დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი - მუდმივი სათამაშო
2011/05/30 12:41:45

სცნობს თუ არა პოლიტიკა და მისი ბინძური თამაშები ადამიანის სიცოცხლეს ღირებულად?

 

მხოლოდ ეს კითხვა გამიჩნდა 26 მაისის ღამეს, როცა ინტერნეტის მეშვეობით თვალს ვადევნებდი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. გული დამწყდა, რომ ჩემმა ერმა აქამდე ჭკუა ვერ ისწავლა, იმდენი გამჭრიახობა არ ჰყოფნის, რომ ამბიციურ ადამიანთა ხელში, რომლებიც საკუთარ თავს, რატომღაც, პოლიტიკოსებს უწოდებენ, სათამაშოდ და მიზნის მისაღწევ საშუალებად არ იქცეს.  

 

ისტორიულად მუდმივად ასე მოვდივართ: ხან ერთი მხრიდან დანაბერ ქარს მივყვებით თავის ნებაზე, ხან მეორე მხრიდან მონაქროლს. ახლა ამერიკული და რუსული ქარების გადაკვეთის წერტილში მოვხვდით და, აი, შედეგიც: 2 დაღუპული, უამრავი დაშავებული და დაპატიმრებული. თან, ეს ხომ სრული ნუსხა არ არის იმისა, რაც ამ „ქარიშხალმა“ დაგვიშავა? მანამ იყო 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი და უამრავი უშედეგო და არაფრისმომცემი რეფორმა, ჩვენ კი საცდელი ვირთხების როლი გვარგუნა განგებამ უკვე მერამდენედ.

და მაინც ვიბრძვით, მაგრამ რისთვის? რა გზებით და რის ფასად? ვიბრძოლეთ ვარდების რევოლუციის მოსაწყობად, გავაპრეზიდენტეთ მიშა და ახლა ვაღიარებთ, რომ შევცდით. თავიდან ვცდილობთ რევოლუციის ქარ-ცეცხლის დატრიალებას, მაგრამ მიტინგებით სათავეში მოსული ხელისუფლება ამ გზით რომ არ წავა, ამდენს უნდა ვხვდებოდეთ, ასე მგონია. თანაც, ამ შემთხვევაში, ქვეყნისთვის გაცილებით წამგებიანი კანდიდატების გალიდერება გვსურს, ისეთების, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უუნარობა და მოღალატებრივი ბუნება.

დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, გვაქვს პრეტენზია დასავლურ ღირებულებებზე და ამ დროს რას ვაკეთებთ? ვცდილობთ, სახელმწიფო გადატრიალება მოვახდინოთ და ქვეყანა ისევ საფრთხეში ჩავაგდოთ. არაფრისმომცემ, ლანძღვა-გინებით სავსე აქციებზე ხელჯოხებით შეიარაღებულები, ნიღბებით სახეახვეულები მივდივართ და თან ამ ყველაფერში ფულსაც ვიღებთ. ხომ არ აჯობებდა, უფრო ცივილიზებული ფორმით გვემოქმედა და ხელისუფლებისთვის კონკრეტული მოთხოვნები წაგვეყენებინა? „სკამის“ დათმობა, თანაც საკმაოდ კომფორტულის, ყველას ერთნაირად გაუჭირდება. მითუმეტეს თუ ამ სკამს ძალით ართმევენ, ორმაგად მტკივნეულია და გააფთრებით იბრძოლებს მის შესანარჩუნებლად. ჩვენ დიპლომატიური უნარ-ჩვევები და სიბრძნე არ გვყოფნის, გამოცდილება კი იცოცხლე-თქო, საკმაოდ მდიდარი გვაქვს. მაგრამ რად გვინდა, გამოგვიყენებია ოდესმე?

ახლაც ასე მოხდა, ხელისუფლებამ და ვითომ ოპოზიციამ თავიანთი სპექტაკლი გაითამაშეს. 5 დღიანი აბსურდული საპროტესტო გამოსვლები სრულიად „სამართლიანად“ დაარბიეს, სანქცირებული აღარ იყო და თან 26 მაისი ხომ უნდა აღგვენიშნაო? ბურჯანაძე და მისი „ფინიები“ სპეცრაზმის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაეცალნენ „ბრძოლის ველს“ და ისევ ხალხი დარჩა წინა ხაზზე. ესეც თქვენ, მიამიტო და აბსურდისთვის მებრძოლო ქართველებოო, გულში ამას ფიქრობდნენ, ალბათ. მერე, „რევოლუციონერთა“ ექსკორტმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქალბატონმა ნინომ მალევე უარყო ყოველგვარი კავშირი ამ ფაქტთან.

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მისი და მისი ვაჟის, ანზორ ბიწაძის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც სამოქალაქო ომისთვის მზაობაზეც კი იყო საუბარი. ანზორ ბიწაძე (სრულიად „უწვერული ჭაბუკიო“, რომ იტყვიან) დამდგარა და წყვეტს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ - არა ამ ქვეყანაში, თავად კი ინგლისს მიაშურებს საფრთხის მოახლოებისთანავე. მე თქვენ გეტყვით, და თავშესაფრის პოვნა გაუჭირდება. ქალბატონი ბურჯანაძე ბოლომდე ვერ უარყოფს ამ ჩანაწერის ნამდვილობას, მაგრამ ამბობს, რომ ცალკეული ფრაზები ან სიტყვები შეიძლება სხვა დროს, სხვა კონტექსტში ყოფილიყო ნათქვამი და ახლა ეს ყველაფერი მონტაჟმა გააერთიანა.

26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ დარბევას დასავლურმა დიპლომატიურმა კორპუსებმა „სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული და მიზანშეწონილი“ უწოდეს. სანაცვლოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიიჩნია სამართალდამცველთა მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად და ადამიანის უფლებების შემლახველად.

26 მაისის მზიან დილას კი საერთაშორისო მხარდაჭერით გულგამაგრებულმა პრეზიდენტმა აღლუმი ჩაიბარა და განაცხადა, რომ გადატრიალების რუსული გეგმა კიდევ ერთხელ ჩაიფუშა. უნდა ვაღიაროთ, რომ მიშა კი არა, ვანოა მაგარი, მთელი ამ სპექტაკლის რეჟისორი. მაგრამ, ცენტრალურ ტელეარხებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ ერთ ფაქტზე: პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე აღლუმს არ ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩემთვის ხუთდღიან აბსურდულ მიტინგებზე მრავლისმთქმელი ეს ფაქტი იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის ნინო ბურჯანაძე და კვლავ აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს და მას ვერ შეაჩერებენ. გულწრფელად გამიკვირდა მისი დამაჯერებელი ტონის. ნუთუ, მართლა ასე უგუნურებად გვთვლიან ხალხო?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია