დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სტაჟიანი“ ნაგავსაყრელი სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს
2010/03/22 13:22:58

ქუთაისისთვის ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული ნაგავსაყრელი მარადიულ „აქილევსის ქუსლად“ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელს იტალიელი ინვესტორის სახით „პატრონი“ გამოუჩნდა. „რაფანო სერვისი“ ის კომპანიაა, რომელმაც ნაგავსაყრელით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემის გარდა, „მწვანე ქუთაისის“ დახმარებით, ქალაქი ნარჩენებისგან უნდა გაასუფთაოს. ერთი სიტყვით, ქუთაისის სისუფთავე, ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იტალიელების საზრუნავიცაა.

„რაფანო სერვისის“ ხელმძღვანელი ამ ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. კონკრეტული თარიღი მშენებლობის დაწყებისა  ამ ეტაპზე უცნობია.

ამას ძველი და ამჟამინდელი ქალაქის მერების მიერ საკრებულოს წევრ ვიკა ნაკაშიძისთვის მიწერილი ოფიციალური წერილებიც ადასტურებენ. ნუგზარ შამუგიას სახელზე მიწერილი წერილის პასუხად, ქუთაისის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი, აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ მებურიშვილი 2009 წლის 18 დეკემბერს (ამ დროს შამუგიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელის არსებობის გამო პრეზიდენტის საყვედური დაიმსახურა, რასაც თანამდებობიდან მისი წასვლაც მოჰყვა) წერს: „თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ნაგავსაყრელზე დაწყებულია სამუშაოები, რაც ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც დაიწყება 2010 წლის თებერვლის თვეში.“

2010 წლის 9 თებერვალს კი ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე იმავე საკითხის შესახებ ოფიციალურად პასუხობს: „იტალიელი ინვესტორის მიერ გამოთქმული წინადადება ქალაქის ნარჩენების პოლიგონზე ქარხნის მშენებლობის თაობაზე არის მხოლოდ წინადადება, ამ ეტაპზე ინვესტორს პროექტი და ბიზნეს-გეგმა არ წარმოუდგენია.“ ფაქტია, რომ ამჟამინდელი მერი სიმართლეს ამბობს, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ დღემდე არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ქარხნის სამშენებლო ან მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ამავე წერილში წერია იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რაც ნაგავსაყრელის დასახლებიდან დაშორებას ეხება. ამ ეტაპზე ქუთაისის მერიამ ვერ გამონახა ახალი შესაფერისი ადგილი პოლიგონის მოსაწყობად. თუმცა მერია თანამშრომლობის მომხრეა და საკრებულოს წევრ ვიკა ნაკაშიძეს „ნებისმიერი გონივრული წინადადების განხილვას“ ჰპირდება.

ქუთაისის ნაგავსაყრელი 1967 წელს შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, წესების თანახმად, ზემოთ აღნიშნული პოლიგონები ეწყობა 15-20 წლიანი ექსპლოატაციის ანგარიშით და მისი სანიტარული ზონა უნდა შეადგენდეს 500 მეტრს. არსებული ნაგავსაყრელი კი ქუთაისი-გეგუთის საგზაო მონაკვეთზე სულ რაღაც 2-3 მეტრითაა დაშორებული.

ჯერ კიდევ 2007 წლის 21 მარტს ქუთაისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ტარიელ სვანაძე წერდა: „ამჟამად ქალაქის ნაგავსაყრელი, რომელიც მდებარეობს ქუთაის-გეგუთის გზის დასაწყისში, მინიმალურად ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ის ექსპლუატაციაშია უკვე თითქმის 40 წელი, ამოწურა ყველა რესურსი. აგრეთვე ნიკეას ქუჩის დასახლება უკვე მიუახლოვდა მის საზღვრებს. ყოვლად დაუშვებელია ის, რომ იქ ხდება ნარჩენების დაწვა, რის შედეგად ჰაერი ბინძურდება ნახშირორჟანგით, მჭვარტლით და ოქსიდებით, რაც აკრძალულია არა მარტო მოქმედი სანიტარული წესებით, არამედ სტოკჰოლმის კონვენციით.“ აქვე გეტყვით, რომ ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაწვა დღემდე ხდება, მეტიც - ნაგავსაყრელი შემორაგული არ არის და მოსახლეობა იქ ფერადი ლითონის მოსაძებნადაც კი შედის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბობი ბუსხრიკიძე ქალაქის ნაგავსაყრელზე არსებულ ვითარებას ასე აფასებს: „ქუთაისის ნაგავსაყრელი დღევანდელი მდგომარეობით მინიმალურად ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მოთხოვნებს, რადგანაც მასზე არაკანონზომიერად ხდება ნარჩენების განთავსება. როგორც ორგანულ, ისე არაორგანულ ნარჩენებში, რომლებშიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ბუნებრივი დაშლის დროს მიმდინარეობს რთული ფიზიკური და ქიმიური პროცესები, რასაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მავნე ტოქსიკური ნივთიერებების (მეთანი, ალფაპირენები, დიოქსინები და სხვა) გამოყოფა, ისინი იწვევენ როგორც ნიადაგის, ასევე ზედაპირული და ჩამდინარე წყლების, განსაკუთრებით კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ეს თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ბუნებაზე და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.“

ნაგავსაყრელი, ზესტაფონი-სამტრედიის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში აღმოჩნდება გზასთან. ამავე ადგილზეა დაგეგმილი ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც.

საკრებულოს სხდომაზე ამ ქარხნის სხვა ადგილზე მშენებლობის ინიციატივით საკრებულოს წევრი ნესტორ ფრუიძეც გამოვიდა, თუმცა საკრებულოს წევრებმა საკითხი მომავალ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში გადაიტანეს.

ქალაქში დასუფთავების  და  ნაგავსაყრელის  პრობლემა კვლავ აქტიური რჩება. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ვიკა ნაკაშიძემ ქალაქის ხელისუფლებისგან ნაგავსაყრელის დახურვა მოითხოვა. „ნაგავსაყრელზე დაგეგმილი ქარხნის მშენებლობაც სერიოზული საფრთხის შემცველია ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, როგორიც ნიკეას დასახლებაა. იმას, რომ ნაგავსაყრელისთვის ახალი ტერიტორიაა გამოსაძებნი, დასუფთავების სამსახურიც არ უარყოფს.“ წლების მანძილზე დაყრილი საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების გადამუშავება ძნელი იქნება. ამდენად, არსებული ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს,“ - აცხადებს ვიკა ნაკაშიძე.

ნაგავსაყრელის დახურვას მოითხოვენ ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებიც, რომლებმაც ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვება უახლოეს დღეებში მთელ ქუთაისში გაგრძელდება, რადგან ნაგავსაყრელზე არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარება ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, სისტემატურად ხდება მდინარე რიონის დაბინძურებაც, ქარის დროს კი ნაგავი დასახლებულ უბნებამდეც აღწევს. ოფიციალურ მოთხოვნას ხელმოწერებით ქალაქის ხელმძღვანელებს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია