დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ბათუმელებს“ მხარს უჭერენ
2009/12/07 15:50:02

2 დეკემბერს თბილისში გაზეთ ბათუმელების  მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. გაზეთმა დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. ბათუმელები2001 წლიდან არსებობს და, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი თავისუფალი და პროფესიონალური მედიასაშუალებაა.

2009 წლის 25 ნოემბერს სამართალდამცავები ცდილობდნენ  გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელის, თედო ორბენაძის დაშანტაჟებას და გადაბირებას. ისინი, სავარაუდოდ, გეგმავდნენ  სარედაქციო დამოუკიდებლობაში ფარულად ჩარევას.

„თედო ჯორბენაძის დასაშანტაჟებლად მათ საბჭოთა მეთოდები გამოიყენეს. „სოდმა“ და „კუდმა“ სარედაქციო კოლეგია დაგვიბარეს, მაგრამ თედოსთან გასაუბრება ცალკე მოითხოვეს, რაზეც ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ. მათ მაინც გაიყვანეს თედო, აჩვენეს შიშველი მამაკაცის ფოტოები და უთხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი თვითონ იყო. აგრეთვე აუხსნეს, რომ   ჰქონდათ ვიდეო-მასალა და, თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, ამ მასალებს გაუგზავნიდნენ მის მშობლებს, თანამშრომლებს და ჩატვირთავდნენ ინტერნეტში,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას გაზეთის რედაქტორმა, ქალბატონმა ეთერ თურაძემ.

სპეცსამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს თედო ორბენა, რომ გაზეთით თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები არიან დაინტერესებული, და რადგანაც ის არის რედაქციაში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი, მათთან თანამშრომლობა  შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

პოლიციელების მხრიდან იყო შეურაცხყოფა და შანტაჟი. გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციამ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით, მაგრამ იმედი არა აქვთ, რომ საქმეს კანონიერად გამოიძიებენ.

2 დეკემბრის აქცია კინოთეატრ „ამირანთან“ სპეციალურად გაიმართა, რადგან იქ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართებოდა. და ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდნენ. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება და ბათუმში გამართულ აქციასაც გამოუცხადებენ  სოლიდარობას.

„გაზეთი „ბათუმელები“ გამოირჩევა თამამი პუბლიკაციებით, ამბობს სიმართლეს, რასაც ფარავენ ცენტრალური ტელევიზიები და ბევრი რეგიონული გაზეთი, ამიტომ მათ მიმართ მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. ჩვენი პარტია აპირებს, დადგეს გაზეთის გვერდით და მათთან ერთად აიმაღლოს ხმა უსამართლობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

„თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გაზეთი „ბათუმელები“ არის თავისუფალი და პროფესიონალური მედიასაშუალება. ის, რაც ხორციელდება მის წინააღმდეგ, ელემენტარული უზნეობაა. მინდა აღვნიშნო, რომ გაზეთი „ბათუმელები“ ამ შემთხვევაში არ არის მარტო, მე და ნებისმიერი ჩვენგანი ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ მისი  უფლებები,“ - აღნიშნა ნინია  კაკაბაძემ.

„ბათუმელების“ ასე ღიად დაშანტაჟება დაიწყო მას შემდეგ, რაც გაზეთში  გამოქვეყნდა მიუკერძოებელი ინფორმაცია ბათუმის უზენაესი საბჭოს ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. ის აბსოლუტურად კანონიერად იყო მოპოვებული გაზეთის მიერ. ამიტომ დამოუკიდებელი გაზეთის შანტაჟი იმისათვის, რომ მათ შეასრულეს პროფესიული ვალდებულება და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას, ყოვლად დაუშვებელია. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, გაზეთის ჟურნალისტებს სამართალდამცავები ხშირად ემუქრებიან. როცა ამ ყველაფერმა სისტემატური სახე მიიღო და თავისუფალი მედია ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, „ბათუმელებმა“ სრულიად კანონიერად მოითხოვა საკუთარი უფლების დაცვა.  „ჩვენ შევეცდებით, ამ აქციით გვერდით დავუდგეთ გაზეთ „ბათუმელებს“ და სახელმწიფო სტრუქტურას მოვთხოვოთ ამ ამბის საფუძვლიანად გამოძიება, მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა,“ - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ნინო დანელიამ.

გაზეთ „ბათუმელებს“ იურიდიულად ეხმარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. თედო ჯორბენაძის ინტერესებს მათი ადვოკატი იცავს.

„ჩვენ შევაფასეთ ეს ფაქტი, როგორც ჟურნალისტის იძულება, შანტაჟის მცდელობა და პოლიციელების მხრიდან  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. შესაბამისად,  ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ ზომებს, თუ ამ ფაქტთან  დაკავშირებით არ დაიწყო გამოძიება,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ გურჩიამა.

 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია