გასულ კვირას „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს „რადიო თავისუფლების“ ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი ბატონი ირაკლი ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირ უპასუხა კომენტატორების შეკითხვებს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ორი ინტერვიუდან და გაზეთის თითოეულ მკითხველს შემდგომ განხილვებში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ბლოგზე: www. tavisupleba.org
- ბატონო ირაკლი, დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით და მეწარმეთა შესახებ კანონით, ერთი შეხედვით, საკმაოდ გამარტივებულია საქართველოში ბიზნესის დაფუძნება და გადასახადებიც შემცირებულია. თუმცა, ამ ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკაზე მაინცდამაინც დიდი გარდატეხა უკეთესობისკენ არ მოუხდენია. თქვენი აზრით, რა არის კანონმდებლობის ძირითადი პრობლემა და რა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას? რა ძირეული რეფორმებია, თქვენი აზრით, გასატარებელი სამამულო წარმოების შიდა პროდუქციის შექმნის ხელშეწყობისათვის?
- მოდით, ასე დავიწყოთ, ბიზნესის დაფუძნება ნამდვილად გამარტივებულია, მაგრამ გადასახადების შესახებ ცოტა რთული წარმოდგენა გვაქვს. გადასახადები სინამდვილეში არ არის შემცირებული და თუ მარტივ სტატისტიკას ვნახავთ, ოფიციალურს, 2003 წლამდე საგადასახადო ტვირთი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყო 13-14%-ის ფარგლებში, ახლა არის 24-25%-ის ფარგლებში. ანუ, საგადასახადო ტვირთი არ შემცირებულა. რაც შეეხება თვითონ გადასახადების რაოდენობის შემცირებას, ამაზეც, ცოტა, ზღაპრებს ყვებიან.
რეალურად გაუქმდა 4-5 გადასახადი და არა 15-16. საქმე ის გახლავთ, რომ მოხდა რამდენიმე გადასახადის ტრანსფორმაცია ერთმანეთში, ასე ვთქვათ შეკრება; გადასახადების ნაწილი მოსაკრებლების სფეროში გადავიდა, თუმცა, ის ტვირთად მაინც გადამხდელებს აწევს. რაც შეეხება კანონმდებლობას. პირველ რიგში, კანონმდებლობის პრობლემა არასტაბილურობაა. დღევანდელი მდგომარეობით, საგადასახადო კოდექსში 5 წლის განმავლობაში 57-ჯერ არის შესწორება შესული. ეს შესწორებები ზოგი რედაქციული ხასიათისაა, მაგრამ ზოგი კი პრაქტიკულად დიამეტრულად ცვლის ხოლმე კონცეფციას. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება გადასახადების გადამხდელებისთვის შორსმიმავალი გეგმების დასახვა. ამიტომ ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და ხვალინდელი დღისთვის ინვესტიციებს არ დებენ, რაც ასევე პრობლემაა. სასამართლოს არარსებობაც პრობლემაა, კანონმდებლობის უსამართლობაც. პრაქტიკულად ყველაფრის უფლება აქვს ხელისუფლებას, გადასახადის გადამხდელს კი - არაფრის უფლება, გარდა იმისა, რომ გადასახადი გადაიხადოს. რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში, ბაზარი უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების ჩარევისგან. ხელისუფლება რაც შეიძლება ნაკლებად უნდა კარნახობდეს ბაზრის სუბიექტებს თავის პირობებს და, უბრალოდ, მიუკერძოებელი არბიტრის როლს უნდა ასრულებდეს.
- როგორ უნდა დაიცვას თავი ბიზნესმა სახელმწიფო წნეხისგან?
- ბევრი შესაძლებლობაა, რომ ბიზნესმა ინდივიდუალურადაც დაიცვას თავი და კოლექტიურადაც. ამ შემთხვევაში, წვრილი და საშუალო ბიზნესი მაქვს მხედველობაში. იმიტომ, რომ მსხვილ ბიზნესს ნაკლებად უჭირს, მსხვილი ბიზნესი ისედაც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასე ვთქვათ, „კრიშის“ ქვეშ არის. წვრილ ბიზნესს აქვს პრობლემა კანონმდებლობის ცოდნის და მასში გარკვევის. აქედან გამომდინარე, ის უფრო ადვილად მოწყვლადია. მას სახსრები ნაკლები აქვს და უჭირს, ვთქვათ, კვალიფიციური ბუღალტრის მოძიება, კვალიფიციური კონსულტანტის მოწვევა და ასე შემდეგ. მეორე პრობლემა კანონმდებლობის უცოდინარობიდან გამომდინარეობს, როცა წვრილი ბიზნესი უსმენს, რას ეუბნებიან, მაგრამ კანონში არ იხედება. ერთ კონკრეტულ საკითხს და მის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ მაგალითად, ბიზნესს დღეს უდგას დანაკარგების აღრიცხვის პრობლემა. ეს ბუნებრივი დანაკარგები, ჩვეულებრივ, წარმოების პროცესში არსებობს, თუმცა, არ არსებობს ამის დამტკიცებული ნორმები, რაც საგადასახადო ორგანოების მხრიდან დაბეგვრის საფუძველი ხდება ხოლმე. არავინ იყენებს ისეთ საშუალებას, რაც არის კანონმდებლობაში, რომ შეიქმნას მეწარმე სუბიექტის სტანდარტები - რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, თვითონ დაამტკიცებს და გამოიყენებს ბუნებრივი დანაკარგების ნორმებს ისე, რომ ეს დანაკარგები დაბეგვრაში აღარ მოჰყვება. ეს ხშირად ხდება, თუ არ ვცდები, ბატონ გოგი თოფაძეს ჰქონდა ასეთი პრობლემა.
- ღირს თუ არა ყბადაღებული ტურიზმის განვითარება და ტურისტების მიერ ყველაფრის „გათელვა“ (ამ პრობლემაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ, რომ ჩვენი დონის ქვეყნებს ტურიზმიდან შემოსავალზე მეტი - პრობლემა რჩება). თუ უკეთესი იქნებოდა, უმეტესად, სოფლის მეურნეობა - ფერმერობის განვითარება?
- ამა თუ იმ დარგის განვითარება იმ ადამიანების გადასაწყვეტი საკითხია, ვისაც ეს სფერო სარფიანად მიაჩნია და ვინც მასში ფულის დაბანდებას აპირებს. ჩემი აზრით, ნებისმიერი მითითება იმის შესახებ, თუ რომელ სფეროშია საჭირო ფულის დაბანდება, არაპროდუქტიულია და ნებისმიერი მეწარმე ნებისმიერ ხელისუფლებაზე ადრე გრძნობს, სად ღირს დაბანდება და სად არა.
მარტივი პასუხი ამ ტიპის კითხვაზე ასეთია: „ფიქრობთ, რომ ტურიზმი ფეხსაცმლის წარმოება, სასტუმრო მომსახურება და ა.შ. უნდა განვითარდეს? ჩადეთ მასში ფული!
- თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იყო „სალარო აპარატების“ შემოტანა?
- თავისთავად, საკონტროლო-სალარო აპარატებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მათი არსებობა შედის მყიდველის (გამყიდველისაც, აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით) ინტერესებში. სხვა საქმეა, როცა აღრიცხვის ამგვარი მეთოდის დანერგვა იძულებით ხდება. მე ისეთი მეთოდების მომხრე ვარ, რომლებიც ბუნებრივად წარმოიშობა მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთობაში. დღეს, ჩვეულებრივ, არამეწარმე მყიდველებს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები არაფერში არგიათ. ამიტომაც ქუჩები მოფენილია ამ ჩეკებით. ხელისუფლება კი მათრახით ცდილობს აპარატების დანერგვას. მე რომ მკითხოთ, დავუშვებდი საშემოსავლო გადასახადში ნებისმიერი ხარჯის გამოქვითვას არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის, ოღონდ - დეკლარაციის წარმოდგენისა და ხარჯების საბანკო გადარიცხვით, ან ამ ჩეკით დადასტურების პირობით, - ხოლო სალარო აპარატების სავალდებულოობას გავაუქმებდი. ასეთ დროს მყიდველების მხრიდან გაჩნდებოდა მოთხოვნა ჩეკზე, ხოლო გამყიდველებს ამ აპარატის დადგმას კონკურენცია აიძულებდა და არა ხელისუფლება. ნურც იმას მეტყვის ვინმე, რომ საშემოსავლო გადასახადს აღარავინ გადაიხდიდა. კი, ბატონო, ღარიბ მოსახლეობას აღარ მოუწევდა გადასახადის გადახდა (ეს ცუდია), სამაგიეროდ, ამ ჩეკებით მისცემდა „მისამართს“ იმ პირისა, ვინც საქონლის გაყიდვით მიიღო შემოსავალი და ვისაც ეკისრება გადასახადის გადახდა. გადასახადს გადაიხდის ის პირიც, ვისი შემოსავლებიც აღემატება ხარჯებს. ამას - გარდა ზემოთქმულისა - სოციალური ეფექტიც ექნებოდა. ჩვენთან კი რა ხდება? შიმშილის პირას მყოფიც კი იხდის გადასახადს, რადგან არ შეუძლია, თუნდაც, ძლივს შეკოწიწებული 50 ლარიდანაც კი რაიმე გამოქვითოს და ამით საგადასახადო ტვირთი შეიმციროს. ამგვარი იძულებების შედეგია ის, რაც დღეს გვაქვს - მათრახიანი ხელისუფლება და აღშფოთებული ბაზრობის მოვაჭრეები. თუ მოვაჭრეები ძალიან აღშფოთდებიან, ხელისუფლება გადაავადებს ამ აპარატის ამოქმედების ვალდებულებას, თუ ნაკლებად - აჯარიმებს და გვაქვს „გამიშვი-გამატარე“. არადა, თუ ყველა აქტორის ინტერესებს გავითვალისწინებთ, ადვილად შეიძლება ნორმალური მდგომარეობის დამყარება.
- თქვენი აზრით, კანონი ინვენტარიზაციის შესახებ რამდენად შეესაბამება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს?
- თქვენ, ალბათ, გულისხმობთ საგადასახადო კოდექსის მუხლს ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც ბოლო დროს „გაააქტიურეს“ საგადასახადო ორგანოებმა.
თავად ინვენტარიზაცია თავისუფალი ბაზრის პრინციპებს არ არღვევს, ისევე, როგორც დანა არ არის მაინცდამაინც მკვლელობის იარაღი. საქმე ის არის, როგორ გამოიყენებ, ამ ინსტრუმენტს. იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, ცოტა წვრილად აღვწერ პროცედურებს? საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ორჯერ წელიწადში (იმ პირებთან, ვინც არ ფლობს აქციზურ საქონელს - ალკოჰოლს, თამბაქოს, ნავთობპროდუქტებს. აქციზური საქონლის მფლობელ პირებთან ინვენტარიზაციის ჩატარება შეიძლება დღეში სამჯერ - (ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ). აუცილებლობის შემთხვევაში, მესამედაც შეიძლება, ოღონდ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. ინვენტარიზაციის ჩასატარებლად აუცილებელია საგადასახადო ორგანოს უფროსის მოტივირებული(?!) ბრძანება, რომლითაც იგი დაავალდებულებს გადასახადის გადამხდელს, თავად (!) შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და თავად ჩაატაროს ინვენტარიზაცია. ამ კომისიაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებიც შეიძლება ჩაერთონ, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეს ორგანო მოითხოვს (ანუ, პრინციპულად, ეს აუცილებელი არ არის). თუ გადამხდელი 2 დღის ვადაში არ ქმნის ამ კომისიას, მაშინ (!) თავად საგადასახადო ორგანოს შეუძლია მისი შექმნა. რაც შეეხება ინვენტარიზაციის დროს სათავსების დალუქვას - ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი (და არა - უფროსი!). კანონში ასევე წერია, რომ ამ პროცედურამ არ უნდა შეაფერხოს გადამხდელის საქმიანობა (გონივრულ ფარგლებში). პრაქტიკაში კი როგორ ხდება? - ბრძანებას არ აქვს მოტივაცია (თუ არ ჩავთვლით საგადასახადო კოდექსის მუხლების ჩამონათვალს), საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები პირდაპირ მიდიან გადამხდელებთან, ულუქავენ სათავსებს და ამის შემდეგ კვირაობით და თვეობით მიდის იმის გარკვევა, რამდენი „დაარღვია“ გადასახადის გადამხდელმა და რამდენს გადაიხდის აქედან. დალუქვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, ცხადია, ლაპარაკიც ზედმეტია. საჭიროა მეტი კომენტარი?
მოამზადამანანა იაშვილმა