დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ომის ანატომია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/09/15 14:35:37

15 წელი აგვისტოს ომიდან... 2008-ში ნიქოზიდან ცხინვალი ნაცრისფერი ჩანდა... ახლა რამდენიმე სახლზე "წითელი სახურავია"...  ერგნეთიდან ცხინვალი ერთი ხელის გაწვდენაზეა... სოფლის მთავარი გზა ისევ ცხინვალში მიდის, მაგრამ ე.წ. ბლოკ-პოსტი ამ გზას ამოკლებს... ხეხილის ბაღებში ისევ ნახევრად შეფერილია ვაშლები, ატმები... ამჯერად სროლა არ ისმის. გზაზე ადამიანებს ეძებ, რომლებიც ომის ისტორიებს მოგიყვებიან, ისტორიებს რომლის გმირებიც თავად არიან! თუმცა ყველა გზა, სახლი, ხე და ეზო ყვება ისტორიას ომზე...

 

ჩვენთვის „ომის ანატომიის“  მთხრობელი ლია ჩლაჩიძეა.

 

„ვინც ამბობს, რომ ომი 2008 წელს დაიწყო, ტყუილია! 2008 წლის აგვისტოში ომი განახლდა, რომელიც არც არასდროს დამთავრებულა. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ომში ვიყავით. თუმცა ძალიან ვუფრთხილდებოდით მყიფე მშვიდობას, რომელიც გვქონდა. აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა ე.წ. ერგნეთის ბაზრობამ. 1991 წელს, ქართულ-ოსური კომფლიქტის პირველი შეტაკების ეპიცენტრი სოფელი ერგნეთი იყო. აი, ამ პერიოდში, 1991 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, სოფლის პიკეტირებისას მოკლეს ჩემი მეუღლე. აქედან ჩაერთო ჩემი ოჯახი ომში.ჩემი ოსი მეგობრები მოდიოდნენ, მისამძიმრებდნენ. მეუბნებოდნენ: ლია, შენ არ იფიქრო, რომ ყველა ოსი ასე ფიქრობს! მაგრამ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაცივდა ურთიერთობა და დროებით დავცილდით ერთმანეთს. მე ცხინვალში გავიზარდე, სადაც გარჩევა არ გვქონდა, ვინ იყო ოსი, ვინ - ქართველი, ვინ - ებრაელი, ვინ - სომეხი და ასე შემდეგ. ქუჩაში ვისწავლე რუსული, ოსური. მეგობრობაც იქ ვისწავლე... ჩვენ ერთმანეთის იმედი ვიყავით მშვიდობის და ომის დროს.ერთ მაგალითს მოგიყვებით - ჩემი შვილის ნათლიამ, რომელიც კალათბურთელი იყო და საქართველოს ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, ომის დაწყებისას პირველი მე დამირეკა - იმედით, რა გავაკათო, როგორ მოვიქცე?...“ - იხსენებს ლია ჩლაჩიძე, რომელიც 2004 წლიდან 2008 წლამდე შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი იყო ეუთოს ეგიდით. კომისია ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო იყო, რომელიც არეგულირებდა ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. აქ იყო ჩართული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რუსეთი და საქართველო. ლია ჩლაჩიძე  ქართულ მხარეს წარმოადგენდა.

 

ამბები აგვისტოს ომამადე

 

ჩემი მეზობელი, გერმანო პაპა შვილიშვილთან ერთად მინდორში ძროხას მწყემსავდა. ბავშვმა  დაინახა იქვე დაგდებული რაღაც ნივთი - სათამაშო ეგონა და როგორც კი აიღო, ბავშვის სხეულის ნაწილები ჰაერში გაიშალა... აფეთქდა... ასე სპეციალურად აგდებდნენ ასაფეთქებლებს მინდორში, გზებზე... ეს იყო ივლისის თვე.ამავე პერიოდში დანაღმეს ერგნეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სრულიად შემთხვევით ნახეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემდეგ სპეციალისტებმა გააუნებელყვეს. სკოლა ჩვენს მიერ კონტროლიტრებად ტერიტორაზე იყო და არის დღესაც, მაგრამ მაშინ გადმოდიოდნენ და ამას ყველაფერს ოსები აკეთებდნენ რუსების დავალებით.მე ვხედავდი, როგორ მარაგდებოდა ცხინვალი საომარი იარაღით. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ავტობუსები იყო ცხინვალში თეატრალურ მოედანზე ჩამომდგარი და გაყავდათ ქალაქიდან ქალები, ბავშვები, მოხუცები. არცერთს ღიმილი არ ქონდათ სახეზე. როდესაც ვიკითხე, თუ სად მიყავდათ ეს ადამიანები, მითხრეს, რომ - „დასასვენებლად.“ შემხვედრ კითხვაზე, როგორ ერთ დღეს გაგყავთ მთელი ქალაქი? რუსის ჯარისკაცმა მითხრა, რომ ეს „ძაღლის საქმე არ არის“. მე უკვე მივხვდი, რომ უკვე რაღაც ცუდი და მძიმე ამბავი ხდებოდა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ქართულ მხარეს გადმოსულიყო და თავი შეეფარებინა საქართველოსთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან დაშინების პოლიტიკამ კარგად იმუშავა. აქ მარტო ადამიანური ურთიერთობები არ მუშაობდა. აქ  რუსულმა იმპერიალისტურმა ზრახვებმა გაიმარჯვა.ომამდე პროვოკაციები მუდმივად იყო. ივლისის თვეში განსაკუთრებით ისმოდა სროლების ხმა... როცა სიჩუმე იყო, ჩვენ მაშინ გვეშინოდა, რადგან ვფიქრობდით, რომ ისინი რაღაცას გვიმზადდებდნენ. მაგრამ მთავარი რაც იყო, სოფელი არ იცლებოდა, ხალხი სოფელში ცხოვრობდა, არავინ მიდიოდა სოფლიდან და არავინ ტოვებდა სახლ-კარს. არ ვიცი ეს რა ძალა იყო, რა იმედი, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვებიც კი არ გაგვიყვანია სოფლიდან. მეც ჩემი შვილები აქ მყავდა. როდესაც ომი დაიწყო, ორი დღის მანძილზე ჩემი ოჯახის წევრებით სარდაფში ვიყავი.ერთ ფაქტს მოგიყვებით, აქ ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობდა ქართულ - ოსური. ასევე ცხოვრობდნენ ოსეთშიც. იყო შემთხვევა, როდესაც ვლადიკავკაზიდან მომავალი ქართველი კაცი ოსებმა ტყვედ აიყვანეს. ეს სპეცოპერაცია ბოევიკების მიერ იყო მოწყობილი. ჩვენ მისი დახსნა ჩვენი ოსი მეგობრის დახმარებით შევძელით და რომ იტყვიან, სახლის კარამდე მიიყვანეს.

 

ომის დღეები

 

„ჩემს თვალწინ გაიარა ყველა იმ მოვლენამ თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სამხრეთ ოსეთს ომისათვის.“ - და აქედან იწყებს ომის ისტორიების გახსენებას.

 

მე ვმეგობრობდი ერთ-ერთ მაღალჩნოსანთან, რომელიც მაშინ მუშაობდა ცხინვალის პოლიციაში. ის ოსი იყო. 1 აგვისტოს დილის 6 საათზე შემოვიდა ზარი და მეუბნება, რომ მე მქონდა მისი გადარჩენის და შველის შანსი. აღმოჩნდა, რომ მისი ძმა, რომელიც ცხინვალთან ახლოს სოფელში ცხოვრობდა, მგლებს დაეკბინათ. მისი გადაყვანა  ცხინვალის საავადმყოფოში მოხდა, მაგრამ არანაირი სასიცოცხლო ნიშანი არ გააჩნდა. სურდათ, რომ ვლადიკავკაზში გადეყვანათ, თუმცა იყო რისკი, იქამდე ვერ ჩააღწევდა, გზაში დაუღუპებოდა. ერთ-ერთი გამოსავალი თბილისში გადმოყვანა იყო. არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, რადგან ერგნეთში გადმოსვლის შემთხვევაში უკან ვერ დაბრუნდებოდნენ და სამსახურსაც დაკარგავდა. კაცი დადგა დილემის წინაშე - გადაერჩინა ძმა თუ დაეკარგა ყველაფერი.

 

ამ დროს უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო. ჩვენ ეუთოს მანქანით დავდიოდით, მაგრამ გზები დაკეტილი იყო, ვერ ვახერხებდით გადაადგილებას. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ სასწრაფო მანქანით ცხინვალში ჩავსულიყავით და წამოგვეყვანა. მაშინ სამშვიდობო ძალების სარდალი იყო მარატ კულახმეტოვი, რომელიც დღეს რუსეთის ელჩია ცხინვალში და მას პირადად დავურეკე. დაგვპირდა, რომ უსაფრთხოდ შევძლებდით ცხინვალში ჩასვლას. მან დაცვა დაგვახვედრა, რომელმაც გაგვაცილა და გამოგვაცილა. ჩავედით ცხინვალში და ფაქტობრივად მკვდარი წამოვიყვანეთ. ძალიან მეშინოდა, რომ არ მომკვადარიყო, რადგან იყო საშიშროება იმისა, რომ მისი გარდაცვალება პოლიტიკური პროვოკაციის  მიზეზი გამხდარიყო. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, გორის ჰოსპიტალში მივიყვანეთ. ექიმები ძალას არ იშურებდნენ და  რამდენიმე ოპერაცია ერთდოულად გააკეთეს, გადაარჩინეს. რეანიმაციიდან რომ გამოვიდა, მის ძმას ტელეფონზე დავალაპარაკე, რომელსაც უთხრა - არ შეგეშინდეს, ქართველები არც ისეთები ყოფილან, როგორც ჩვენ გვეუბნებიანო. მალე ომიც დაიწყო და გორის ჰოსტიტალი დაექვემდებარა ევაკუაციას და იქ მყოფი პაციენტები თბილისის საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მათ შორის იყო ჩემი ოსი მეგობრის ძმაც. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მივაგენი. თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების მიზეზი კი ცოფი. ძალიან ძნელი სათქმელი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვის ეს ამბავი, უმძიმესი და ბევრი ფაქტორით დატვირთული. ბოლოს წითელი ჯვრის დახმარებით მოვახერხეთ ცხედარის ოსურ მხარეზე გადაცემა, რომელიც სამ ქართველ ტყვე ბიჭში გავცვალეთ.ასეთ უამრავ ისტორიას გვიყვება... ისტორიას ქალზე, რომელიც ოკუპანტებმა ცეცხლში ცოცხლად ჩააგდეს, რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და დღეს მეხსიერება დაკარგული დადის ოკუპირებულ საზღვართან ხალხის და თანასოფლელების იმედად, რომ საჭმელს მიაწოდებენ, ჩააცმევენ... აქვე ინახება ისტორია კაცზე, რომელიც ოკუპანტებმა გააკავეს და აყურებინეს თუ როგორ იწვოდა წლების მანძილზე ნაშენ-ნაწვალები სახლი... დღეს ის გოგონა 15 წლისაა, რომელიც 7 აგვისტოს დაიბადა გორის სამშობიაროში. დაბომბვის დროს დედამ თეთრეულში გაახვია და ისე გადმოხტა მეორე სართულიდან. გადარჩნენ!

 

მარიკა ვაჭარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია