დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
VIDEO_GDS-ზე ქალის სხეული მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოიყენეს, რაც დაუშვებელია – სახალხო დამცველი
2014/07/11 15:20:30

 

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის გამო, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა „ბინა 18“-ის ფარგლებში გავიდა. ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში.


დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.


ტელევიზია ინფორმაციის მთავარი და პირველადი წყაროა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის. შესაბამისად, მედია საშუალებების უზარმაზარი გავლენისა და როლის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს. პირიქით, უკვე აშკარაა მედიის დიდი როლი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, და მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გამოყენებული იქნას ყველა საშუალება ამ პასუხისმგებლობის რეალური განხორციელებისათვის.


აუცილებელია, რომ მედია საშუალებებმა ხელი შეუწყონ ქალის როლის წარმოჩინებას მისი შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინებით. გამოხატონ პატივისცემა იმ საქმიანობისა და განუზომელი წვლილისათვის, რომელიც ქალებს შეაქვთ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში.


სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება. 

 

 

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია