დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ქუთაისის მერია 1000 ლარით დაეხმარა
2013/07/31 22:56:15

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, დავითაშვილის 7 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, რის გამოც შეყრილაძეების ექვსსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. დაზარალებულებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს.

„ჩემ გამწარებულ ცხოვრებას კიდევ ეს უნდოდა? რამდენიმე წლის წინ მეუღლე მომიკვდა, მერე შვილი, შემდეგ კი სიძე, ახლა სახლიც დამეწვა.  ნეტავ, მეც დავმწვარიყავი,“-განაცხადა ნინელი შეყრილაძემ.

ოჯახის რძალი ხათუნა ცერცვაძე ხანძრის გაჩენის დღეს იხსენებს: „ჩართული არაფერი დამრჩენია, ხანძარი რომ გაჩნდა, სახლიდან გასულები ვიყავით. სახანძრო მეზობლებმა გამოიძახეს. როდესაც გავიგე, რომ სადღაც ცეცხლი გაჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი სახლი იწვოდა, რადგან ახალი გასულები ვიყავით და ყველაფერი გამორთული გვქონდა. კიდევ კარგი, ბავშვები სოფელში მყავდა გაშვებული, მთელი სახლი დაიწვა და ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით, რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი ფერფლად გადაიქცა.“

დავითაშვილის ქუჩა „ბჟოლებში“ მდებარე სახანძრო სამსახურიდან, დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს.  მაგრამ, როგორც მეზობლები აცხადებენ, სახანძრო მანქანები 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სახანძროს თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათ კვამლი შეამჩნიეს და თავისი ინიციატივით გავიდნენ შემთხვევის ადგილას. გამოძახების შესახებ კი მათ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აცნობეს.

ოჯახის წევრთა თქმით,  უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა,  სოციალურად დაუცველთა ბაზაში მაინც ვერ მოხვდნენ. მათი განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მაღალი სარეიტონგო ქულების მიზეზად  ოჯახის შრომისუნარიანი წევრები დაასახელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს და თავს ოჯახის უფროსის პენსიით ირჩენენ.

„შრომისუნარიანები თუ არიან, სამსახური არ აქვთ, მისცენ სამუშაო და იმუშავენებ. არავის იმედი აღარ გვაქვს, რაც მქონდა, ისიც დამეწვა და აწი ვინ რას მოგვცემს, შვილიშვილები სხვადასხვა ნივთებზე მეკითხებიან: „ბებია, სულ დაიწვა, ცოტაც აღარ დაგვრჩაო?“-აღნიშნა ნინელი შეყრილაძემ.

ხანძრის შემდეგ დაზარალებულმა ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებისათვის კვლავ მიმართა. თუმცა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის  ხელმძღვანელმა ხათუნა ცანავამ აღნიშნა, იმისათვის, რომ ოჯახმა სოციალური  დახმარება მიიღოს, აუცილებელია, რომ მას საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს, სადაც აგენტი მივა და დეკლარაციის შევსებას შეძლებს.

ხათუნა ცანავამ ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს შრომისუნარიანი წევრების გამო ოჯახმა სოციალური დახმარება ვერ მიიღო. „ოჯახის შრომისუნარიანი წევრები არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, მიიღებს თუ არა ოჯახი დახმარებას, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სხვა კრიტერიუმებთან ერთად. ჩვენი აგენტი მუშაობს იმაზეც, რომ ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩავრთოთ და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყოთ,“-აღნიშნა ხათუნა ცანავამ.

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურისგან ოჯახს ერთჯერადად 1000-ლარიანი დახმარება გამოეყო. საბინაო სამსახურში კი აცხადებენ, რომ შეეცდებიან, დაზარალებულები დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია