დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტები იმერეთის ტურისტულ პოტენციალს სწავლობენ
2010/11/08 12:57:12

დაახლოებით ერთ წლის წინ, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიიდან ევროკომისიაში საგრანტო განაცხადი გააკეთეს. პროექტი, რომლის ღირებულება 724 ათას ლარს შეადგენდა, ტურიზმის სტრატეგიის შექმნას მოხმარდება. თანხა სამ ქალაქზე გადანაწილდება. ქუთაისის მერიის პარტნიორები არიან ვენეციის მხარის (იტალია) და ქალაქ უნგენის (მოლდავეთი) თვითმმართველობა.

 

2 ნოემბერს ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ერთიანი მიდგომა მდგრადი ტურისტული პროდუქციის მიმართ: საქართველო და მოლდოვა“.  მისი ძირითადი მიზანია სტაბილურად განვითარებული ტურიზმის შექმნა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სოციალური უთანასწორობის შემცირება, თანამშრომლობის დაწყება ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის შექმნისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალბატონი ჯორჯია ანდრუეცა - ვენეციის პროვინციის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში; პროფესორი რომანო ტოპანი - ვენეციის პროვინციის უფროსი კონსულტანტი ტურიზმის საკითხებში, პროექტის მრჩეველი; ბატონი მაურიციო მარჩინი „კონფარტიჯიანატოს“ ევროპის წარმომადგენლობის ექსპერტი; ბატონი ედვარდ კელი - საერთაშორისო მნიშვნელობის ექსპერტი ტურიზმის საკითხებში; ბატონი ალექსანდრე ამბროსი - მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.

პროექტის განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ მერიის წარმომადგენლები, ქუთაისში მოქმედი ტურისტული სააგენტოების ტურ-ოპერატორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტის პროფესორები.

„შეხვედრის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივ ინტერესებს სამთავრობო ინტერესები შევუთანხმოთ, ამის შემდეგ შევქმნათ მდგრადი ტურისტული განვითარება რეგიონში. ქუთაისში ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს არა მარტო ჩამოსული ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისათვისაც. მიმზიდველი გარემო რომ იყოს, პირველ რიგში, საჭიროა, მოწესრიგდეს წყლის სისტემა, კანალიზაცია, შემდეგ ვიფიქროთ ქუჩებისა თუ სკვერების მოწყობაზე. საჭიროა გავითვალისწინოთ ხალხის ინტერესები, თუ როგორ ხედავენ ისინი ქალაქის განვითარებას,“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბრის დროს ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში, ბატონმა ედვარდ კელიმ.

ვინაიდან ტურიზმი საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკის მნიშვნელოვან მზარდ სექტორს წარმოადგენს, ამიტომ ქუთაისისა და უნგენის წარმომადგენლები მზად არიან, ხელი შეუწყონ ამ პროცესს, მდგრადი და მეგობრული განვითარების მხრივ. ეს ნიშნავს, მოინახოს ბალანსი ტურისტთა და ადგილობრივ მცხოვრებთა მოთხოვნებს შორის, როგორც სადღეისოდ, ისე სამომავლოდ. პროექტის მიზანია, რომ მოხდეს იტალიელი პარტნიორების გამოცდილებისა და წარმატებული ღონისძიებების გაზიარება ჩრდილო ადრიატიკის რეგიონიდან, რის საფუძველზეც მოხდება ქუთაისში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შექმნა.

„პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ექსპერტები სწავლობენ ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ პოტენციალს. ამის შემდეგ დაიწერება დოკუმენტი ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე. შემდეგ შეიქმნება გზამკვლევები, საინფორმაციო ცენტრი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია ქალაქის ცენტრში. ჩვენ შევქმნით ტურისტულ პროდუქციას გაისად, საფუძველს კი წელს ჩავუყრით,“ - აცხადებს თენგიზ თოფურიძე, მერიის აპარატის უფროსი.

„სტუმრებს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა ძირითად თემასთან დაკავშირებით. დოკუმენტს, რომელზეც ვმუშაობთ, ჰქვია „ტურიზმის განვითარება იმერეთში.“

„პირველ რიგში, საჭიროა ანალიზი, რომელიც მოიპოვება კვლევის შედეგად; სინთეზი და მთავარი შემადგენელი ნაწილი - მენეჯმენტი. საქართველოში ნებისმიერ ქალაქსა და სოფელს აქვს შანსი, იყოს მიმზიდველი უცხოელებისათვის,“ - განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა კონსტანტინე ჭარხალაშვილმა, რომლის ავტორობით დაწერილი წიგნი „ქუთაისში ტურისტული განვითარების სტრატეგიისათვის“ სტუმრებს ბროშურებთან, რუკებთან და სიმბოლურ ნივთებთან ერთად საჩუქრად გადასცეს. თავის მხრივ სტუმრებმაც აჩუქეს სიმბოლური ნივთები მერიის წარმომადგენლებს.

სალომე კაპჭელაშვილი  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია