ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 573 409 ლარი გამოყო. იგივე პროგრამა კი გასულ წელს მხოლოდ 266,339 ლარით დაფინანსდა. გარდა თანხის გაზრდისა, ვანის მუნიციპალიტეტში შარშან ყველა პროექტი მთელი წლის მანძილზე ხორციელდებოდა, წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროექტი დასრულდა.
2010 წელს ვანის 14 თემში 125 პროექტი განხორციელდა. პრიორიტეტები სოფლის კრებებზე თავად მოსახლეობამ შეარჩია. კრების ოქმები ვანის მუნიციპალიტეტში ინახება, სადაც დეტალურად წერია, თითოეულმა სოფელმა როგორ აირჩია პრიორიტეტი.
სამელი წყლის სისტემების მოწესრიგებისთვის 573 409 ლარიდან 101 979 ლარი დაიხარჯა. ეს პრობლემა ზედა ვანის თემში სოფელ ტყელვანის, ყუმურის თემში - სოფელ დუცხუნის, დიხაშხოს თემში - სოფელ ისრითის, ფერეთას თემის, სალომინაოს თემის, უხუთის თემის კერცხედის უბნის, ზეინდრისა და გორას თემების მოსახლეობას ერთნაირად აწუხებდა. ამდენად სოფლის მოსახლეობას ამ თემებში პრიორიტეტის შერჩევაზე არც უმსჯელია. გორას თემში სასმელი წყლის თვითდენითი წყლის სისტემას რეაბილიტაცია სოფლის ცენტრში ჩაუტარდა. ამისთვის სოფელმა 7 200 ლარი დახარჯა. როგორც ამ სოფლის მცხოვრები ანდრო ვ. ამბობს: „კარგია, რაც გაკეთდა, რადგან 200 ოჯახს სასმელი წყალი დღეს უპრობლემოდ მიეწოდება, მაგრამ ამ სოფელში პრობლემებს შენ გამოლევ? სოფლის კრებაზე ხალხმა ეს გადაწყვიტა, უმრავლესობას წყალი არ ჰქონდა და გაკეთდა კიდეც. ისე, ამდენი წელია არაფერი არ გაკეთებულა და ეხლა ასე უცებ ყველაფერი ხომ ვერ გაკეთდება?“
გასულ წელს იგივე პროგრამიდან სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 21 095 ლარი გამოიყო. ამ თანხით სოფელ ამაღლების, ციხესულორის, ქვედა ბზვანის და ფერეთას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნა. სოფლის შიდა გზების მოხრეშვისთვის მიმდინარე წელს სახელმწიფომ 161 914 ლარი დახარჯა, ხიდების შეკეთებისთვის - 25 043 ლარი, გარე განათება, რომელიც პრიორიტეტად იმ სოფლებმა აირჩიეს, სამტრედია-ვანისა, ქუთაისი-ვანის საგზაო მონაკვეთზე რომ ცხოვრობენ, სულ 46 654 ლარი დაიხარჯა. თუმცა მოსახლეობამ ტობანიერის თემში სოფლის ცენტრში არსებულ გარე განათებაზე კიდევ 10 სანათის დამატება მოითხოვა, რისთვისაც 4 500 ლარი გამოიყო. ამ თემში გზაც შეკეთდა, მინი სტადიონიც მოეწყო და მგზავრთა მოსაცდელიც გარემონტდა. როგორც აქაურები ამბობენ, მათ თანხა თითქმის ყველა იმ პრობლემის მოგვარებისთვის ეყოთ, რაც სოფელს სჭირდებოდა, თუმცა იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ანალოგიურ პროექტს მომავალ წელსაც განახორციელებს.
სპორტული მოედნებისთვის ვანის მუნიციპალიტეტში 58 560 ლარი დაიხარჯა. გაჩერებების და მგზავრთა მოსაცდელისთვის 41 500 ლარი, ხოლო სკვერების და ბაღებისთვის 78 790 ლარი გამოიყო. ვანის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში სასაფლაოების შემოღობვის პრობლემა წლების მანძილზე იდგა. მთისძირის თემში - სოფელ ჭაგან-ჭყვიშში და სალხინოს თემში მოსახლეობამ სასაფლაოების შემოღობვა პრიორიტეტად მიიჩნია, რისთვისაც 2 398 ლარი დაიხარჯა, სხვა სამუშაოებისთვის კი - 24 000 ლარი.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჰამლეტ ბრეგვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „სოფელში დაზიანებული გზის საფარის აღდგენას შედეგად მგზავრთა მომსახურების დონის ამაღლება და ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვა. ჩვენ გადასასვლელი ხიდების შეკეთებისთვის 25 043 ლარი დავხარჯეთ სოფლის პროგრამის ფარგლებში, რამაც ავტოტრანსპორტის და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების პირობები გააუმჯობესა. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სოფელში სპორტული მოედანი კეთილმოეწყო. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, თავისუფალი დრო ეფექტურად გამოიყენონ. გარდა ამისა, საპრასიას თემში - კობელაურის უბანში თვითდინებითი წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია გაკეთდა, რისთვისაც 2 400 ლარი დაიხარჯა. შედეგად 100-მდე ოჯახს გაუუმჯობესდა სასმელი წყლის მოხმარების პირობები. ანალოგიური პროექტი განხორციელდა უხუთის თემში - დიაკონიძეების უბანში, რისთვისაც 1 000 ლარი გამოიყო. აქ კი 70-მდე ოჯახს გაუუმჯობესდა სასმელი წყლის მიწოდება. რაც შეეხება სოფლების ცენტრში გარე განათების მოწყობას, ეს სოფლის მცხოვრებლებმა თავად აირჩიეს, რათა ღამის პერიოდში უსაფრთხო გადადგილება შეძლონ. ახალგაზრდებმა კი სოფლის დახმარების პროგრამით რამდენიმე სოფელში დასასვენებელი სკვერები მოაწყვეს, ამით მათ დასვენების პირობები გაიუმჯობესეს.“
ვანის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს წყალდიდობამ ძლიერ დააზიანა. სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ დაიკავეს და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო მიწები დაიტბორა. ამდენად სანიაღვრე არხების მოწყობისთვის ვანის მუნიციპალიტეტის თემებში 29 571 ლარი გამოიყო. შუამთის თემში,სალხინოს თემის სოფელ სოფელ ზენობანში და ფერეთას თემის ალფაიძეების უბანში სანიაღვრე არხები სრულად გაკეთდა. როგორც ფერეთაში მცხოვრები ანზორ ბ. ჩვენთან საუბარში ამბობს: „ჩვენს სოფელში გზაც გაკეთდა, მოსაცდელიც მოაწყვეს და წყლის პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ ეს არხები რომ გააკეთეს, ყველას გაგვეხარდა. ერთი პატარა წვიმაც საკმარისი იყო, რომ ეზოები წყლით ავსებულიყო. ჯერ არ მოუწვიმია, რაც ეს არხები გაკეთდა, მაგრამ, იმედია, ახლა სახლში მაინც არ შემოგვივარდება წვიმის წყალი.“
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ მიქელაძემ გვითხრა, სოფლის პროგრამები სოფლებში თავად მოსახლეობამ საკუთარი ძალებით განახორციელა. არც ერთ ფირმას და კერძო პირს სამუშაო ამ პროგრამის ფარგლებში არ შეუსრულებია. თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჭირო მასალების შეძენაზე იზრუნა, სოფლის ცენტრამდე მიიტანეს. როგორც ყუმურის თემში გვეუბნებიან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათ სასმელი წყლის სისტემის მოგვარებისთვის საჭირო მილები თავად ჩაუტანა, ხოლო შესაკეთებელი სამუშაო თავად სოფლის მოსახლეობამ შეასრულა.
ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულდა. დიხაშხოს თემში გარე განათების მოწყობა 30 ივნისისთვის იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჰამლეტ ბრეგვაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, 30 მაისამდე მათ ამ თემშიც შეძლეს დაწყებული სამუშაოს დასრულება.