ქუთაისის საკრებულოს ნაციონალურმა უმრავლესობამ კიდევ ერთხელ ერთსულოვნად ასწია თორმეტი ხელი ახალი მერის დასამტკიცებლად. ახალი მერის მიმართ თავისი სიმპათიების გამოსახატავად დრო კახა ნურალიძემაც გამონახა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ბოლოს როდის იყო, არავის ახსოვს. ერთსულოვანი მხარდაჭერა 23 დეკემბერს ამჯერად გია თევდორაძეს გამოუცხადეს.
იგი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, ვინაც მერობის სურვილი გამოთქვა. საბუთების ბოლო ვადა 22 დეკემბრის 5 საათი იყო. საკრებულოს ბიურომ დაჩქარებული წესით განიხილა მერობის ახალი კანდიდატი. განსახილველი არც არაფერი იყო, გია თევდორაძის მერობა მხოლოდ ოფიციალურად იყო გასაფორმებელი. თუმცა, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ბიუროს სხდომის დეტალები „გაახმოვანა“: „ბატონ გიასთან საკმაოდ რთული შეკითხვები გვქონდა და საუკეთესო პასუხები მივიღეთ მისგან“.
ბიუროს სხდომას რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშიძეც ესწრებოდა, სწორედ მან განგვიმარტა სხდომაზე დასმული „რთული კითხვების“ შინაარსი:
„რა რთული კითხვები? არავითარი კითხვები არ ყოფილა. მხოლოდ აქეს და ადიდეს. ან შესაკითხი რა იყო, ისედაც ყველაფერი „ზევით“ გადაწყვიტეს, მათი ფუნქცია მხოლოდ ხელის აწევა იყო.“
„ზუსტადაც ვათანხმებ ჩემს პარტიასთან და ამას არც ვმალავ!“- ეს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თამამი განცხადება გახლდათ.
ნაციონალური ერთსულოვნების იდილია ლეიბორისტმა სამსონ გუგავამ დაარღვია. მან მერობის ახალი კანდიდატისაგან შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მოითხოვა. მაგრამ უალტერნატივო კანდიდატისადმი ეს მოთხოვნა საკრებულომ არ გაითვალისწინა. სამსონ გუგავას კი გია თევდორაძე შეჰპირდა, რომ შევსებულ დეკლარაციას პირადად მიართმევდა.
ახალმა მერმა თავისი პროგრამაც წარმოადგინა, რომელსაც თვითშეფასებაც გაუკეთა: „ჩემს პროგრამას ძალიან დიდი ამბიცია გაჰყვება ლაიტმოტივად, რაც პირდაპირ კავშირშია ცენტრალური ხელისუფლების სურვილებთან.“
არადა, ეს პროგრამა წყლის წვეთივით ჰგავს მის წინამორბედთა პროგრამებს. მთავარი პრიორიტეტი ისევ და ისევ ინფრასტრუქტურაა, გარეგანათება, გზის საფარი, ქუთაისი - სინათლის ქალაქი, ლიფტები, გადახურვები, დასუფთავება, სოციალური პროგრამები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კიდევ, „ტორპედოს“ აღდგენა-განახლება მიაჩნია პრესტიჟის საქმედ.
საკრებულოს უმრავლესობას კითხვები არც გია თევდორაძის მერად დამტკიცების წინ დაუსვამს, ხოლო ვლადიმერ ნაკაშიძისა და სამსონ გუგავას შეკითხვები თევდორაძემ რეკომენდაციებად მიიღო.
ერთი სიტყვით, კიდევ ერთი მერი დავამტკიცეთ - მინიმუმ ხუთი თვით მაინც.
სავარაუდოდ, ახალ მერს ახალი საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება.