დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ კარი ფართოდ გააღო
2012/02/13 12:10:43

პოლიტიკური დუღილი საქართველოში სულ უფრო და უფრო შედის აქტიურ და გადამწყვეტ ფაზაში. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ოცნების კარ ფართოდ გააღო და რესპუბლიკელების და „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გარდა, ზვიად ძიძიგურთან, კობა დავითაშვილთან, ეროვნულ ფორუმთან და ასევე კარგა ხანს ჩრდილში მყოფ გუგული მაღრაძესთან ერთად, პოლიტიკიდან წასულ სალომე ზურაბიშვილსაც ეპატიჟება, მათ თანამშრომლობას სთავაზობს.

 

როგორც ივანიშვილი აცხადებს, გუგული მაღრაძესთან მას პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ხოლო ზურაბიშვილთან აქტიურ მოლაპარაკებებს გადიან. სანამ ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებენ და ის ოფიციალურად შეძლებს პარტიის დაფუძნებას, მანამდე ის კოალიციაში პარტიებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. მისი განცხადებით, მეგობრული დამოკიდებულება - ეს უმთავრესია პოლიტიკაში.

„მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის შერჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პარტიით, რომელთანაც მოვახერხეთ ურთიერთობის დამყარება. ჩვენთან არის „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, ძიძიგური და დავითაშვილი. ჩვენ ძალიან მეგობრული კოლექტივი შევქმენით და პირადად მე მოვახერხე აბსოლუტური სინქრონიზაცია და ჰარმონია ისეთ ორ დიდ პარტიას შორის, როგორიც არის           „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“. ორივე პარტიის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მეგობრულ ურთიერთობაშია. გარედან ცდილობენ, ჩვენი ოპონენტები და ჟურნალისტები, დაგვანახონ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან,“ - აცხადებს ივანიშვილი. გადაარჩენს და ჩაანაცვლებს თუ არა „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ მყოფი პარტიები დღევანდელ ხელისუფლებას, ეს სადაო საკითხია, თუმცა, სანამ ივანიშვილი მეგობრობის აღმზრდელობით გაკვეთილებს ატარებდა, მანამდე,  ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ 95 წლის იუბილე აღნიშნა და პარტიის იუბილეზე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ: არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი! მათ უნდა შეძლონ მესამე კოალიციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ხსნა საზოგადოებისა.

„ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ გზას, რომელსაც მესამე გზას ვუწოდებთ. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩიხში არასდროს მოვხვდებით, ეს გზა დაფუძნებულია ეროვნულ ფასეულობებზე და დასავლეთისკენ არის ორიენტირებული. „ნაციონალების“ პოლიტიკურმა საქმიანობამ საქართველო მიიყვანა ძალიან სახიფათო მიჯნამდე. კერძოდ, ქვეყანაში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობამდე, რაც დასანგრევია. მეორე მხარეს კი წარმოდგენილია მილიარდებით აღჭურვილი მისივე ანარეკლი, სადაც ასევე ადგილი აქვს ავტორიტარიზმის გამოვლინებას, როცა განსხვავებული აზრის გაკრეფვით იმუქრებიან და პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ,“ - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ალასანია კი ე.დ.პ-ს მცდელობას - მესამე კოალიცია ჩამოაყალიბოს, არასერიოზულს უწოდებს. და აცხადებს, რომ ბაჩუკი ქარდავას ხტუნვა, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის.

„ასეთი ცენტრი რომც ჩამოყალიბდეს, ის ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება. რამდენიც უნდა იხტუნონ, უკვე ცხადია, რომ ყალიბდება ორი ცენტრი: ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილი კოალიცია. შუაში დარჩენილი „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებები და ის პატარა პარტიები, რომლებსაც არც იდეოლოგია აქვთ, არც მხარდამჭერები ჰყავთ და მხოლოდ საკუთარი თავისგან დესტრუქციული ძალის ჩამოყალიბებით მანიპულირებენ, თითქმის უკვე დაიკარგნენ ამ სივრცეში. აქედან გამომდინარე, პრობლემას ვერ ვხედავ,“ - ამბობს ალასანია.

ქართული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლისათვის, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება მართლაც რომ საოცნებო იყო, თუმცა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას კოალიციაში მიღებას არ აპირებს, რადგან, ალბათ ეშინია, კოალიციაში უკვე არსებული ჰარმონია და მეგობრობა არ დაირღვეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია