ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ჯერ კიდევ განსჯის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩატარებიდან კვირაზე მეტი გავიდა, კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არ მოხსნილა. ოფიციალური ვერსია ექსპერტებს და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს არცთუ დამაჯერებლად მიაჩნიათ.
ლოპოტის სპეცოპერაციის ოფიციალური დეტალები ასეთია: დაიღუპა 3 სპეცრაზმელი, დაიჭრა 5, ლიკვიდირებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, რომელთაგან 7 პიროვნების იდენტიფიკაცია მოხდა. მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებებში ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ დაღუპულ ბოევიკებს შორის, თუმცა შემდგომში სამინისტრო იძულებული გახდა ეღიარებინა შეცდომა და ოფიციალური ინფორმაციაც გამოაქვეყნა საიტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დივერსიული მიზნებით იმყოფებოდა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო კიდევ ერთი სპექტაკლი და კიდევ ერთი სისხლიანი ავა ბნტიურა ხელისუფლებისგან, რასაც შეეწირნენ ადამიანები.“ - ასე აფასებს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის ინფორმაციით, „შეიარაღებული დაჯგუფების 4 წევრი შსს-ს, სავარაუდოდ, მოდულის შენობაში ჰყავს“. ამის შესახებ არეშიძემ „ფორ.გე“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. არეშიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, გადასამოწმებელია. რაც შეეხება შეიარაღებული დაჯგუფების იმ წევრებს, რომლებიც შსს-ს ოფიციალური ვერსიით იძებნებიან, ექსპერტის ინფორმაციით, მათ საქართველოს საზღვრები უკვე დატოვეს.
მამუკა არეშიძე: „ჯერჯერობით, კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მოგეხსენებათ, არსებობს რამდენიმე ვერსია. ყველაზე მყარი ვერსია, რომელსაც ეთანხმება საზოგადოება, განსაკუთრებით ადგილობრივი (ვგულისხმობ როგორც თელავის რაიონის, ასევე ახმეტის რაიონის მცხოვრებლებს) არის ის, რომ ეს რაზმი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა და არა პირიქით, როგორც თავიდან ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას. ეს რაზმი კვალიფიცირებული მეომრებით იყო დაკომპლექტებული... მათ კვალიფიკაციას განსაკუთრებულად ამტკიცებს ფაქტორი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტების მხრიდან ნაკლები ყურადღება მიექცა, ეს არის შეიარაღება. რაზმი ძალიან მაღალი დონის იარაღით იყო აღჭურვილი, რომლითაც ელიტარულზე ელიტარული სპეც-რაზმებია შეიარაღებული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი იმ ვიდეომასალაში ჩანს, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.“
ექსპერტმა „ფორ.გე“-სთან საუბარში განაცხადა, რომ არასერიოზულია ხელისუფლების მხრიდან იმის განცხადება, თითქოს ბოევიკებმა გზა ვერ გაიკვლიეს და ლაფანყურელ ბიჭებს სთხოვეს გზის ჩვენება.
„სხვათაშორის, ეტყობა, ზოგიერთ ჩვენს ნაციონალურ არხს გაეპარა და აღჭურვილობასთან ერთად აჩვენეს, როგორი რუკა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მათ ჰქონდათ აბსოლუტურად სპეციფიური რუკა, საბჭოთა პერიოდის გამოშვების და მარჯვენა ზედა კუთხეში მას ეწერა „секретно“, ანუ ეს არის სამხედრო რუკა, რომელიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანებთან ბრძოლაში ჩვენ სამი სპეც-რაზმელი დავკარგეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათაც შესძლებიათ ბრძოლა - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ იქ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც 11 კაცის სიკვდილი განაპირობა. როგორც ჩანს, გადარჩენილებმა მიიღეს ბრძოლა და კარგადაც იბრძოლეს. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს იყო კვალიფიცირებული რაზმი, კარგად აღჭურვილი და შესაბამისი რუკებიც ჰქონდათ. ამდენად, ისინი იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ მათ არანაირი გამცილებელი არ სჭირდებოდათ,“ - ამბობს ბატონი არეშიძე.
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად გაჩნდა, არის ის, თუ როგორ გადაადგილდებოდა კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების რაზმი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ ან უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში არანაირი უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ან ამ საქმეში თავისი წარმომადგენლების თანამომაწილეობა უნდა აღიაროს,“ - მიაჩნია მამუკა არეშიძეს.
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა პაატა ცნობილაძემ