ცხოვრება გაძვირდა და თავის გატანაც ძნელია დღეს. მთავრობა თითქოს ახერხებს, მცირედით მაინც დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს, თუმცა არა - ყველას. მთავარი კრიტერიუმი ასეთია: უნდა იყო მინიმუმ 4 არასრულწლოვანი ბავშვის მეურვე! თუ 6 გყავს და აქედან სამი არასრულწლოვანია, არავინ დაგეხმარება და სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა ერთმანეთს პირში უნდა უყურონ. ამათგან განსხვავებით, სამშვილიან ოჯახებს, საერთოდ, მცირედითაც არ აქცევენ ყურადღებას...
გავესაუბროთ ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსს არჩილ მუკბანიანს, რომელიც დაწვრილებით გვეტყვის, თუ რამდენია ბიუჯეტით გათვალისწინებული მრავალშვილიან ოჯახთა დასახმარებლად, როგორ, რამდენად და რამდენჯერ ეხმარებიან იმათ, ვისაც დღეს დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ერის გენოფონდის გადარჩენაში:
„მათთვის 120 ათასი ლარი არის გადმორიცხული. ყველა მრავალშვილიანს საკრებულო ვერ ეხმარება. იმათ ამოარჩევენ, რომლებსაც დახმარება უფრო მეტად ესაჭიროებათ.
თვითმმართველობის პრეროგატივაა, ვის გაუწევს რაიმე სახის დახმარებას. მათ ჩათვალეს, რომ, როცა არ არის საკმარისი თანხა, ამ მრავალშვილიანი დედებიდან უნდა დაეხმარნონ მათ, ვისაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი. იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით: თუ ოჯახში არასრულწლოვანი ბავშვებია, იმათ მეტი დახმარება სჭირდებათ სახელმწიფოდან და მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე - ისეთ ოჯახს, ვისაც ჰყავს სრულწლოვანი შვილები, რადგან მათთვის მუშაობის დაწყების შანსი არსებობს... ხოლო რამდენად გამოიყენებს ამ ასპარეზს, ეს უკვე მეორე საკითხია. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ვისაც სურვილი აქვს მუშაობისა, ყველა იპოვნის სამსახურს, მაგრამ ვისაც მართლა აქვს სურვილი, მე მაინც ვთვლი, რომ ის აუცილებლად დასაქმდება.
რაც შეეხება დახმარებებს - ყოველწლიურად - იღებენ 500 ლარს, საბუთების შემოტანიდან ზუსტად ერთ თვეში. გარდა ამისა, გვაქვს სოციალური ღონისძიებების პროგრამა: ყოველწლიურად - საახალწლოდ, სააღდგომოდ ვარიგებთ სურსათის პაკეტებს (შერჩევით, რა თქმა უნდა) და ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, იმათ ვაძლევთ. ეს, დაახლოებით, 50-60 ლარია. გარდა ამისა, ტარდება საზაფხულო დასვენების აქცია. შარშან 150 კაცი გვყავდა წაყვანილი: ერთი საგზურის ღირებულება 150-ლარიდან 300 ლარამდეა. პატარა ბავშვიც რომ მიგვყავს, იგივე ჯდება. გარდა ამისა, მათ აქვთ საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლება. რაც ახლა ჩამოვთვალე, მრავალშვილიან ოჯახებს ბოლო 4-5 წელია, რაც აქვთ. არის წვრილმანი დახმარებებიც, მაგრამ ყოველი ღონისძიებისთვის უნდა შეარჩიო ხოლმე ჯგუფი. წელსაც ასე შევარჩიეთ და 3 მარტისთვის დავურიგეთ პროდუქტები.
არის კიდევ სხვა პროგრამები, მაგალითად - სამედიცინო დახმარების პროგრამა (ღმერთმა არ ქნას, რომ დასჭირდეთ). ასევე ვეხმარებით მედიკამენტებითაც (100 ლარის ფარგლებში, ხოლო ზოგიერთი დასახელების მედიკამენტს ვაძლევთ უფასოდ).
ვისაც შეეძინება მეოთხე შვილი, 400 ლარს გადავცემთ, მე-5 შვილზე - 500, მე-10-ზე - 1000 და ა.შ. „ბავშვთა დღე“ - ეს აქცია გათვლილია, ძირითადად, მრავალშვილიანებზე. ასე რომ, საკმაოდ გვქონია პროგრამები და ვეხმარებით კიდეც მრავალშვილიან ოჯახებს. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მათ შვილების აღზრდაში.
სულ არის 12 პროგრამა გაწერილი, თუ დავიანგარიშებთ სხვა დანარჩენებსაც, მაშინ წლიურად 500 ლარზე მეტი გამოვა.
ასე მსჯელობს შესაბამისი სამსახურის უფროსი. თავად მრავალსულიან ოჯახებში რა ხდება?
ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს და მათგან ერთ-ერთი იყო ქალბატონი ირმა ჩუბინიძე, ოთხი შვილის დედა, რომელმაც გვიამბო:
„ვარ 35 წლის, მყავს სამი გოგო და ერთი ბიჭი - 14, 13, 12 და 10 წლისანი. მე გახლავართ პედაგოგი. გუმათის საჯარო სკოლაში ხელოვნებას და ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. მეუღლე უმუშევარია. ყოველ წელს გავდივარ აღრიცხვაზე.წელსაც, მარტში, შემოვიტანე საბუთები და, სავარაუდოდ, აპრილში ველოდები 500 ლარიან დახმარებას. კარგია, რომ ყურადღებას გვაქცევენ და გვეხმარებიან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ 500 ლარიანი დახმარება არის წელიწადში ერთხელ და იმასაც ერთიანად გვაძლევენ, რაც ძალიან ცუდია. ავიღებთ და მეორე დღეს უკვე აღარ არის, მერე მთელი წელი ველოდებით მომდევნო დახმარებას და ა.შ. ადრე სამ თვეში ერთხელ გვაძლევდნენ 150 ლარს და კმაყოფილი ვიყავი. გარდა ამისა, ერთადერთი მოთხოვნა თუ თხოვნა, რაც მქონდა და რომელიც საკრებულოში მიტანილ ჩამონათვალში ეწერა, ეს იყო - წიგნები. უფროსს რომ ვუყიდე, მომდევნოს აღარ გამოადგა. მეორეს ვუყიდე, მესამეს არ წაადგა. მეოთხეზე აღარაფერს ვამბობ.იქნებ გაითვალისწინონ ეს და სახელმძღვანელოებით დაგვეხმარონ?! გვაქვს შეღავათები ტრანსპორტშიც (უფასოდ ვმგზავრობთ), ოღონდ - მარტო ჩვენ, ბავშვები - არა. საახალწლოდ მივიღე დახმარება პროდუქტის სახით, თუმცა 3 მარტს - დედის დღეს არაფერი მოუციათ.
და რაც მინდა გითხრათ: ნუთუ სამშვილიანი არ ითვლება მრავალშვილიან ოჯახად?! რანაირადაც არ უნდა გიჭირდეს, ყურადღებას მაინც არ მოგაქცევენ. ჩემი და არის მარტოხელა, ბავშვები თავის გვარზე ჰყავს, არ მუშაობს. სად არ მივიდა, რა არ გააკეთა, მაგრამ არავინ არაფრით დაეხმარა. მგონი, ასეთებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარული არსებობისათვის.“
ისევ ბატონ არჩილთან გადავიდეთ კითხვით: თუ რამდენ ოჯახს ეხმარებიან და სამშვილიანი ოჯახები ითვლება თუ არა მრავალშვილიანებად?!
„ქუთაისში დაფიქსირდა 200 ოჯახი, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით და დავეხმარებით. ამჟამად, დღევანდელი მონაცემებით, 160 უკვე აღრიცხულია. აღრიცხვა ყოველ წელს ხდება, რადგან შეიძლება ვიღაცა გამოაკლდეს, ან ვიღაც მოემატოს.
უნდა წარმოადგინონ დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ ნამდვილად არიან 4 არასრულწლოვანი ბავშვის მეურვეები. თუ სამასი ოჯახი იქნება, რომლებსაც ეყოლებათ 4 არასრულწლოვანი ბავშვი, ჩვენ სამასივეს დავაფინანსებთ.
სამშვილიანი ოჯახიც ითვლება მრავალშვილიანად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმდენი თანხა, რომ ყველას დავეხმაროთ. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხმარებიან ოთხი არასრულწლოვანი ბავშვის მშობლებს. სხვა ქალაქებშიც ასეა და სხვა რეგიონებშიც - სამშვილიანი დედა არ არის დახმარებაში ჩასმული.“
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსთან საუბრის დროს დავსვით ასეთი კითხვაც: ყველაზე კარგი დახმარება ის ხომ არ იქნებოდა, რომ ოჯახის წევრები - დედა თუ მამა დაესაქმებინათ?! მან გვიპასუხა:
„არის იმის პრეცენდენტებიც, რომ დაგვესაქმებინა მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, დედა, მამა... მაგრამ ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის, რადგან ყველაფერი კერძოა და შენ არ გაქვს უფლება, მოსთხოვო, მაინცდამაინც ეს აიყვანე და დაასაქმეო. რა გამოდის? - მერია ერევა კერძო პირის საქმეში, ეს კი კანონით არის შეზღუდული. ის კერძო მეწარმეა და, ვინც სჭირდება, იმას აიყვანს, მაგრამ კერძო საწარმოს როცა ესაჭიროება მუშახელი, მაშინ ვეხმარებით. ჩვენ მათ ვთავაზობთ კანდიდატებს: თუ შეიძლება, თუ გჭირდებათ, ეს თხოვნით არის... ძალიან ბევრჯერ ასეთი თხოვნა დაკმაყოფილებულა.“
და მაინც, სამშვილიან ოჯახებს, ისეთ ოჯახებს, სადაც სხვებზე არანაკლებ უჭირთ, უნდა ეხმარებოდნენ. ვინაიდან დღეს საქართველოში შობადობის მხრივ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, რომ სამი შვილის პატრონი უკვე მრავალშვილიანად ითვლება, სახელმწიფომ ისინი არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მესამე შვილის პოტენციური ნათლიის მოწოდებამ გამოაღვიძა, გამოაფხიზლა ქართველები, შობადობამ მოიმატა, მაგრამ ისევ დეპოპულაციაში ვცხოვრობთ, რადგან პატრიარქის მოწოდებას სახელმწიფოც აქტიურად უნდა დაუდგეს გვერდით: ძალა ხომ ერთობაშია!