დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კერძო ტაქსების თვითნებური პარკირებები ქუთაისში
2013/02/25 12:49:57

„ჩვენ მოსახლეობას პურის ფულის შოვნას ვერ ავუკრძალავთ“

 

ქალაქის ცენტრალურ უბნებში - მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილებზე და ფეხით მოსიარულეთა გადასავლელებთან, იქ, სადაც მოძრაობა ისედაც გართულებულია, ხშირად შეიმჩნევა კერძო ტაქსების თვითნებური პარკირება. კლიენტის მოლოდინში საათობით მდგომი მანქანები ხელს უშლიან მგზავრებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას. 

 

კერძო ტაქსების სიმცირეს ქუთაისი ნამდვილად არ უჩივის. არც მათი სამსახურის საწინააღმდეგო ექნებოდა ვინმეს, რომ არა - მძღოლების მიერ თვითნებური გაჩერებების მოწყობა ისეთ ადგილებში, სადაც პარკირება კანონით აკრძალულია. აკრძალულია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების სიახლოვესაც, სადაც მოძრაობის ისედაც ვიწრო ზოლზე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამ თემას შეეხო ამასწინათ ქალაქის ურბანული განვითარების საკითხის განხილვისას მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ სამომავლოდ ქალაქში იგეგმება კერძო ტაქსების პარკირებისათვის რამდენიმე ადგილის გამოყოფა, ტაქსის მფლობელებს კი ფიქსირებული გადასახადის გადახდა მოუწევთ.

არახალია, რომ ამა თუ იმ საკითხით დაინტერესება პრობლემის უშუალო მონაწილის უკმაყოფილებას იწვევს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა. ჩვენი გამოჩენა ტაქსის მძღოლებს თავდაპირველად გაუხარდათ, პოტენციურ „კლიენტად“ ჩაგვთვალეს, მაგრამ მისვლის ნამდვილი მიზეზი რომ შეიტყვეს, უკმაყოფილება ვერ დამალეს და ქუჩაში თავიანთი გამოსვლის მიზეზებზე დაიწყეს საუბარი.

ნიკოლოზ დეისაძე, ტაქსის მძღოლი: „რას ამბობთ, ამით ვირჩენ თავს და არც უკანონოდ არ ვდგავარ, თავისუფალი ადგილია და რამდენიმე წუთით დგომა დანაშაულია? არ ვიცი, რას გეგმავს ხელისუფლება. ეტყობა, რაცხა ახალი მოიფიქრეს ფულის საშოვნელად.“

ჯუმბერ იობიძე, ტაქსის მძღოლი:  „არასწორი გაჩერების გამო საპატრულო პოლიციასთან კი შემქმნია პრობლემა, მაგრამ რა უნდა ვქნა, ჩვენი საქმე ესაა - იქ უნდა ვიყოთ, სადაც ხალხმრავლობაა. აბა, გარეუბანში თუ დავდექით, ქე დავრჩებით მშიერი. ტაქსების პარკირებების მოწყობა არ იქნება მარტივი პროცესი. ნორმალური ადგილები უნდა გამოყონ ჩვენთვის და ჩვენი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ. გადასახადსაც გადავიხდით, მარა ისეთი გადასახადი უნდა დაგვიწესონ, გადახდა რომ შევძლოთ.“

ზაზა ნუცუბიძე, ტაქსის მძღოლი:  „შეიძლება, აქ არ არის პარკირების ადგილი, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დავდგეთ? საშველი რომ არ იყო, ჩვენს თავს თვითონ ვუშველეთ. თუკი შეიქმნება პარკირების ადგილები, მივესალმები, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ნორმალური გადასახადი იქნება, თორემ იმხელა თანხა თუ დაგვიწესეს, ვერ გადავიხადოთ, - მაგას ისევ პატრულის გამოწერილი ჯარიმა მირჩევნია.“

რას ფიქრობენ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები და რიგითი მგზავრები?

დათო, 32 წლის, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი: „მეც მძღოლი ვარ და კარგად მესმის     „ტაქსისტების“, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ არასწორია. ფაქტობრივად, ავტობუსის გაჩერება შეუძლებელი ხდება ხოლმე მაგათ გადამკიდე, თითქმის სავალ ნაწილზე ჰყავთ მანქანები გაჩერებული და მოძრაობაში ხელს გვიშლიან. რატომაც არა, გამოიყოს სპეციალური ადგილები და გადაიხადონ გადასახადი.“

ციცინო ვერულაშვილი, მოქალაქე: „მართალია, ტაქსები გვჭირდება, მაგრამ, ეს მეტისმეტია - მგონი, ხალხი არაა იმდენი, რამდენიც - ტაქსი, ამიტომ ყველა კუთხეში მოიწყვეს გაჩერებები. ავტობუსები,    „მარშრუტკები“, მანქანები და პლიუს ტაქსები ერთად რომ დგანან, ნამდვილი ქაოსია და საფრთხეს გვიქმნის მოსახლეობას გადაადგილების დროს.“

ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის ფონზე უნებართვო გაჩერებების მოწყობის შესახებ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი ასე გვპასუხობს: „ეს საკმაოდ რთული თემაა. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მერიის რეგულაცია მხოლოდ პარკირების გამოყოფა-არგამოყოფით განისაზღვრება. რაც შეეხება გაჩერებებს, ამას მერია არ აკონტროლებს. თუ ნიშანი დგას, იქ გაჩერება ყველას შეუძლია, თუ არა - მაშინ ეს პატრულის საქმეა, რომელიც გამოწერს ჯარიმას. მაგრამ, თუ დგანან ზოგიერთ ადგილზე, ჩვენ რა შეგვიძლია? ადამიანი დგას და პურის ფულს შოულობს, რა ვუთხრათ, არ დადგეთ-თქო? თუკი ეს მოქალაქეებს ხელს უშლით, ამის შესახებ მე უნდა მეცნობოს წერილობით, რის შემდეგაც მოვახდენ რეაგირებას. ამ დროისათვის კი ჩემთან რაიმე სახის განცხადება არ შემოსულა.“

ტაქსების პარკირებების შექმნა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2012-2017 წლების გეგმაში მოხვდა და ერთ-ერთ პრიორიტეტადაც დასახელდა. თუმცა, რამდენი ადგილი შეიქმნება ქალაქის მასშტაბით და რა რაოდენობის ფიქსირებული გადასახადი დაწესდება, ამ კითხვებზე, ჯერჯერობით, პასუხი არ არსებობს. გასაკვირიც არაა - 2017 წლამდე დიდი დროა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია