დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ გვჯერა და გაგვატარეთ!“
2012/07/16 13:21:28

ნახევრად რეაბილიტირებული, რამდენჯერმე ლენტგაჭრილი შენობები

 

მაღალჩინოსნების მხრიდან ნახევრად აშენებული ან რეაბილიტირებული შენობების გახსნა და კამერების წინ ლენტის გაჭრა უკვე ტრადიციად იქცა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყოველივე წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ამ ტრადიციას წლების ისტორია აქვს და ქუთაისშიც მსგავსი შენობები უხვად დაგვიგროვდა.  

კონტროლის პალატა, ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრი, „თი ბი სი“ ბანკი, ყოფილი კინო „საქართველოს“ ტერიტორიაზე მდებარე გასართობი ცენტრი, პარლამენტის შენობა, მთავრობის სახლი, ლადო მესხიშვილის თეატრი... ეს იმ გრძელი ნუსხის არასრული ჩამონათვალია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის პირველმა პირმა მხარისა და ქალაქის პირველ პირებთან ერთად მაშინ გახსნა, როცა სამუშაოები იქ სანახევროდაც არ იყო შესრულებული.

ბოლო დროის ერთი ასეთი ნათელი მაგალითია პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, 2012 წლის 26 მაისს კი პარლამენტის შენობის მხოლოდ ერთი, სხდომათა დარბაზი გამზადდა, სადაც პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომა გამართა, სხდომის დაწყებამდე კი მუშებს „მიეხმარა“ და პარლამენტის მინის სახურავი კონსტრუქციაში ჩაასმევინა. პრეზიდენტმა თამამად განაცხადა, რომ შენობაზე, რომელზეც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა, შეიძლება წყალიც ჩამოვიდეს და სახურავი ქარმაც წაიღოს.

„რა თქმა უნდა, წყალიც ჩამოვა (პარლამენტის ახალ შენობაში) აუცილებლად. მათთვის, ვინც ჩასაფრებულია, მინდა ვუთხრა, სახურავის რაღაცა ნაწილი ქარმაც შეიძლება წაიღოს კიდეც. ყოველთვის შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ... მაგრამ ამაში ჩვენ ის გვაკრიტიკებს, ვინც 15 წელი არ აპროტესტებდა, რომ ყველაფერს ანგრევდნენ; ვისაც დღეს უნდა ყველაფრის უკან დაბრუნება, რაღაცების დანგრევა, იმათგან მე ამ საყვედურს არ მივიღებ.“ - განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებიდან (რომ, შეიძლება, რამდენიმე მილიონიან შენობაში წყალი ჩამოვიდეს, ან სახურავი ქარმა წაიღოს), რამდენიმე კვირაში, შენობის გვერდით მდებარე ფლიგელი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ინფორმაციით, დაშავდა ოცამდე ადამიანი.


***

ბალანჩივაძეების სახელობის საოპერო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, სამშენებლო კომპანია შპს „დაგი“ ასრულებდა. თავდაპირველად თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო, მოგვიანებით კი ამდენივე დაემატა. როგორც კი თეატრის ფასადი დასრულდა, პრეზიდენტმა ქუთაისის საზოგადოების შერჩეული ნაწილი მოიწვია და მათ თეატრის გახსნა მიულოცა, „დე ფაქტო“ შენობა კი რამდენიმე თვის შემდეგ დასრულდა.

„2012 წელი ქუთაისის წელია საქართველოში. იმ გაგებით, რომ ქუთაისში დამთავრდება პარლამენტის მშენებლობა, ქუთაისში დასრულდება მთავრობის კანცელარიის მშენებლობა, გაიხსნება ახალი საწარმოები, სადაც უამრავი ხალხი დასაქმდება და აქ ახალგაზრდებს ექნებათ პერსპექტივები. ეს არის მართლა მაგარი ქალაქი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და, ჩვენი ზომის ქვეყნებისგან განსხვავებით, რამდენიმე ქალაქს ვავითარებთ.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ოპერის თეატრის ფასადის პრეზენტაციისას.

ხოლო უკვე მეორედ გახსნისას დასრულებულ ოპერის თეატრში პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. განახლებული ოპერის თეატრის ოფიციალურ გახსნამდე, პრეზიდენტმა ცენტრალურ მოედანზე ახლადაშენებული „თი ბი სი“-ს ბიზნეს ცენტრის შენობა მოინახულა. ცენტრის მშენებლობა 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე ადამიანი ბოლო პერიოდში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.
„ვისაც არაფრის სჯერა და მხოლოდ ქილიკობს, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ვიტყვი, რომ ეს არის არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, არამედ - ძალიან ლამაზი, მაგარი, დახვეწილი ევროპული ქალაქი. კაფეში ვისხედით და ვფიქრობდი, რომ ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ. ქუთაისი მუსიკის დედაქალაქია, აქ მოღვაწეობდნენ ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე და მისი ორივე ვაჟი და სხვა მრავალი; ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებას, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, საფუძველი სწორედ აქ ჩაეყარა, ჩვენ დღეს გავხსენით ოპერა და „მიუზიკ ჰოლი“. - ბრძანა ქვეყნის პირველმა პირმა.

 

***

ნახევრად ამორტიზებულ მდგომარეობაშია ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობაც, რომელიც 2 მაისს თავად გახსნა პრეზიდენტმა. სამუშაოები ამ დრომდეც დაუსრულებელია, თუმცა ფართო საზოგადოებისათვის ისეა ცნობილი, თითქოს თეატრი დასრულებულია.

„მე მიხარია, რომ დღეს ქუთაისელებს ახალი, რეაბილიტირებული და გახსნილი თეატრიდან მივესალმები. ეს არის თეატრი, რომელიც   ყველაზე  დიდია  ქვეყნის   მასშტაბით.  რეაბილიტირების პროექტის  ფარგლებში სრულიად განახლდა თეატრის ყველა კუთხე-კუნჭული, რაც მისასალმებელია. მსგავსი მასშტაბური რეაბილიტირება ამ თეატრის ისტორიაში არ ყოფილა!“ - განაცხადა 2 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალაზე მუშაობისას მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან გავიგეთ, რომ თეატრის მხოლოდ ერთი ნაწილია დასრულებული.

პრეზენტაციიდან თვეების შემდეგ ასეთია საერთო სურათი ქუთაისში არსებული ნახევრადრეაბილიტირებული და ნახევრადდასრულებული შენობებისა. არჩევნები ახლოვდება. ვინ იცის, შეიძლება ისინი კიდევ ერთხელ მოხვდნენ ტელეკამერების ობიექტივში...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია