დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკადემიკოს ვახანიას სასჯელი მხოლოდ 6 თვით შეუმცირეს
2010/07/06 12:48:10

ქუთაისის სააპელაციო  სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მას ბრალად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. მის ინტერესებს სასამართლოში ექვსი ადვოკატი იცავდა: ნუგზარ კვარაცხელია, გია ებრალიძე, ჯემალ შელია, ლალი აფციაური, კახა ლომაია და ლილი გელაშვილი. ადვოკატების განმარტებით, იგი უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმარია და, შესაბამისად, სასამართლო გამოძიებაც დარღვევებით მიმდინარეობს. ვლადიმერ ვახანიას პოლიტატიმრად აღიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

აკადემიკოსი სამართალდამცავებმა 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. მისი დევნა კი, ახლობლების განცხადებით, ერთი წლით ადრე დაიწყო. კერძოდ, მაშინ, როცა 2008 წლის 12 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის გავლისა და საკონტროლო პუნქტის გადაკვეთის შემდეგ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა   პასპორტები ჩამოართვეს და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც წაიღეს.

თუმცა, შემდეგ იგი სხვა მიზეზით და სხვა მოტივით დააკავეს. 2009 წლის 17 მარტს მას ბრალი „სამეგრელოს ქრონიკის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლაში დასდეს, ხოლო აუდიო კასეტის პოვნის მიზნით მის მამაპაპისეულ სახლში, ზუგდიდში, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და, „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა საწოლში, ლეიბის ქვეშ იპოვეს. ეს იყო ის ბრალდებები, რის საფუძველზეც ზუგდიდის სასამართლომ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ეს შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული - ერთი წელი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. მას განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელით გამოუტანეს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზუგდიდის ადგილობრივი გაზეთისთვის 2009 წლის 19 თებერვალს მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერდა და აფასებდა და რომელიც შემდგომში მისი მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ბრალდების მოტივი გახდა. მანამდე კი, იყო პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების მცდელობა, რასაც ხელისუფლების მხრიდან იმთავითვე სერიოზული წინააღმდეგობები მოჰყვა. გარდა ამისა, მოსკოვში გამგზავრების წინ ვახანიას თბილისის აეროპორტში, სხვა დოკუმენტებთან ერთად,  პირადობის დამადასტურებელი საბუთები ჩამოართვეს, რის შემდეგაც იგი ვერ გაფრინდა. ვლადიმერ ვახანიას სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, როგორ შედის მის სახლში ათობით და არა ორი პოლიციელი (როგორც ამას პროკურატურა აცხადებს) და იწყება ჩხრეკა. თუმცა გამოძიებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა მაგალითად, მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ შედიოდნენ ვახანიას სახლში, ქაღალდში გახვეული საგნებით (რომელიც მათი აზრით, იარაღი იყო) ხელდამშვენებული პოლიციელები და ჩხრეკას ყოველგვარი კანონის დარღვევით ახორციელებდნენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვახანიას საქმეს სამი მოსამართლე: მარინა იმერლიშვილი, მურთაზ კაპანაძე და მარინა სირაძე იხილავდნენ. ამ სასამართლო პროცესზე ვახანიამ თავად დაიწყო საუბარი მის მიმართ განხორციელებულ წამების ფაქტებზე. კერძოდ, თქვა, რომ მას ხელები ჰქონდა დალურჯებული იმის გამო, რომ მის ორგანიზმში ინექციით რაღაც სითხე შეჰყავდათ. ამ სილურჯეების გამო იგი გარეთ, საკნიდან არ გამოჰყავდათ. ამ ფაქტების ჩამოთვლისთანავე მოსამართლემ მას საუბარი შეაწყვეტინა. თუმცა ამ ფაქტებზე არც ერთ ადვოკატს არ უსაუბრია. სწორედ ეს გახდა ვახტანგ ვახანიას დის - ნანა ვახანიას პროტესტის საბაბი, რის გამოც მან უნდობლობა გამოუცხადა ადვოკატებს. თუმცა ამ თემაზე წინა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლალი აფციაურმა მკაფიოდ ისაუბრა. მაშინ მან განაცხადა: „სასამართლო პროცესზე რომ მოიყვანეს, გამწვანებული და აშკარად გაბრუებული იყო. ეჭვი გვაქვს, რომ მას წამლავენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უკიდურესად მძიმეა. ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ საპყრობილის ექიმებს და ციხეზე ჩვენს მიერ მიყვანილი ექიმის შეყვანა ვითხოვეთ, რაც სტრასბურგის სასამართლოს ჩარევამდე, პრაქტიკულად, ვერ შევძელით. სტრასბურგის შემდეგ, როგორც იქნა, ეს მოვახერხეთ. თუმცა, პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, მას მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, შესაძლოა, გულთან დაკავშირებით სერიოზული სირთულეები განუვითარდეს. ეს გარკვევითაა აღნიშნული სამედიცინო დასკვნაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სასამართლო პროცესზე წყალი მოითხოვა და არ მიაწოდეს. კაცი ლამის წაიქცა და მოკვდა.“

ადვოკატმა ამ საკითხზე საუბრისაგან თავშეკავება იმით ახსნა, რომ მოსამართლე მათ დროს უზღუდავდა და იცოდნენ, ამ ზეწოლაზე თავად განსასჯელი ისაუბრებდა. სასამართლო პროცესს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ესწრებოდნენ ერნეს ჩორნი - რუსეთში მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც. ნანა კაკაბაძის განცხადებით: „ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლად არ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მე თქვენ ახლა ინტერვიუ არ მოგეცით. ან მოგცე ინტერვიუ და გითხრა, რომ არ გაუშვა. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა - ეს არის სახელმწიფო ცენზურა ანუ კერძო პირს არ შეუძლია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა. ეს სხვა კატეგორია და სხვა მუხლია - ხულიგნობა. ვახანიას კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა ედება ბრალად და, აქედან გამომდინარე, რამდენად შეეძლო კერძო პირს, ხელი შეეშალა ჟურნალისტისთვის, კითხვას ბადებს... მაგრამ თუ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა ან სხვა საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, მაშინ სხვა მუხლით უნდა განისაჯოს. აქ ადვოკატების მიერ იმდენი გამამართლებელი არგუმენტი ითქვა, მოსამართლის ნება რომ ყოფილიყო, მას სასჯელს შეუმსუბუქებდნენ მაინც. მაგრამ მოსამართლე არ აღმოჩნდა მზად, რომ ყოფილიყო გმირი.“ 

„ბრალდების მოწმეები, რომლებიც ბრალის  დასადასტურებლად  მო-იყვანეს  და ჰყავთ საქმეში, თუ მათ ჩვენებებს სამართლიანად შეაფასებთ, ყველა ამტკიცებს ვახანიას უდანაშაულობას. გეტყვით იმასაც, რომ ყველაფერი ეს შეკოწიწებულია და ამ საქმეში ჟურნალისტები გამოიყენეს. მაინტერესებს, თუ ვახანიამ ხუბულავასთვის მიცემულ ინტერვიუში რაიმე თქვა ხელისუფლების საწინააღმდეგო, აქ ადამიანებს თავისუფალი სიტყვისთვის სჯიან?“ - აცხადებს ადვოკატი ლილი გელაშვილი.

საქმეში, გარდა პირველი ჩვენებისა, არ ჩანს თავად ჟურნალისტი ლელა ხუბულავა, რომლის ჩვენების საფუძველზეც ვახანიას ოჯახის ჩხრეკა მოხდა. ამ და სხვა ფაქტორების მიუხედავად, მოსამართლემ ვახანიას 3 წელი და 6 თვე შეუფარდა. ამჯერად მას მხოლოდ ექვსი თვით შეუმცირეს სასჯელი, თუმცა ნანა ვახანია აცხადებს, რომ ის ძმის გასამართლებლად ყველა ინსტანციის სასამართლოში იბრძოლებს.

 

P.S. გარდა იმისა, რომ სასამართლოს ეზოში ინტერვიუების ჩაწერა დაცვის თანამშრომლებმა კატეგორიულად აგვიკრძალეს, სასამართლოს ეზოს გარეთ ამ პროცესის გაკონტროლება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა სცადეს. მათ იმ ვერცხლისფერი მანქანის გაყვანა ვთხოვეთ, რომლის სანომრე ნიშანი PSP-086-ია. რადგან ფოტოგადაღებაში ხელს გვიშლიდა. თუმცა, პოლიციელთა თქმით, მანქანა მათი არ ყოფილა(?).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია