დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის მემორანდუმი გაფორმდა
2016/04/16 12:24:14

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.


მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის დირექტორმა, ჯიმინ ლიუმ (Jimin Liu). ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასოციაციების „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია.


საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება ჩინეთის ბაზარზე. აღმოსავლეთ ევროპის, აშშ-ს და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი არის  ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულება, სადაც ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ და გვაქვს კიდეც შედეგები. ქართული ღვინის ცენტრში იქნება მუზეუმი, სადაც ქართული ღვინის კულტურის  გამოფენა მოეწყობა. ეს ღონისძიებები საბოლოო ჯამში ქართულ ღვინოს საერთაშორისო სახელს მოუტანს და დაამკვიდრებს, როგორც საერთაშორისოდ მნიშვნელოვან კატეგორიას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ჩინეთის ისეთ დიდ პროვინციაში, როგორიცაა ძიანსი, სადაც მოსახლეობა 40 მლნ აღწევს. ნანჩანი წარმოადგენს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს.


 

„ეს არის ყველაზე მასშტაბური ღვინის სახლი, სადაც ძიანსის მომხმარებელს შეეძლება მივიდეს, გაიცნოს ქართული ღვინის კულტურა, გასინჯოს და შეიძინოს ქართული ღვინო. ძიანსის პროვინცია, სადაც დაახლოებით 40 მლნ მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თვალსაზრისით, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.


ქალაქ ნანჩანის ღვინის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 


„მემორანდუმი ემსახურება ქართულ-ჩინური ურთიერთობების განმტკიცებას კულტურისა და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით. ჩემის აზრით, ქართული ღვინო საუკეთესოა მთელს მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩინელი გაიგებს ქართული ღვინის და ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი, ქართული წითელი ღვინოების შესახებ“ - აღნიშნა ჯიმინ ლიუმ.


 მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩინური მხარის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.


 

ქალაქ ნანჩანში ქართული ღვინის ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცენტრი განთავსებულია 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მოიცავს სადეგუსტაციო ოთახებს, ქართული კომპანიების წარმომადგენლობებს და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზუეუმს, ენოთეკას, ქართულ რესტორანსა და სხვა.

 


2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია და ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები 2016 წელსაც შენარჩუნებულია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტირებულია 372 ათას ბოთლამდე ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია