საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პავლონია – მცენარე ოპტიმისტებისათვის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/30 12:07:42

ძალიან ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებობს სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგი, რომელსაც სასტარტო მუშაობის მეტი არაფერი სჭირდება.

 

ასეთი მცდარი შეხედულება, ძირითადად, მემცენარეობით დაინტერესებულებს აქვთ. ამჯერად მკითხველის ინტერესს ერთ მცენარეზე, პავლონიაზე, შევაჩერებ. ინტერნეტსივრცეში ხშირად წაიკითხავთ  ინფორმაციას იაპონური ჯიშის ამ ხეზე. თითქოს ის 8 წელიწადში იძლევა რეკორდული მოცულობის მერქანს, არის საუკეთესო თაფლოვანი და მისი ფოთლები გამოსადეგია შინაური პირუტყვის საკვებად.

 

დავიწყოთ ამ მცენარის სახელწოდებით. პავლონია ამ მცენარეს რუსეთის იმპერიაში იმიტომ უწოდეს, რომ მისი ნერგი საჩუქრად ჩამოუტანეს ანა პავლეს ასულს (პავლოვნას) იაპონიიდან. ადვილად აღმოცენებადი და იმ დროისათვის იშვიათი მცენარე საქართველოში მე-19 საუკუნეში შემოუტანიათ. კერძოდ, საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, ეკატერინე აბაშიძის ბაღში იზრდებოდა პავლონია, რომელსაც აკაკი წერეთლის დედა ეკატერინე და მისი ასული ანა სამკურნალწამლოდ იყენებდნენ. როგორც გადმოცემებით არის ცნობილი, წერეთლები მისგან ლეპრის (კეთრის) წამალს ამზადებდნენ, თუმცა მომზადების წესი შემორჩენილი არ არის (თანაც, კეთრის შემთხვევაც, ჩვენდა საბედნიეროდ, აღარც დაფიქსირებულა). აკაკის დედისეული ბაღი, დღევანდელი მდგომარეობით, განადგურების პირასაა, არადა თავის დროზე ეკატერინეს ბაღი ცნობილი იყო თავისი ფლორისტული მრავალფეროვნებით. ამჟამად სხვიტორში, აკაკის სახლ-მუზეუმის ეზოში, კიდევ არის პავლონია ტომორტოზას ერთი ძირი (სავარაუდოდ, თავისით „ამოჩერჩეტებული“).

 

როცა  მიწის პრივატიზაცია სტიქიურად ჩატარდა, ბევრმა ქალაქში მცხოვრებმა მოინდომა „აგროსექტორში გადაბარგება“, თუმცა ის გადაჭარბებული ოპტიმიზმი, რომ ერთი ჰექტარი მიწა კეთილდღეობას მოუტანდა მოსახლეობას, მალევე ჩაქრა. ამ დროსვე დაიწყეს პავლონიის ნერგების გადარგვა მიტოვებისათვის განწირულ მიწებზე. ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევა შემიძლია დავასახელო, რომ გადარგვის შემდეგ პავლონიები ისევ ისეთი „დაძღინკულები“ დარჩნენ ნაკვეთებში, როგორებიც დარგეს. პავლონიას სწრაფი ზრდისათვის ესაჭიროება ტენი და ნაყოფიერი მიწა, ასეთ პირობებში, სადაც არ მოხვდა ნერგები, ყველგან დეგრადაცია განიცადა, ან გახმა.

 

რაც შეეხება მერქნის ვარგისიანობას, ამაზე დავა შეიძლება. მერქანი ზედმეტად მსუბუქია და არ გამოდგება საწვავად (დაბალი თბოეფექტურობის გამო), ხოლო ასევე არ მსმენია საქართველოში ხის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ, რომელიც პავლონიის მერქანს იყენებდეს საწარმოო პროცესში.

 

მეფუტკრეობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გავავრცელო ინფორმაცია: პავლონიის კაშკაშა და სურნელოვანი ყვავილები იზიდავს ძალიან ბევრ მწერს, მათ შორის ფუტკარსაც, თუმცა პავლონიის ყვავილობის დროს სასაქონლო  ნექტარი განსაკუთრებული ოდენობით სკებში ფუტკარს არ შეუტანია.

 

რაც შეეხება პავლონიის უხეში ფოთლებით პირუტყვის გამოკვებას, ესეც გადაჭარბებულია. ნედლ ფოთოლს არასდროს ჭამს პირუტყვი (რისი მაგალითებიც თვალნათლივია ბევრგან). თუ პავლონიის ხიდან ფოთლების ჩამოკრეფას დავიწყებთ, უკვე კომიკურ სიტუაციამდე მივალთ, რადგან ჩამოკრეფილი ფოთლების გახმობაც შრომატევადი იქნება და საფურაჟე მასაც ძალიან ცოტა დაგვრჩება.

 

მიზეზი, რის გამოც პავლონიას ქართველები აღტაცებით შევხვდით, ალბათ, ქართველთა ბუნებაში უნდა ვეძებოთ („ესე ამბავი სპარსული“ თუ მოგვწონდა რუსთაველის დროსაც, მაშასადამე, იმპორტულზე გაგვირბის თვალი და სამამულო, აბორიგენული წარმოშობისა კი „ცუდია“).

 

ჩვენი აგროკლიმატური პირობების მიხედვით, თამამად შეგვილია ვთქვათ, რომ პავლონიას თაფლოვნობით სჯობია ცაცხვი, აკაცია და წაბლი. მერქნის თვალსაზრისით უკეთესია ცაცხვი და წაბლი. ზრდის ინტენსივობითა და ნექტრიანობით აკაცია ლიდერობას პავლონიას არ დაუთმობს, მით უფრო, რომ აკაცია არ მოითხოვს ნიადაგის მაღალ ნაყოფიერებას. საწვავად პავლონიას ნებისმიერი ჯიში სჯობს, რომელიც ჩვენს ირგვლივ „კარგად გრძნობს თავს“: მუხა, წიფელი, იფანი, რცხილა, მურყანი.

 

მკითხველისათვის ეს რჩევა ნამდვილად გამოსადეგი იქნება: თუ თქვენ არ გსურთ, ტყუილად დაკარგოთ დრო, მიწის რესურსი და ცრუ იმედებით არ აივსოთ, ნუ ეცდებით პავლონიის პლანტაციების გაშენებას თავიდანვე. მოსინჯეთ და დარგეთ რამდენიმე ძირი, რომლებიც, დამერწმუნეთ, მოვლის შემთხვევაში, ადრე გაზაფხულზე სასიამოვნო ფერის ყვავილის მტევნებით და სურნელით მოგხიბლავთ. თუ თქვენ ჩათვლით ამის შემდეგ, რომ მას სამეურნეო დანიშნულებაც აქვს და არა მხოლოდ დეკორატიული, მაშინ დაიწყეთ მისი პლანტაციების გაშენება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია