დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფალი სივრცე
ახალდაბის მედიაკაფეში ახალგაზრდებმა მწერალ სალომე ბენიძეს უმასპინძლეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/21 01:45:00

ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა თანამედროვე მწერალ ფემინისტ ქალს, სალომე ბენიძეს უმასპინძლეს.


შეხვედრა „ფონდი ტასო“-ს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები გაცნობოდნენ თავის საქმეში წარმატებულ ქალ პერსონას და მოესმინათ მისგან იმ გამოწვევებზე, რაც გოგონებს კარიერული ზრდის პროცესში ხვდებათ და რამდენად რთული თუ მარტივია წარმატების მიღწევა.


მწერალ სალომე ბენიძესთან შეხვედრა მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. სალომემ ბავშვებს უამბო, როგორ დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა ქუთაისიდან, სადაც ის სკოლა დაამთავრა, რომელიც გასულ საუკუნეებში ქალთა კლასიკური გიმნაზია იყო, და რომელი სკოლაც ცნობილ ქართველ ფემინისტ ქალს, კატო მიქელაძეს, პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ორ პარლამენტარ ქალს: მინადორა ტოროშელიძესა და ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეს, პოეტ ანა კალანდაძეს ვერიკო ანჯაფარიძესა თუ სხვა მრავალ ცნობილ ქალს აქვს დამთავრებული.

 

მერე ისიც გაიხსენა, როგორ გახდა მისი პირველი წიგნი ლიტერატურული პრემია „საბა“-ს სადებიუტო ნომინაციაში გამარჯვებული და შემდეგ როგორ მივიდა იქამდე, რომ შეექმნა პროზაული კრებული „ქალაქი წყალზე“, რომელიც დღემდე გაყიდვაშია და ერთ-ერთ ბესტსელერად ითვლება.

 

მწერალმა აღნიშნა, რომ ეს წიგნი „ქალაქი წყალზე“ მან დაწერა ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა... და ასევე, ეს წიგნი მწერალმა დაწერა ყველა იმ ბიჭისთვისაც, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, რომ გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს. წიგნის მთავარი გმირებიც ქალები არიან, ძლიერი, დამოუკიდებელი შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებლები.


ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სალომემ დიდი დრო დაუთმო ქალთა უფლებებზე, გენდერულ სტერეოტიპებსა თუ იმ მანკიერებებზე საუბარს, როგორიცაა ადრეული ქორწინება და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა. მან ურჩია ახალგაზრდებს,რომ ყოველთვის შეეცადონ გენდერული სტერეოტიპების დარღვევას, იმ უფლებებით სარგებლობას, რაც მინიმუმ დღევანდელი კანონმდებლობით აქვთ ქალებს და აუცილებლად უნდა გახდნენ ძლიერები და აქტიურები.


შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა კმაყოფილება გამოხატეს მწერლის სტუმრობით, რომ მათთვის ძალიან ემოციური და საინტერესო იყო იმ მწერალთან პირისპირ შეხვედრა, რომლისთვისაც ყველაზე ახლობელია ახალგაზრდა გოგონებისა თუ ქალების პრობლემები, მათი სულიერი მდგომარეობა.


-ჩვენ დავინახეთ, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნის ავტორი თავადაც არის ძლიერი, თავისუფალი ქალი, რომელიც ყოველთვის მზადაა ყველა ქალის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ, ქალებს, ბევრი რამ შეგვიძლია იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შემოვაბრუნოთ! - მადლიერებით აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა და სტუმრისგან ჯერ ავტოგრაფი მიიღეს, ხოლო შემდეგ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 

 მარიამ ლომიძე

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია