დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საეჭვო საარჩევნო სიმშვიდე იმერეთში
2010/06/08 13:33:47

იმერეთი საქართველოში ერთ-ერთი რეგიონი იყო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა შედარებით მშვიდ გარემოში ჩაიარა. ყურადღების ცენტრში ქუთაისი არჩევნების დღის მეორე ნახევარშიღა მოექცა, როცა ახალი მემარჯვენეების მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე და რესპუბლიკური  პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები საარჩევნო უბნებზე აგიტაციისთვის ადანაშაულებდნენ ნაციონალური პარტიის აქტივისტებს. არჩევნების დასრულების შემდეგ კი კონსერვატიული პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ნაციონალებს მადლობა გადაუხადა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის.

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის საბოლოო შედეგები ასეთია: ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 64,80% მიღო, ქრისტიან-დემოკრატებმა - 21,21%, ალიანსი საქართველოსთვის - 5,24%, ეროვნულმა საბჭომ - 4,86%, თოფაძე - მრეწველებმა - 2,96%, პარტია თავისუფლებამ - 0,37%, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 0,21%, სახალხო პარტიამ - 0,13%.

ამ მონაცემთა შესაბამისად, ქუთაისის ახალი მოწვევის გაზრდილი, 25 კაციანი საკრებულო ნაციონალური მოძრაობის წევრთა უმრავლესობით, ქრისტიან-დემოკრატების 3 და ალიანსი საქართველოსთვის 1 წევრით დაკომპლექტდება.

ქუთაისის #59 საოლქო კომისიაშია რასამთავრობო სექტორის მხრიდან 14 საჩივარი იქნა დაწერილი. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „შემოსული საჩივრები ყველა საოლქო კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, ნაწილი ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ, ზოგი კი სრულად  იქნა  დაკმაყოფილებული.“

არჩევნები საინტერესოდ წარიმართა სამტრედიის რაიონში, სადაც რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა იმედა გოგავამ საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ: „#49 საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი აპარატი გაფუჭდა, #27 საარჩევნო უბანი  საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა, ხოლო #47 უბანზე გადასატანი ყუთის 128 ბიულეტენზე კომისიის ბეჭედი და ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული, ისე გავიდა საარჩევნო უბნიდან.“ რესპუბლიკელი იმედა გოგავა სწორედ ამ გადასატანი ყუთის გაუქმებას ითხოვდა, რომელიც საოლქო კომისიამ გააუქმა კიდეც. სამტრედიის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ლომიამ განაცხადა, რომ არც ერთ უბანს პრობლემა მარკირების აპარატის გაფუჭების გამო არ შექმნია, რადგან, სადაც კი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველგან დროულად იქნა მიტანილი ახალი აპარატი. #27 საარჩევნო უბნის საათნახევრით გვიან გახსნის შესახებ საჩივარს საოლქოს თავმჯდომარე პროვოკაციულ განცხადებას უწოდებს.

სამტრედიის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა, თუმცა 10-მდე საჩივარი დაიწერა საუბნო კომისიებში. ამ დროისთვის საოლქო კომისიამ ყველა საჩივარი განიხილა.

სამტრედიის ოლქში სულ 48 541 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. აქედან თავისი არჩევანი მხოლოდ 22 855-მა დააფიქსირა. აქედან ხმების 62, 39% ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა, 14,24%- ქრისტიან-დემოკრატებმა, 9,13%- ეროვნულმა საბჭომ მიიღო, ხოლო დარჩენილმა პარტიებმა ხმების 14% გადაინაწილეს.

ჭიათურის #56 საოლქო კომისიის 23-ე საარჩევნო უბანზე პირველი ინციდენტი დღის პირველ საათზე დააფიქსირდა. ბიულეტენის საარჩევნო  ყუთში   ჩაგდების   დროს   სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელსა და ერთ-ერთ ამომრჩეველს შორის. 23-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ინციდენტის შესახებ საოლქო კომისიას აცნობა, თუმცა საოლქო კომისიის წარმომადგენლების უბანზე მისვლის დროს ინციდენტი ამოწურული იყო. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელს საჩივარი არ დაუწერია.

როგორც საჩხერის #56 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე აცხადებს: „ეს ერთადერთი ინციდენტი იყო, რომელიც არჩევნების დღეს საჩხერის ოლქში დაფიქსირდა. ოლქში კი არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული.“

საჩხერის მუნიციპალიტეტში 46 448 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. ამომრჩევლების აქტივობა 12 საათისთვის 17,8% დაფიქსირდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 41,8%-ია.

საბოლოო მონაცემები კი ასეთია: 61,1% - ნაციონალური მოძრაობა, 18,7% - ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და 5,1% - ალიანსი საქართველოსთვის, ხოლო დანარჩენი ხმები სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

თავისი არჩევანი პერევის მოსახლეობამაც გააკეთა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საჩხერის მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში ჩატარდა. საჩხერის #50 საოლქო კომისიაში 42 000 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. აქედად 1008 ამომრჩეველი სოფელ პერევის მკვიდრი იყო. საჩხერის ოლქში ამომრჩევლების აქტივობა 52%-ით დაფიქსირდა. თუმცა პერევიდან მხოლოდ 35%-მა შეძლო თავისი არჩევანი გაეკეთებინა. პერევის მოსახლეობა სოფელ ჯვრიაშის საარჩევნო უბანზე აძლევდა ხმას, თუმცა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოლახვა ბევრმა ვერ შეძლო.

როგორც ადგილობრივები აცხა-დებენ,  პერევიდან მოსახლეობა ხმის მისაცემად წინა დღეებში გადმოვიდა, რათა 30 მაისს აქტიურად საზღვრის გადმოკვეთა რუსი „მშვიდობის მყოფელებისთვის“ თვალშისაცემი არ ყოფილიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ეგრეთ წოდებული პერევის საზღვარი დაახლოებით 12%-მა გადმოკვეთა, დანარჩენი 23%-მა პერევი წინა დღეებში გადმოლახა და ნათესავებთან დარჩნენ.

პერევიდან მოსახლეობა იმ სამგზავრო ავტობუსებით გადმოვიდა, რომელიც დღეში ორჯერ საჩხერე-პერევის მიმართულებით მოძრაობს. საზღვრის გადმოკვეთისას რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნატო მუმლაძე აცხადებს:                 „ოლქში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და პოლიტიკური პარტიიდან საჩივარი არ შემოსულა.“ საჩხერის #50 ოლქში ხმების უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.

ამომრჩევლების აქტივობის 60% დაფიქსირდა ხონის რაიონში, სადაც ხონის #55 საოლქო კომისიაში და არც ერთ საარჩევნო უბანზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. ნაციონალურმა მოძრაობამ აქ ხმების 81% მიიღეს. ქრისტიან-დემოკრატებმა - 6%, ალინსი საქართველოსთვის - 5,4%, ეროვნულმა საბჭომ - 3,6%. ამჯერად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ქრისტიან-დემოკრატების და ალიანსი საქართველოსთვის ინტერესებს დაიცავენ.

არცერთი საჩივარი არ დაწერილა ვანის #53 საოლქო კომისიაში. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ მჟავანაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივ დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს     „არ გახსენებია“ ვანი. 26 087 ამომრჩევლიდან მოსახლეობის აქტივობა მხოლოდ 54%-ით დაფიქსირდა. 11 692 ხმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, 1 717 - ქრისტიან-დემოკრატებმა, ხოლო 696 ამომრჩევლის ნდობა „ალიანსი საქართველოსათვის“ მოიპოვა.

 

***

2 ივნისს 20:00 საათზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგი გამართა. ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ საქართველოს მასშტაბით პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო მედიას.

საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის სულ 3694 უბანი იყო  დათვლილი. ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით, საქართველოს მასშტაბით პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 65.5%;

„ალიანსი საქართველოსთვის“ (ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი, დავით  უსუფაშვილი,    დავით   გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი) - 9.1%;

„ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია) - 11.9%;

„ეროვნული საბჭო“ - 6.9% და   „თოფაძე - მრეწველები“ - 4.2%.

კენჭისყრის შედეგები გაუქმდა  5 უბანში. ეს უბნებია:

#27 მცხეთის ოლქის #24 უბანი - კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საჩივარი;

#15 ლაგოდეხის ოლქის #21  უბანი - კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა და ხმების დათვლის პროცედურის დარღვევა - დაკმაყოფილებულია 6 საჩივარი;

#47 მესტიის ოლქის #13 უბანი - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის არ არსებობის საფუძველზე;

#11 საგარეჯოს ოლქის #46 და #47 - ბათილად იქნა ცნობილი.

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია