დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიმინდის თესლი გენმოდიფიცირებულია?
2011/02/28 12:19:46

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით   150  მილიონი  ლარი  გამოყო.  თუმცა  ნაცვლად  ადგილობრივი მარცვლეულის წარმოების გაზრდისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყანაში ე.წ. ჰიბრიდული სიმინდი შემოიტანა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, პიარს თავად ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი უკეთებს: რამდენიმე დღის წინ სამტრედიის რაიონში, ერთ-ერთი „გლეხის“ საკმაოდ ფეშენებელურ სახლში სტუმრად მიბრძანებული მიხეილ სააკაშვილი, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, ჰიბრიდული სიმინდის ავკარგიანობას განიხილავდა, თუმცა... არა, ავკარგიანობაზე კი არა, მხოლოდ და მხოლოდ დიდ შედეგიანობაზე საუბრობდა...

მოსახლეობას ჰიბრიდული სიმინდის შეძენა სოფლის გამგეობაში შეტანილი განცხადებით შეეძლება, თანხის დაფარვა კი - შვიდი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად.

სიმინდის ხარისხმა და წარმოებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, ითქვა, რომ, შესაძლოა, სიმინდი გენური ინჟინერიის შედეგი იყოს და იგი კატასტროფას მოუტანს ჩვენს რეგიონს.

საპატრიარქოსთან არსებული ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაზე მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნულ ცენტრში გაერთიანებული 35 მეცნიერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, ერიდონ შემოტანილი ხორბლისა თუ სიმინდის გამოყენებას, თუ არ დარწმუნდებიან, რომ ის გენმოდიფიცირებული არ არის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ამ ცენტრის პრეზიდენტს, აკადემიკოსს, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ომარ კერესელიძეს.

- ბატონო ომარ, სიმინდის თესლმა, რომელიც ახლა შემოაქვთ, მოსახლეობა შეაშფოთა - ვარაუდობენ, რომ ის გენმოდიფიცირებულია. მაინც, რას ნიშნავს გენური ინჟინერია და რა მოაქვს მას ადამიანებისათვის?

- დედამიწის მოსახლეობის არაპროგნოზირებულმა ზრდამ მეცნიერება აიძულა, საკვებზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არატრადიციული ტექნოლოგიური საშუალებები გამოენახა. ამ თვალსაზრისით, გენური ინჟინერია ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებაა.

გენური ინჟინერია მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი, შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი მეთოდოლოგიაა, რომლის დამოუკიდებელ მიმართულებად ჩამოყალიბება მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო.

გენეტიკური მოდიფიკაცია გულისხმობს ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის გენეტიკური ნიშან-თვისების შეცვლას. საერთოდ, გენური ინჟინერია წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ახალ მიმართულებას და კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული მონოკულტურებზე, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შემცირებას. მისი საშიშროება, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ მისი „პროდუქციისათვის“ არ არსებობს გზა უკან.

იმის გასაგებად, თუ როგორ აისახება ასეთი პროდუქტის  გამოყენება მომავალ თაობაზე, სერიოზული დასკვნებისათვის მინიმუმ 50 წელი მაინც არის საჭირო, ჩვენს ქვეყანას კი ამის ფუფუნება არ გააჩნია. თუმცა, მიუხედავად მცირე პერიოდის გავლისა, დღემდე ჩატარებული რიგ მეცნიერთა კვლევებიც საკმარისია, რომ უარი ვთქვათ გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენებაზე.

- სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შემოტანილი სიმინდის თესლი ჰიბრიდულია და სიმინდის წარმოებას გააუმჯობესებს. არის თუ არა ეს თესლი, სინამდვილეში, გენმოდიფიცირებული?

- ეს რომ დაზუსტდეს, უნდა ჩატარდეს კვლევები, რაც დღეს არ ხდება. მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ოფიციალური წერილით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მათ მოეწოდებინათ ინფორმაცია შემოტანილი სიმინდისა და ხორბლის მახასიათებლებთან დაკავშირებით, მათი მწარმოებელი ფირმების ჩვენებით, ანუ გაეცნოთ ჩვენთვის - გააჩნია თუ არა შემოტანილ თესლს  გენმოდიფიცირებული პროდუქციის სახეობის დამადასტურებელი და მარკირების შესაბამისი აღნიშვნები. მათ გადაგვამისამართეს „სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან“, რომელმაც შემოიტანა აღნიშნული თესლი. შემდგომ წერილი გავუგზავნეთ ამ კორპორაციასაც, მაგრამ თითქმის ორი თვე გავიდა და მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.  აქედან დასკვნა თავად გააკეთეთ: გვიმალავენ თუ არა სიმართლეს?

- ესე იგი, გენმოდიფიცირებულია...

- კარგია, ქვეყანაში ტურიზმი რომ განვითარდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც უცხოელი საქართველოში მოგზაურობს, ეკოლოგიურად სუფთა ქართული სამზარეულოს გაცნობაა. რატომ დაინტერესდება ტურისტი, თუ ხაჭაპურსა და ელარჯში გენმოდიფიცირებული ფქვილი და ასევე გენმოდიფიცირებული პროდუქტით გამოკვებილი ძროხის ყველი იქნება გამოყენებული? ჩვენ ამ ბოლო დროს ვიყენებთ ტერმინს „ სურსათის უვნებლობა“, ადრე მას ეწოდებოდა ხარისხი და იყო „გოსტი“ - სახელმწიფო სტანდარტი, რომლის მიდგომაც ამ საკითხთან დაკავშირებით არ გახლდათ საკმარისი, რადგან ამ დროს ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მხოლოდ მწარმოებელს. ეს არ არის სწორი, რადგან სურსათის უვნებლობაში მოიაზრება ყველაფერი, ამიტომ ამ პროცესს უწოდებენ: „მინდვრიდან - ჩანგლამდე“.

- არის თუ არა პროდუქტის მარკირება აუცილებელი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

- საერთოდ, გენმოდიფიცირებული თესლი ჩვეულებრივზე მეტ მოსავალს გვაძლევს, მას ეს უპირატესობა გააჩნია, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, როდესაც გენმოდიფიცირებული თესლი შემოდის, იცოდეს ამის შესახებ. უნდა მოხდეს თესლის შემოწმება.

სურსათის კვლევის სფეროში არსებობდა რიგი მაკონტროლებელი ორგანოები, არსებობდა „საქსტანდარტი“, სანეპიდსადგური, მაგრამ ეს ყველაფერი გაუქმდა... 2010 წლის იანვრიდან ისევ უნდა გაგრძელებულიყო ამ ორგანოების მუშაობა, მაგრამ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, ისევ გადაეწიათ 5 წლით. ამ ეტაპზე, სურსათის ხარისხს ქვეყანაში არც ერთი ორგანო აღარ აკონტროლებს, ეს პროცესი მიშვებულია თვითდინებაზე, ამის გადაწყვეტა თვით მომხმარებელს მიანდეს. საერთოდ, მიზეზი მაკონტროლებლის გაუქმებისა არ იყო მცდარი - კორუფციის წინააღმდეგ გახლდათ მიმართული, რადგან ეს ორგანოები ძალიან კორუმპირებულნი იყვნენ. მაგრამ, გაუქმების ნაცვლად, უნდა მომხდარიყო ამ მეთოდის დახვეწა, რათა დღეს მოსახლეობას ჰქონდეს იმის გარანტია, რომ შეძენილი სურსათით არ მოიწამლოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი წარმოების პროდუქტი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა, ჯერჯერობით, ამას ვერ გრძნობს. გენმოდიფიცირებული ხილი ძალიან ლამაზია, დიდხანს ინახება და თუ ეს ლაბორატორიულად არ გაისინჯა, ამას მოსახლეობა თავისით ვერ მიხვდება. ამ შემთხვევაშიც ხალხი მოტყუებული გამოდის.

2005 წელს მიღებულ იქნა კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ, მაგრამ ქვეყანაში არ არის კანონმდებარე აქტები, იმისათვის, რომ მივიღოთ ის პროდუქცია და მოხდეს მისი მარკირება. აკრძალვაზე საუბარი არ არის. ჩვენ არც პოლიტიკური დატვირთვის მიცემას ვაპირებთ თემისათვის. ამ წუთში მეცნიერთა უმრავლესობა იმისთვის ვიბრძვით, რომ პარლამენტში დაისვას საკითხი და ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქცია იყოს მარკირებული! და ეს პროცესი საბაჟოზევე უნდა მოხდეს!

- კრძალავს თუ არა ჩვენი კანონმდებლობა გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანას?

- მსოფლიოში არსებობს ორი მეთოდი: ამერიკული და ევროპული. ამერიკულით შეიძლება გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქვეყანაში შემოდიოდეს, ოღონდ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი. ევროპაში კი, გარდა ზოგიერთი ქვეყნისა, სადაც მხოლოდ პროცენტული შეზღუდვა დაწესდა, გენმოდიფიცირებული პროდუქცია თითქმის ყველგან აიკრძალა.

ჩვენთან, ჯერჯერობით, აკრძალვაზე საუბარი არ არსებობს, რადგან ქვეყანა ფინანსურ-ეკონომიურად ძალიან დაბალ დონეზეა და ყველაფერი რომ აიკრძალოს, ხალხი შიმშილით დაიხოცება. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

ჰიბრიდული თესლის შემოტანის დროს უნდა მოხდეს მისი ადგილობრივ პირობებში გამოცდა: რამდენად იქნება კლიმატურ პირობებს შეგუებული და მოსავლიანი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი თესლი მეორე წელიწადს მოსავალს არ იძლევა და გლეხს მისი შესყიდვა თავიდან მოუხდება!

 

***

შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და გაურკვევლობის მიუხედავად, სოფლების ხელმძღვანელები მოსახლეობაში ჰიბრიდული სიმინდის პროპაგანდას აქტიურად ეწევიან. ჩვენ გამოვკითხეთ ახლომდებარე რაიონების მკვიდრნი,  რომელთაც ერთხმად აღიარეს, რომ ადგილობრივი გამგეობების წარმომადგენლები მათთან სისტემატურად დადიან და „უხვმოსავლიან, წვიმაგამძლე და სასარგებლო თესლს“ სთავაზობენ. აქვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეულ დახმარებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც სიმინდის საფასურის ეტაპობრივად დაფარვას გულისხმობს.

გლეხმა კი არ იცის, რომ ესოდენ ნაქები სიმინდი მომავალ წელს მოსავალს არ მისცემს და მას თესლის შეძენა კვლავ მოუხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სახელმწიფოსთან მრავალწლიან ვალში ყოფნა მოუწევს.

ჩვენს მიერ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას შემოტანილი სიმინდის ჯიშიანობაზე. რატომაა ხელისუფლება დაინტერესებული, მოხდენილად დამალოს აღნიშნული მარცვლის წარმომავლობა და მოსალოდნელი შედეგები? მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს, რომ ამ სიმინდის დათესვით, შესაძლოა, თესავდეს საკუთარ დაავადებას, რადგან არსებობს საკმაო ეჭვი იმისა, რომ ეს პროდუქცია გენმოდიფიცირებულია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია