დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციონერი მაგნატის „რეგიონული“ პრესკონფერენცია
2011/11/21 12:27:35

ოპოზიციონერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საკუთარ ბიზნესცენტრში შეხვდა. პრესკონფერენცია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რამდენიმე კითხვა გაზეთმა „P.S.“-მაც დასვა. ქართველმა მილიარდელმა რეგიონულ მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის - ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე,  დასაქმების პრობლემაზე და, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობებსა და ნატოზე.

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვერ მოხდება ხანმოკლე დროში, თუმცა გამორიცხული არაფერია.   „ეს პროცესი იქნება ძალიან რთული. ეს შეიძლება ვერ მოხდეს ხანმოკლე დროში, თუმცა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის კრიზისები, რომელიც არსებობს, გეოპოლიტიკაში დიდ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანოს; ამისთვის უნდა დაიწყოს ოსების და აფხაზების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, ასევე რუსეთთან სიტუაციის დალაგება.“

რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას, ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნატოს ალტერნატივა არ აქვს და მეც იქ ვარ, სადაც - აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის და ამაზე ოდესღაც არჩევანი გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ.“ მისივე თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მას არ სჯერა, რომ „უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ნატოში.“ ხოლო რაც შეეხება კითხვებს და ეჭვებს მის პრორუსულობასთან დაკავშირებით, ასეთი ეჭვები არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ, მის ოპონენტს - ხელისუფლებას გააჩნია. „პროდასავლურობაც ჩვენი ბედია და რუსეთთან საზღვარიც ჩვენი ბედია. ჩვენ ორივეს გამოყენება უნდა მოვახერხოთ და ისე განვვითარდეთ“ - განაცხადა მან.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ბიზნესმენი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის   საკითხსაც    შეეხო.   

„მოხარული  ვარ,  რომ  ევროსაბჭოში ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ. მე იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო აქტიურად ჩაერთვება ამ საკითხში. ასევე აღსანიშნავია საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება, რაც გამოიხატება ხელმოწერების შეგროვებაში და სხვა სახის მხარდაჭერაში. ორი მხრიდან ვაიძულებთ სააკაშვილს, რომ დაბრუნდეს კანონის სივრცეში და აღმიდგინოს მოქალაქეობა,“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება, აღუდგინოს მას მოქალაქეობა, ხოლო თუ ასე არ მოხდა, არც ეს იქნება დიდი პრობლემა - მისი გუნდი ჩამოაყალიბებს პარტიას, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, მოვიდნენ ხელისუფლებაში. „ეს 1 ან 2 პროცენტით შეცვლის მდგომარეობას. ჩამოვაყალიბებთ პარტიას და შედეგს მაინც მივიღებთ. დეპორტაციაც არაფერს მისცემს სააკაშვილსა და მის გუნდს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანასაც შეეხო. მისი შეფასებით, ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მენეჯმენტი არ იცის. „ქუთაისის სტატუსს რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი გაუგებარია სააკაშვილი მენეჯმენტში. ის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლუტურად გაუგებრად და გაუცნობიერებლად. ქუთაისს როგორ განავითარებს პარლამენტი, ამას საპირისპირო შედეგები ექნება. არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება ასეთი ცენტრალიზებული ორგანოების რეგიონებში გადატანა. უნდა მოხდეს სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური გათვლებით რეგიონების განვითარება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე, ქართველი მილიარდელის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის გამო, ის რუსეთში თავის ბიზნესს ყიდის და განზრახული აქვს, ინვესტიციების სახით ფული საქართველოში დააბანდოს. ასევე, ბიზნესმენი არ აპირებს საქველმოქმედო ფონდის გაუქმებას. „რუსეთში ქონების გაყიდვას აუცილებლად მოვახერხებ და ეს აუცილებელია, რამდენადაც მე პოლიტიკაში მოვედი და ბევრ კითხვას აჩენს. ვაპირებ, აღებული თანხა ინვესტიციებითაც და პირდაპირი დახმარებითაც, ჩემს ქვეყანას მოვახმარო. რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდის არსებობას, კანონმდებლობის ფარგლებში პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, ალბათ, მოხდება რაღაც კორექტირება ამ მხრივ. რა დონეზე და როგორ, მე დღეს არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ მე ვაპირებ, ისე შევინარჩუნო, როგორც ეს იყო, თუ კანონთან არ მოვა წინააღმდეგობაში.“

რეგიონულ მედიასთან  ოპოზიციონერმა მაგნატმა ბევრ სხვა თემაზეც ისაუბრა. პრესკონფერენცია ცოცხლად გადაიცემოდა ინტერნეტით და საქართველოს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, თვალი ედევნებინა მისი მსვლელობისათვის. ჩვენ შევეცდებით, მკითხველს თემატურად შევთავაზოთ პრესკონფერენციის დეტალები.

სოფლის მეურნეობა 

ბიზნესმენმა ყველაზე ვრცლად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სექტორი აუცილებლად უნდა განვითარდეს და მას ამ კუთხით კონკრეტული პროექტი აქვს. „საქართველოში იყო შედარებით ღარიბი და მდიდარი სოფლები, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველა გლეხი ერთმანეთს დაემსგავსა ყველა რეგიონში და ყველა არის საოცრად გაჭირვებული. როგორც კი ჩვენი ახალი პრეზიდენტი 2004 წელს ავირჩიეთ, ერთ მილიარდს მყისიერად ვთავაზობდი, რაც საჭიროებდა პირველად ინვესტიციებს აგრარული რეფორმის გატარებისათვის და შემდგომშიც, ვპირდებოდი, რომ წლების განმავლობაში, რაც მე შემეძლება, დაგეხმარებით... დღესაც არ ვიცი, სხვათა შორის, პასუხი, რატომ არ დააინტერესა. თოხზე გადამკვდარ გლეხს ვხედავთ დღეს ჩვენ და თუ ჩვენ ამას მყისიერად და სასწრაფოდ არ შევცვლით, არ დავეხმარებით სოფელს, ალბათ, დიდი პერსპექტივა ვერ ექნება მას განვითარების...“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა. მისივე თქმით, სოფლისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შეღავათიანი კრედიტები და სოფლის მეურნეობა მდგრადი განვითარების პრინციპებზე უნდა გადავიდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა. „დღეს შიდა ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი პროდუქტი და ეს, ალბათ, კატასტროფაა, და წარმოგიდგენიათ, რომ ნახევარზე მეტი, მგონი, 70 პროცენტამდე, შემოდის გარედან სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომლის ხარისხზეც საუბარი საერთოდ ზედმეტია,“ - აღნიშნა მან. - შემდეგ ეტაპზე კი სახელმწიფომ ყველა რეგიონს დახმარება უნდა გაუწიოს და უნდა დაიგეგმოს, ყოველი კონკრეტული რეგიონისათვის აგრარული სექტორის რომელი მიმართულების განვითარება იქნება მომგებიანი და მიზანშეწონილი.

რუსული ბაზრის დაბრუნება

რაც შეეხება ბაზრის დაბრუნებას, ბიზნესმენის თქმით, მას ილუზია არ გააჩნია, რომ ჩვენ ამას ხუთ წუთში მოვახერხებთ. „ბაზრის გახსნაც ვერ მოხდება იმ ძირეული საკითხების გვერდზე გადადებით. კარგად მოგეხსენებათ, რაც არის ჩვენი დღევანდელი პრობლემა რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ სტაგნირებულ პოზიციას დავძრავთ მყისიერად ადგილიდან, რა დრო დაჭირდება, როგორ განვითარდება, ძალიან რთულია დღეს ამის ანალიზის გაკეთება, მაგრამ ერთია ცხადი, რომ ეს ვერ მოხერხდება და არც ხერხდება, სანამ სააკაშვილი იქნება ამ მთავრობაში... მე ვაფინანსებდი მარნებს ძალიან შეღავათიანი კრედიტებით და მესამე წელიწადს ამიკრძალეს ეს, არ შეიძლებაო. ისევ ჰყავს მაგას მძიმეწონიანი ეკონომისტი, მისი გათვლები იყო, რომ ჩვენ საკონიაკე სპირტისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყურძენი და მისგან მივიღოთ პროდუქტი, რომელიც შეიძლება მერე რენტაბელური იყოს და გარეთ გავიტანოთ; აუცილებელია, მაქსიმალური ღირებულება ყურძნის ჩაბარებისა უნდა იყოს 20 თეთრიო. მესამე წელიწადს აღარ მოუნდათ ამ მოტივით, აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იშრომოს და რა უნდა აკეთოს გლეხმა, რომ მერე ყურძენი  20 თეთრად  ჩააბაროს?!“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა.

 

ადგილობრივ თვითთმმართველობაზე

პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა. მისი აზრით, მთავარია „პოლიტიკური ნება, რომ მაქსიმალურად გადავიტანოთ აქცენტი თვითმმართველობაზე. ადგილებზე უნდა წყდებოდეს ის, რისი გადაწყვეტაც შუძლიათ. ამის შედეგად ჩვენ, ასევე, შეიძლება მივიღოთ ის, რომ პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება და განვითარება მოხდეს რეგიონების და სოფლების დონეზე. ეს, თავისთავად, პოლიტიკურ პარტიებსაც გაუიოლებს მომავალში ადგილობრივ რეგიონებზე კოორდინაციას და მათ ჩართვას ცენტრალურ მმართველობაში“. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება კი, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ფინანსური, ადმინისტრაციული და ფისკალური    ეცენტრალიზაციით.                                                  „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ კანონის ძალით და არა ვინმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ქონებიდან გადასახადი, საშემოსავლოს ნაწილი რომ დარჩეს, მაგალითად, ადგილზე და ა.შ. კანონის სახით უნდა განხორციელდეს ეს ფისკალური საკითხი, რომ თვითმმართველობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ცენტრალური აპარატის ჩინოვნიკზე. ეს მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ რეალური თვითმმართველობა,“ - განაცხადა ბატონმა ბიძინამ.

 

სოციალური დახმარება

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ბატონი ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს მყისიერად არ მოხდება. „მე მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, ნუ ექნებათ იმის განცდა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ რამდენიმე თვეში. რამდენიმე თვესა და უახლოეს დროში ჩვენ შევძლებთ, რომ სწორი საფუძველი ჩავუყაროთ იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავძლიოთ ეს პრობლემა. ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან თბილი კლიმატი იმისთვის, რომ საინტერესო ქვეყანა გახდეს საქართველო ინვესტიციებისათვის. პირველ რიგში, ძალიან ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და როგორც კი ნახავენ აქ შესატყვის გარემოს, აუცილებლად დაბრუნდებიან. სახელმწიფოსაგან სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ეს უნდა ხორციელდებოდეს განუხრელად მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ თითოეული ქართველის დასაქმებას,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, ის თავის თავს იმაშიც აკრიტიკებს, რომ აქამდე ვერ მოახერხა ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა და, ალბათ, ამ კუთხით მეტის გაკეთება შეეძლო. „თქვენს კრიტიკას ვეთანხმები,“ - განუცხადა  მან ჟურნალისტებს და  დასძინა:  „თავის გასამართლებლად, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ბიზნესი - პატარაა ის თუ დიდი, მართვის მხრივ ერთნაირ ყურადღებას საჭიროებს და, შესაბამისად, რასაც ვაკეთებდი, პარალელურად იმისა, საქართველოში რამდენიმე ბიზნესი დამეწყო, შეუძლებელია. თუ გაქვს ბიზნესი, მას უნდა ყურადღება, მიხედვა, კონცენტრირება. სხვანაირად ის ეფექტური ვერ იქნება და შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ალბათ, შესაძლებელი იყო უფრო მეტიც.“

 ქართველი მილიარდელის განცხადებით, მის მიერ დაარსებულ ბანკს „ქართუ“ ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი დანიშნულება - რომ ის უნდა ყოფილიყო საინვესტიციო ბანკი, თუმცა საქართველოს ბაზარმა სამას მილიონ დოლარზე მეტი თანხის ათვისება ვერ მოახერხა. „ეს თითქოს უცნაურია, მაგრამ გასაგებია - არ არსებობს საინვესტიციო კლიმატი და არ არის, შესაბამისად, მოთხოვნილება ფულზე. მინდოდა, შემეცვალა, როგორღაც, სიტუაცია და ვაპირებდი საკრედიტო საპროცენტო განაკვეთი   არ   ყოფილიყო  ასეთი  მაღალი.  ამაზე  იმსჯელა საბანკო ასოციაციამ და განაცხადეს, რომ დაინგრეოდა საბანკო სისტემა, მე თუ დავწევდი საპროცენტო განაკვეთს... რა თქმა უნდა, დაბალი პროცენტები აუცილებლად უნდა არსებობდეს და ეს არის საინტერესო ინვესტიციებისათვის, მაგრამ, ამავდროულად, ფულის მასა რაცაა დღეს საქართველოში,                                                        „აკმაყოფილებს,“ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენს ეკონომიკას, რამდენადაც აკმაყოფილებს დღევანდელ ხელისუფლებას. ის მეთოდები, რა მეთოდებითაც იმართება დღეს ქვეყანა, ვერ შექმნის საინვესტიციო გარემოს და, შესაბამისად, არც არაფერი კეთდება“ - ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

 

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით

რაც შეეხება იმ კრიტიკას, თუ რა კრიტერიუმებით ახორციელებდა ბატონი ივანიშვილი ქველმოქმედებას და როგორ აღმოჩნდნენ დახმარებულთა სიაში წარმატებული ადამიანები, როდესაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, ქველმოქმედმა უპასუხა:

„გარწმუნებთ, თუ აიღებთ, საერთოდ, ფონდიდან დანახარჯებს, რაც გამოქვეყნდა, ის არის ნაწილი, გაჭირვებულებზე იხარჯება გაცილებით მეტი, ვიდრე წარმატებულ ადამიანებზე. მე მქონდა სურვილი და, რა თქმა უნდა, ვისაც უჭირს, იმას უნდა დაეხმარო, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, მასიურად, ქვეყნის მასშტაბით, ეს რომ ფონდს განეხორციელებინა, ასი ჩემნაირიც ვერ შეძლებდა ამას.“

ქველმოქმედის განცხადებითვე, მას სურდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომლითაც ღარიბ მოსახლეობას აუცილებელი სამედიცინო დახმარება უფასოდ უნდა მიეღო და ამ მიზნით დაიწყო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. „გარდა რეაბილიტაციისა, ვაშენებდით ახალ შენობებსაც. მარტო პროექტში გადავიხადეთ ორი მილიონ ექვსასი ათასი ევრო. ასევე, ჩვენ იქ გადაგვყავდა სამედიცინო ინსტიტუტი და ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, საუნივერსიტეტო ქალაქი კეთდებოდა. საავადმყოფო უნდა ყოფილიყო უფასო, რა თქმა უნდა. ნუ, ეს ეტაპები ყველაფერი იცოდა სააკაშვილმა და შეთანხმებული იყო ყველაფერი... მოხდა ისე, რომ ისევ ჩვენი მძიმეწონიანი ეკონომისტის ჩარევით, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, პროექტი გააჩერეს. არ შეიძლება რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს უფასო, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღარიბება სხვა კომერციული საავადმყოფოებისაო და ა.შ. მე ვუმტკიცებდი, რომ 700 საწოლზე იყო გათვლილი, როგორც მახსოვს, და ეს მოემსახურებოდა მხოლოდ უაღრესად გაჭირვებულებს საქართველოს მასშტაბით. ეს ხალხი რომ კერძო და ფასიან საავადმყოფოებში მიმსვლელები არ არიან და, რეალურად, უწამლოდ იღუპებიან იმაზე ადრე, რაც მათ აქვთ პოტენცია. კითხვები იყო, მაგრამ არც ისეთი, რომ შეჩერებულიყო ეს პროექტი. ძალით ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხდებოდა.“

ბატონი ბიძინა ივანიშვილი განათლების რეფორმასაც შეეხო და განაცხადა, რომ ერთადერთი დადებითი არის მისაღები გამოცდების მოწესრიგება. „შოკისმომგვრელი ეფექტებით ხასიათდება მათი ყველა რეფორმა და ასეთი იყო განათლების რეფორმაც. ის რომ სწავლის დონე და მისი დაფინანსება არ არის შესატყვისობაში, მაგონებს ელექტროენერგიას - ევროპული გახადეს ელექტროენერგიის ფასი და  საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები, მოგეხსენებათ, როგორია.“ - განაცხადა ქართველმა მაგნატმა და დასძინა, რომ განათლებას პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ გვინდა, დავრჩეთ ცივილიზებულ ქვეყნებში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია