრუნდებათ და მას დამარცხებული მხარე გადაიხდის.“

თუმცა, საკითხავია, სასამართლო ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე: „ძებნილ“ ვალერიუს ქუნთელიას, თუ გია ჯიბლაძეს, რომელსაც შპს „ევროპროექტის“ „მეწილედ“ ასახელებს დაზარალებული მხარე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია