დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ უნდათ კომისიის მდივნობა
2010/06/28 12:42:27

უკვე ექვსი წელიწადი გავიდა, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანაც ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის: ვარდებიც დარგეს, ფასადებიც შეგვირემონტეს, გზებიც დაიგო, ნაგვის ურნებიც დაგვირიგეს, წყლის მილებსაც ცვლიან და გაზიც შეჰყავთ მოსახლეობაში. ბიუჯეტიდან უამრავი მილიონიც მოედინება სხვადასხვა პროექტისა თუ პროგრამის განხორციელებისათვის. ხალხიც ხედავს მათ მონდომებას - ააშენონ იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე გვქონდა, რის გამოც უბრალო მოსახლეობამ მათ მადლიერების ნიშნად ერთპიროვნულად მისცა ხმა და 2010 წლის საკრებულოს არჩევნებში ისევ ნაციონალებმა იზეიმეს გამარჯვება. მიუხედავად ყველაფრისა, ეს გახლავთ მხოლოდ ერთი კაცის - საქართველოს პრეზიდენტის დამსახურება, რომლის დათესილსაც გულუხვად ინაწილებენ მისი პარტიული თანამზრახველები. სახელმწიფოს ბალავერი ჩაყრილია, ჩვენ ამჟამად მის კედლებს ვაშენებთ, თუმცა, უბრალო ადამიანი ისევ დაჩაგრული და უპატრონოდ მიტოვებული გახლავთ. როგორც ერთი ქართული ანდაზა გვეუბნება - „გარეთ მტერს ვუვსებთ თვალს და შიგნით მოყვარეს“, იმიტომ, რომ ჯერაც ფასადური სახელმწიფოს მშენებლებად ვრჩებით. ჩვენს ხელისუფლებას მოსახლეობის ერთი ნაწილი საზღვარგარეთ ჰყავს გახიზნული სამუშაოდ, იმიტომ, რომ თავად ვერ ასაქმებს. ერთი მეოთხედი ძალოვან სტრუქტურებში გახლავთ დასაქმებული და სახელმწიფო აპარატის უშიშროებას იცავს. ერთი მეოთხედიც პენსიონერია და სანახევროდ მშიერი დადის, ხოლო დარჩენილი ერთი მეოთხედი მთლიანად მშიერია და სამართალსაც ვერსად პოულობს.

მიუხედავად უამრავი მსჯელობისა და მცდელობისა, სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, დაიცვას და დაიფაროს საკუთარი მოქალაქე, მას ვერ იცავს. ის დახმარებები, რომელსაც ისინი სოციალურად დაუცველებს აძლევენ, მას მხოლოდ იმისაგან იცავს, რომ ქუჩაში მშიერი არ წაიქცეს. ქუთაისის მერიის პირველ სართულზე ყოველდღიური პრობლემებით გადატვირთული, განერვიულებული და გაღიზიანებული მოქალაქეები დარბიან და სამართალს ეძებენ, მეორე და მესამე სართულზე - ხელისუფლებისა და ნაციონალების ფავორიტები, ბედნიერი სახეებით, მოქალაქეთა სატკივარით სავსე განცხადებებს ერთი სტრუქტურიდან მეორეში აგზავნიან და თავს ამით ირთობენ, ხოლო ბრძანებებს, თუ რა უნდა აკეთონ დამოუკიდებლად, მხოლოდ ზემოდან ელოდებიან.

როგორც პირადი პრობლემებით შეწუხებულმა ერთმა რიგითმა მოქალაქემ, მრავალი შვილის დედამ, გადავწყვიტე გამოცდილების მისაღებად 2010 წლის საკრებულოს არჩევნებში ჩავრთულიყავი, იქნებ ოჯახის ტვირთი ამ არჩევნების ხელშეწყობით ცოტათი მაინც შევიმსუბუქო-მეთქი და... ავტოქარხნის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი გავხდი. პირველსავე დღეს 12 წევრი შევიკრიბეთ, ერთი - საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა, როგორც შემდგომ გავარკვიე, ის ერთი ღვაწლმოსილი პერსონა, სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის პროფესორი, ქალბატონი დალი სილაგაძე აღმოჩნდა, რომელსაც საკმარისზე მეტი საარჩევნო საქმიანობის გამოცდილება გააჩნდა. თავმჯდომარედ ერთი მოკრძალებული და სასიამოვნო გარეგნობის მქონე ახალგაზრდა ყმაწვილი - თენგიზ ლეშკაშელი ავირჩიეთ, რომელიც დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება აღმოჩნდა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვიდასტურეს, არჩევანში არ შევმცდარვართ, მან მართლაც ჩინებული წინამძღოლობა გაგვიწია. მდივნად ამ წერილის ავტორი ამირჩიეს იმიტომ, რომ კომისიის ყველა წევრმა მდივნობაზე ისეთი მწარე უარი განაცხადა, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ესეც ჩემი გამოუცდელობით დამემართა. რამდენიმე დღის შემდეგ ლტოლვილთა კომიტეტიდან ბატონი ბორია კაკაჩია გვესტუმრა კოლეგების მოსანახულებლად. როგორც მითხრეს, ის კომუნისტური წყობიდან მოყოლებული, საარჩევნო უბნების მუდმივი თავმჯდომარე გახლდათ და სწორედ მან ამიხსნა, თუ რატომ არ სურდა არც ერთ გამოცდილს მდივნად მუშაობა: „ერთხელ მაინც თუ გაუძლებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, საარჩევნო შტაბის კიბეებზე დგომას მთელი ღამის მანძილზე, მეორედ მდივნობას აღარ ისურვებო“.

არჩევნები რამდენიმე დასკვნის გამოტანაში დამეხმარა: ძალიან საინტერესო, მეგობრული და ურთიერთშეთანხმებული კოლექტივი შევკარით: - ერთი ქალაქის შვილები ვართ, ერთმანეთისათვის ყველანი ძალიან ძვირფასები და, ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ ჩემი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერების მიერ წარმოთქმული გაფრთხილება მართალი აღმოჩნდა: „ჩვენს გარდა, ყველა ოპოზიციონერი  ნაციონალთა  მოსყიდულები  არიან  და  მათი მოწოდებული ჭიქით წყალიც არ დალიოთ, თქვენს გადაბირებას შეეცდებიანო. „უბნის ორმა თუ სამმა ახალგაზრდა წევრმა ოპოზიციური პარტიებიდან ისიც კი არ იცოდა, თუ სად მდებარეობდა მათი პარტიის ოფისი, საარჩევნო უბნის 13 წევრიდან მხოლოდ სამი იყო საჯარო მოხელე, სხვა დანარჩენები, ყველანი, 10-15 წლიანი უმუშევრები აღმოჩნდნენ, სამაგიეროდ საკმაო საარჩევნო გამოცდილების მქონენი, საიდანაც გავაკეთე დასკვნა ?1: ამ ხალხისათვის, ამ მოწესრიგებული, მონდომებული, უნარიანი მოქალაქეებისათვის დასაქმების ერთადერთ ალტერნატივას 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებული ერთთვიანი სახელისუფლებო არჩევნები წარმოადგენს, სადაც შეუძლიათ ახალი მეგობრები გაიჩინონ და პომიდვრის სოუსის ახალი რეცეპტებიც გაუზიარონ ერთმანეთს.

დასკვნა ?2: ნაციონალებს საქართველოში მათუსალების პარტიად გადაქცევის პერსპექტივა გააჩნიათ. ჩვენი საარჩევნო უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისში უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება და საკრებულოს წევრი, ბატონი მერაბ მეშველიანი აღმოჩნდა, რომელიც მეორედ იყრიდა კენჭს საკრებულოს წევრობაზე. მაშინვე მივხვდი, რომ უპრობლემოდ გავიდოდა, რადგანაც ამომრჩეველთა სიებში ყველა დევნილი აღმოჩნდა. ამ ხალხს სურს, თუ არ სურს, - მაინც მტკიცე ჯაჭვით გახლავთ გადაბმული საკუთარ ხელისუფლებაზე, რომლის ხელშეწყობითაც მშობლიური აფხაზეთი დატოვეს. და ხელისუფლებამ იმით მოიმადლიერა, რომ ჰექტრობით მიწა-წყლის მქონეთ ასანთის კოლოფის ტოლა ოთახები გაურემონტა და შეასახლა. ამ ადამიანებმა არჩევნების დღეს ჩვენი უბნის გადასატანი ყუთით მისული, ცქრიალა, ხალისიანი სტუდენტი კომისიის წევრი გოგონები დედის გინებითა და შეურაცხყოფის მიყენებით გამოისტუმრეს იმ თავისი ერთი ციცქნა სადგომებიდან. როცა შექმნილი სიტუაცია სიგრძე-სიგანით გადავზომე, გავაკეთე დასკვნა ?3: „მშიერი ადამიანი ჭიაყელას ოდენა სატყუარითაც იოლად შეგიძლია დაიჭირო.“ ავტოქარხნელი ამომრჩევლები ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გაგზავნილი ფერადი მოსაწვევებით და ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახების მქონეთათვის დარიგებული 20 ლარიანი საჩუქრებით იოლად მოიხიბლნენ და ოპოზიციური პარტიებიდან მათთვის უცნობ ღირსეულ კანდიდატებს უმეტესობამ ისევ უღირსი ნაციონალი კანდიდატები არჩია.

რადგანაც უკვე გაფრთხილებული ვიყავი, რომ მდივნისა და თავმჯდომარისათვის ყველაზე მძიმე განსაცდელს არჩევნების ღამე წარმოადგენს, მე კი ბავშვობიდან გულის არითმია მაწუხებს, დილაუთენია ორივე ჯიბე საგულე წვეთებით გამოვიტენე.

არჩევნების დღემ, ჩვენი საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა ერთსულოვნებისა და მოწესრიგებულობის წყალობით, მშვიდობით ჩაიარა. პროფესორმა ქალბატონმა დალი სილაგაძემ ნამდვილად ვაჟკაცურად და პატიოსნად იომა ღამის სამის ნახევრამდე იმისათვის, რომ ყველა ხმა გამჭვირვალედ გადარიცხოდა მაჟორიტარ დეპუტატებსა და საარჩევნო პარტიებს. შედეგები ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი: ოთხასი ამომრჩევლიდან სამასზე მეტმა მერაბ მეშველიანს მისცა ხმა, ის კი არადა, ერთი კოდორიდან დევნილი, ოთხჯერ მობრუნდა საარჩევნო უბანში, - „საარჩევნო კაბინაში რომ შევედი ხმის მისაცემად, არ მეცალა, მეშველიანის გვარის შემოხაზვა დამავიწყდა და ძალიან გთხოვთ, ერთხელ კიდევ მომეცით საშუალება, ხმა მივცეო!“ - რა თქმა უნდა, ვერ დავეხმარეთ და ვურჩიეთ, მომავალი არჩევნებისათვის, როცა მეშველიანი მესამედ იყრიდა კენჭს დეპუტატობაზე, მეტი მობილიზება გამოეჩინა.
როცა ყველა ხმა გადავთვალეთ, ბიულეტენები ჩავაწყვეთ, ოქმები მოვაწესრიგეთ, პოლიციის ბადრაგი გამოგვეცხადა და ჩვენც ჩვენი კომპიუტერითა და ბიულეტენებით სავსე ტომრით ცენტრალური შტაბისაკენ გავწიეთ. პოლიციის მანქანაში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ისეთი გაბარიტებისა აღმოჩნდა, მთელი უკანა სავარძელი მარტო მან დაიკავა და ჩვენ სადღა ჩავეტეოდით. ვიღაც მადლიანმა გამვლელმა ჩვენი მადლი მოისხა, არ ვიცი, ადგილობრივი მცხოვრებთაგანი იყო, თუ შემთხვევით გზაზე დაჭერილი მძღოლი, და მისი ხელშეწყობით საარჩევნო შტაბს მივადექით. ჩვენი პრეზიდენტის თანადგომით, მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რა თქმა უნდა, შუაღამის მიუხედავად, დღესავით ბრდღვიალებდა, ცენტრალური საარჩევნო შტაბის შესასვლელში ვდურთეთ თავი. რადგანაც გაფრთხილებული ვიყავი, საგულე საშუალებები ღამის 12 საათიდან ოთხჯერ უკვე მქონდა მიღებული და ფსიქოლოგიურად ყველაზე უარესისათვის ვიყავი შემზადებული, მაგრამ იმას, რაც ვნახე, მაინც არ ველოდი.

ჩემს წინ ნახევრად ბნელი, გრძელი ვესტიბიული და კიბეები ხალხით იყო სავსე. იატაკზე საცოდავად მიწყობილი 800 ლარიანი კომპიუტერებით და უკვე მაკულატურად ქცეული ბიულეტენებით სავსე ტომრებით ქუთაისის 140-ზე მეტი უბნის წარმომადგენლები საცოდავად იდგნენ: ზოგი კიბეებზე და ზოგიც კიბეებს ქვემოთ და 37-იან წლებში დასახვრეტად გაყვანილი პატიმრებივით საკუთარი განაჩენის საათსა და წუთს მოთმინებით ელოდებოდნენ. ერთი ნაწილი უხმოდ იტანდა თავის გასაჭირს, მეორე ნაწილი, უმეტესად - ქალბატონები, მთელი 5 საათის მანძილზე ქუჩის მოვაჭრეებივით გამუდმებით უმტკიცებდნენ ყველა მის წინ მდგომს, რომ ღამის პირველი საათიდან ელოდებოდნენ თავის რიგს და აუცილებლად პირველები უნდა ასულიყვნენ ამ კიბეებზე.

კიბის შუაში მდგომი, დაცვის პოლიციის წარმომადგენელი, სულსწრაფთა შეკავებას მშვენივრად ართმევდა თავს, მაგრამ ზოგიერთი საარჩევნო უბნის ჭკვიანი წარმომადგენელი თავის უბანზე მიმაგრებულ პოლიციელებს წინ გაიძღვანიებდა და კიბეებზე არხეინად „უბერავდნენ“, ყოველგვარი რიგისა და წესის დაცვის გარეშე ახერხებდნენ საათობით რიგში მდგომთა წინაღმდეგობათა გადალახვას და თავის ავლადიდების შტაბში ატანას. იმ ოთხი საათის მანძილზე, რომელიც საარჩევნო შტაბის გაურემონტებელ შესასვლელში თუ ასასვლელში გავატარე, გულის წვეთები კიდევ ოთხჯერ მივიღე და კიდევ ერთი ჩინებული დასკვნა გავაკეთე: ჩვენ ჩვენი ხელისუფლებისათვის საჭირო ოთახში აუცილებელი ქაღალდის მეტს არაფერს წარმოვადგენთ! იმ კიბეებზე, იმ ღამით ქუთაისის რამდენიმე სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე შევიცანი: პატივსაცემი, სოლიდური, ჩამოყალიბებული ადამიანები საცოდავი ცხოველებივით მორჩილად რომ ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. იქ არსად სკამიც კი არ იდგა, რომ ჩამომსხდარიყვნენ რიგრიგობით მაინც, ზოგი მუხლებზე დადებულ ოქმებს იქვე, სახელდახელოდ ასწორებდა. ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარე კიბის თავზე ასული და მთელი ღამის ნაყურყუტევი, შესასვლელი კარის წინ მოტრიალდა და კვლავ უბანში მიბრუნდა, როცა მიხვდა, რომ რაღაც უხეში შეცდომა ჰქონდა დაშვებული. და რაც იქ ზოგმა თქვა და ზოგმაც იფიქრა, მე მინდა ცოტა ხმამაღლა ვუთხრა ჩვენს რჩეულებს:

ჩვენო ძვირფასო დეპუტატებო, ქვეყნის საშენებლად მოსულებო! თქვენი ოცლარიანი ამომრჩევლებისა და ამ ხალხის მონური ფეხზე დგომისა და ღამის თევის ხარჯზე რომ რამდენიმეწლიანი ბედნიერი ცხოვრების მანდატები გაირტყით, ყველამ იცის, თქვენი უმეტესობა უბრალო მარიონეტის მეტს არაფერს წარმოადგენს. არჩევნებში გამარჯვების სამ დღეს რესტორანში აღნიშნავდით, მეოთხე დღე ექსკურსიით დააგვირგვინეთ და იმდენი კულტურაც არ გეყოთ, ვინც თქვენი გამარჯვებისთვის ღამე ათია, მათთვის უბრალო მადლობა მაინც გადაგეხადათ. 14 მილიონიც  თავზე  გადაიყარეთ,  ქურდებსა   და  ყაჩაღებს  კომფორტული ციხეები აუშენეთ და ამის გამო მათი ხმებიც მიისაკუთრეთ. ისიც ყველამ იცის, რომ საარჩევნო კამპანიები საქართველოში პოლიტიკური ელიტისა და რამდენიმე ათეული კაცის ბედნიერებისთვის ტარდება. ხომ შეიძლება, პატივი იმ ადამიანებსაც სცეთ, ვისაც რაღაც ერთთვიანი ხელფასის ფასად მთელი ღამის მანძილზე, მშობიარე ქალის მეპატრონესავით, ფეხზე დგომას ავალებთ?! თუ ჩვენ საპატრულო პოლიცია მოგვემსახურა, იმიტომ, რომ ბიულეტენები და ოქმები საარჩევნო შტაბში მიგვეტანა. ხომ შეიძლება, გამოიყოს კომისია, რომელიც ხმების დათვლის შემდგომ იმუშავებს უბნებთან, ჩაიბარებს მათგან ინვენტარს და სარჩევნო უბნების კომისიის წევრთა ხელმოწერებით გადათვლილ ხმებს, გააკონტროლებს ოქმების სისწორეს და მიიტანს საარჩევნო შტაბში. ამით ხომ მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ და ის ადამიანებიც, თქვენ რომ გემსახურებიან, თქვენსავით სრულყოფილ თუ არა, ნახევრადსრულყოფილ ადამიანებად მაინც იგრძნობენ თავს.

პატივისცემით - თქვენი

ამომრჩეველი

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

 

P.S. ამდენ ხანს თავს ვიკავებდი, მაინც ვერ გადავწყვიტე ამ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ... სათქმელი უნდა ითქვას და მეც, ოდნავ დაგვიანებით, გაზეთ „P.S.“-ს მოვაშურე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია