დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ოქროს კარიბჭის“ ახალი ვერსია
2010/03/01 13:59:20

ცოტა ხნის წინ ანაკლიის მოსახლეობა ახალი რეალობის წინ დადგა: პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან ბაკურიანში, მთავრობის წევრების წინ გააკეთა, ანაკლია მალე ეკონომიკურ ფუნქციას შეიძენს. პარალელურად აქ ტურიზმიც განვითარდება. თუმცა მანამდე, მესტიაში ზამთრის კურორტი ევროპული დონის სტანდარტებით უნდა განვითარდეს. მესტიაში „სხვა ხარისხის“ თოვლით გუნდაობის შემდეგ ტურისტს ორ საათში ანაკლიის მზიან პლაჟზე დასვენება შეეძლება.

ანაკლიის განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებითი ბარათის საერთო ნაწილში, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, წერია: „ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძი, რომლის შემადგენლობაში გათვალისწინებულია ახალი საზღვაო ნავსადგურის, გათხევადებული გაზის ქარხნის, სატვირთო აეროპორტის, მისასვლელი რკინიგზების, მოსასვლელი ავტოგზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების ობიექტების, ახალი დასახელების მშენებლობა, - წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს პროექტს.“

კვანძის წლიური ტვირთბრუნვა 100-120 მლნ ტონა იქნება წელიწადში, რომელიც მოემსახურება, როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებს. ტვირთების გადაზიდვა უზრუნველყოფილი იქნება საზღვაო, საავტომობილო, საჰაერო ტრანსპორტით და მილსადენებით. ამ კვანძის მშენებლობას საქართველოსა და კავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უკავშირდება. რკინიგზის პარალელურად შესაძლოა ავტომაგისტრალის მშენებლობა ბაქომდე გაგრძელდეს.

კვანძის მშენებლობის საფუძვლებშია გათვალისწინებული „ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება“, რომლისთვისაც „დამატებითი ძლიერი სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრის (კვანძის) შექმნა აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს.“

ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მშენებლობა 6 წელი გაგრძელდება. ანაკლიის კვანძის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის 3000 ჰექტარია საჭირო. მშენებლობის განხორციელებაზე კი 18-20 ათასი ადამიანი დასაქმდება. კვანძის პროექტი მთლიანად უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ოქტომბრის ? 732 განკარგულება „ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში საერთო სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის შესახებ“ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. თუმცა პრეზიდენტის ?732 ბრძანებულება ვინმე მ. სამხარაძისათვის უფლებამოსილების მინიჭებას ეხება. ფაქტია, ?732 განკარგულებას ამავე ნომრის ბრძანებულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში აშენდება. რამდენიმე წლის წინ ამ საზღვრის მახლობლად პატრიოტთა ბანაკის მოწყობამ რუსული მხარის აგრესია გამოიწვია. ლოგიკურად ისმება კითხვა - ანაკლიის კვანძი ხომ არ შეასრულებს ხართან წითელი ნაჭრის ფრიალის ფუნქციას? ამის პარალელურად, გაურკვეველი რჩება ისიც, კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება ანაკლიას - ტურისტული თუ ეკონომიკური. თუ ანაკლია ტურისტულ ზონად უნდა გამოცხადდეს, მაშინ გათხევადებული გაზის ქარხნის მშენებლობა და სატვირთო აეროპორტი ტურისტისთვის ნაკლებ მიმზიდველი იქნება.

საინტერესოა, შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს სანაპირო ზოლზე მაქსიმუმ რამდენი პორტი უნდა აშენდეს, როცა ბათუმის და ფოთის პორტები უკვე არსებობენ? სავარაუდოდ, SOKAR ყულევში უახლოეს მომავალში კიდევ ერთ პორტს აიშენებს. რომლის სანაცვლოდაც ეს აზერბაიჯანული კომპანია საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს გაზის პრობლემას მოუხსნის.

კითხვას ბადებს სატვირთო აეროპორტის მშენებლობაც. დასავლეთ საქართველოში ბათუმის აეროპორტი, ადგილობრივ ფრენებთან ერთად, უკვე საერთაშორისო გადაზიდვებსაც აწარმოებს. ე.წ. „კოპიტნარის“ აეროპორტს სარემონტო სამუშაოები უტარდება, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დასრულდება. საუბარია სენაკის სამხედრო აეროპორტის ფუნქციის დაბრუნებაზე. ასევე ფოთში კიდევ ერთ აეროპორტს ააშენებენ. ამდენად, საქართველოს საჰაერო სივრცე უახლოეს მომავალში ფრენებით დაიტვირთება.

ეს ყველაფერი კი ეკოლოგიურ საფრთხეებსაც შეიცავს. საქართველოს სანაპირო ზონაში განლაგებული კოლხეთის დაბლობი შავი ზღვის ერთ-ერთი უნიკალური ეკოსისტემაა. კოლხეთის წყალჭარბი ტერიტორიები 1996 წელს, საქართველოს პარლამენტის 201 რეზოლუციის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების სიაში შევიდა, რომლებიც რამსარის კონვენციითაა დაცული. კონვენცია აღიარებს, რომ: „ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენენ უდიდესი ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და რეკრეაციული მნიშვნელობის რესურსს, რომლის დაკარგვაც გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.“

კოლხეთის ეროვნული პარკი კი 45000 ჰექტარს მოიცავს, რომელიც კოლხეთის დაბლობის ნაწილზე დაარსდა და რამსარის კონვენციით დაცულ ტერიტორიებს განეკუთვნება. მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს 21 სახეობის გადამფრენი ფრინველისათვის, მათი დასვენებისა და გამოზამთრებისათვის. პარალელურად, მდინარეების ჭურიისა და ხიბასწყალს შორის მდებარე ტერიტორია 5 მილის სიგანის ზღვის წყლის ნაკრძალის ზონაა. ეს ტერიტორია მკაცრად განსაზღვრული ზონაა. 1988 წელს „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტი და კოლხეთის დაბლობის მდგრადი განვითარების“ გეგმა ჩამოყალიბდა, რომლისთვისაც მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კრედიტის სახით 4,4 მილიონი დოლარი გამოყო. გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა 1,3 მილიონი გრანტი, ხოლო ნიდერლანდების მთავრობამ, ასევე გრანტის სახით, მილიონი დოლარი გაიღო.

რაც შეეხება შავ ზღვას, რომელიც ოდესღაც ბიომრავალფეროვნების კუთხით განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა მსოფლიოში და საფრთხე ზღვის 249 სახეობის მცენარესა და ცხოველს ემუქრება. გადაშენების საფრთხე ელის წითელი აგარის მწარმოებელ წყალმცენარესაც, რომელიც ჟანგბადის მთავარი მწარმოებელია შავ ზღვაში.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მაქსიმალურად აითვისოს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, თუმცა გვერდით ფაქტორებზე, მით უფრო - გარემოზე, ნაკლებ მსჯელობენ. ანაკლიის ჭაობების ახლოს პორტის მშენებლობას წინა ხელისუფლების დროს ჩაეყარა საფუძველი. 2000 წლის 28 მარტის საქართველოს პრეზიდენტის 260-ე დადგენილება ანაკლიაში პორტის მშენებლობას მხარს უჭერდა. მაშინ ეს პროექტი „ოქროს კარიბჭის“ სახელით იყო ცნობილი.

დღეს ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა ასეთია: პირველი ეტაპი მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს. ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავების და დაჭაობებული ადგილების ლიკვიდაციის შემდეგ მისასვლელი ავტოგზა უნდა გაკეთდეს, რომელიც, სავარაუდოდ, კოლხეთის პარკს გაივლის. პირველ ეტაპზე სამშენებლო ბაზის მოწყობა იგეგმება.

მეორე ეტაპზე დროებითი ენერგოუზრუნველყოფა და საინჟინრო მომსახურება მოეწყობა. სამშენებლო მოედნებზე დროებით გზების მოწყობა საპროექტო გზების განლაგებას ემთხვევა. ასევე მოეწყობა სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო, სანიაღვრე კანალიზაციის ქსელები. მესამე ეტაპზე პროექტით გათვალისწინებულია სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები, მეოთხეზე - ტერიტორიების კეთილმოწყობა.

ეს არის უახლოეს ექვს წელიწადში ანაკლიაში განსახორციელებელი რამდენიმე პროექტის ერთობლიობა. ამ ეტაპზე კი „ოქროს კარიბჭის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობას ეყრება საფუძველი. როგორც ჩანს, სატრანზიტო კვანძის ჩამოყალიბებამდე ანაკლიაში ტურიზმი განვითარდება.

P.S. ეს მოკლე ანალიზია, ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული. ანაკლიის სატრანზიტო კვანძის მშენებლობას „P.S.“ კიდევ დაუბრუნდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია