დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არც ვიცოდი, ასეთი საჯარო თუ იყო ეს პროგრამა და ჩვენთან შესათანხმებელი...“
2010/12/20 15:22:02

სოფელ მიქელეფონში 180 ოჯახი ცხოვრობს, მათთვის 2010 წლის ბიუჯეტიდან სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 8 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

 

ვანის რაიონის სოფელ მიქელეფონის მცხოვრებლები ნაკლებად ინფორმირებული არიან „სოფლის დახმარების პროგრამის“ შესახებ, როგორც ისინი აცხადებენ, სოფლის პრიორიტეტული პრობლემების შესარჩევად  კრება არ მოწვეულა და ფინანსური საკითხები – რაში რამდენი დაიხარჯა - მათთვის უცნობია.  როდესაც ჩვენგან შეიტყვეს, რომ ამ პროექტით მათი სოფლისთვის 8000 ლარი იყო გამოყოფილი, აღნიშნეს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხისა და მოსაგვარებელი პრობლემების თანაფარდობა შეუსაბამოა.

სახელმწიფოდან მეტი ყურადღების გამოჩენას მოითხოვენ, რათა ცნობილი მოსაზრება - სოფელი ასაზრდოებს ქალაქს - მთლად არ გაქრეს და მიქელეფონს ფუნქციონირებისთვის ელემენტარული საარსებო პირობები ჰქონდეს. მათივე სურვილი და მოთხოვნაა, რომ  სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტებს: გზას, ბუნებრივი გაზის შეყვანას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის ნაწარმის რეალიზაციასა და პენსიების მომატებას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სახელმწიფოს მხრიდან.

ამირან ჯოგლიძე: „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს, არანაირი სოფლის კრება არ ჩატარებულა. თუმცა ამ პროგრამით, როგორც გვითხრეს, რამდენიმე ხიდის გამაგრება მოხდა ჯებირებით, რაც გაკეთდა, ვერ ვიტყვი, რომ არ უნდა გაკეთებულიყო, თუმც რამდენი ლარი იყო გამოყოფილი და დაიხარჯა თუ არა ზუსტად თანხები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“.

ნესტორ ადეიშვილი: „ჩემს სახლთან დამაკავშირებელი ხიდი შეაკეთეს, მანამდე პრაქტიკულად გავლა შეუძლებელი იყო, ბავშვები სკოლაში შემოვლითი გზით დადიოდნენ. ეს პრობლემა დიდი ხანია გვაწუხებდა და როგორც იქნა, ამ პროგრამაში ჩაგვსვეს. სამუშაოებსაც ვანიდან გამოგზავნილი მუშები ასრულებდნენ, ხოლო სხვა დეტალები, სად რამდენი ლარი დაიხარჯა, ჩვენთვის არავის უცნობებია; არც ვიცოდი, ასეთი საჯარო თუ იყო ეს პროგრამა და ჩვენთან შესათანხმებელი.“

 შუა ხნის მამაკაცი (სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა): „რამდენადაც ვიცი, ჩვენს სოფელში მოსაცდელის დადგმა სწორედ მაგ პროგრამით მოხერხდა. ერთფეროვანი, ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფლის ფონზე ძალიან თანამედროვედ გამოიყურება, თუმც ისეთ ადგილას დგას, მოსახლეობა მას ვერ იყენებს. გაჩერებიდან საკმაოდ მოცილებითაა. რამდენი დაჯდა მისი დადგმა, ჩვენთვის უცნობია.

ჩემი აზრით, კარგია და აუცილებელიც, სოფელი თანამედროვედ გამოიყურებოდეს, მაგრამ რაღაც ორი კაპიკი გაიმეტეს და უფრო მნიშვნელოვანი საქმეც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს ფულიც რომ არ მოეცათ, მთავრობას რას მოსთხოვ და რაში შეედავები, - ყველა გიპასუხებს, სახელმწიფოს უჭირს, კრიზისია და უნდა მოითმინოთო.

ჩვენ, ასაკის ხალხი, მიჩვეული ვართ მოთმინებას, ხოლო ახალგაზრდები ვერ ითმენენ და ქალაქისკენ გარბიან, იქ კარგ თანამდებობებზე მათ არავინ დასვამს, მაგრამ ურჩევნიათ, მშენებლობებზე შავ მუშად იმუშაონ, ელემენტარულ თავის გასატან ფულს მაინც იშოვიან და დასაქმებულები არიან, აქ კი უსაქმურობისგან სვამენ და ეწევიან.“

დათო, 42 წლის: „ასეთ პროგრამას მივესალმები, თითქოს სოფლის დახმარების კუთხით ძვრები მართლაც შეინიშნება, სხვა სოფლებთან შედარებით, ჩვენთან გაზიც შემოყავთ, მაგრამ რამდენიმე პრობლემა კვლავ რჩება, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, თორემ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. სოფლის ნაწარმს შესაფერისი ფასი არ აქვს და, პრაქტიკულად, არც არაფერი იყიდება, წლიდან წლამდე მოსახლეობის უმრავლესობას თავი ძლივს გააქვს“.

იმერი ბელთაძე (პენსიონერი, 69 წლის): „გაზი შემოყავთ, მცირე მონაკვეთზე ასფალტიც დაგვიგეს, თუმცა გზა, ასე ზომებში შემცირებული თუ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არ მეგონა, რატომ მოხდა, არ ვიცი! ან სიმართლეს ვინ გეტყვის, თანხების გადანაწილება ზევით მოხდა, თუ უფრო ქვევით. ყველაფერი კარგია, მაგრამ როდესაც პენსიონერი ხარ, საქმის კეთება არ შეგიძლია და პენსია 70 ლარი გაქვს, რთულია თქვა ქვეყანა წინ სწრაფად მიიწევსო. თუმცა, ესეც არ გვქონდა და აქამდე მოვაღწიეთ.“

***

სოფლებისთვის გათვალისწინებული ეს პროგრამა ხალხის მაქსიმალურ ჩართვას და შეთანხმების საფუძველზე საერთო საქმის კეთებას ითვალისწინებდა. თუმც, როგორც გამოკითხვიდან გავარკვიეთ, მსგავსი კრება მიქელეფონში არ ჩატარებულა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პროგრამის შესახებ ინფორმაციაც კი არ აქვს. 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ სოფლის გამგებელს, ბატონ  ლაზარე ჯოგლიძეს:

„რამდენიმე კოორდინატორი გვყავდა უბნებში გაგზავნილი, საერთო კრება არ ჩატარებულა, მაგრამ ცალკეულ უბნებში მოხდა მათი გამოკითხვა, მოსახლეობის საერთო შეთანხმების შემდეგ ოქმიც დაიწერა და გასაკეთებელი საქმეებისთვის თანხაც გამოიყო. სამუშაოებს შპს „ვანმშენი“ ასრულებდა. ადგილობრივი მოსახლეობიდან ვისაც სურვილი ჰქონდა, მას შეეძლო მიმდინარე სამუშაოებში ჩართვა, თუმც დიდი სურვილი არავის გამოუთქვამს, მხოლოდ ორი კაცი გამოგვეხმაურა.

ბიუჯეტიდან  გამოყოფილი 8000 ლარიდან 4 ათასი ლარი ორი მოსაცდელის დასამონტაჟებლად დაიხარჯა. რამდენიმე ხიდის გამაგრებითი სამუშაო 2 ათასი ლარი დაჯდა. დანარჩენი თანხა, სოფლის ცენტრალური ნაწილის გარე განათებასა და ჩატარებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა. იმედი გვაქვს, რომ 2011 წლის ბიუჯეტში თანხაც მეტი გამოიყოფა სოფლის დახმარების პროგრამისთვის და მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე გამოკვეთილი პრობლემა, რომელიც ხალხის მიერ პრიორიტეტულადაა დასახელებული, აუცილებლად მოგვარდება.“

***

როგორც საერთო გამოკითხვიდან გავარკვიეთ, ჯერჯერობით, იმედი არ დაუკარგავთ სოფელ მიქელეფონის მცხოვრებლებსაც. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სოფლებს მეტ ყურადღებას მიაქცევს და ახალგაზრდობას საკუთარ სოფლებში ნორმალურად ცხოვრების პირობებს შეუქმნის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია