საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი "ოცნებას" დაპირებების გადადებაში ადანაშაულებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/23 05:53:38

"რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ.მისი თქმით აღნიშნული სისტემის ცვლილება სამართლიანობის დადგენაა, ხოლო 2016 წლისთვის ამ ცვლილების გადადება სამართლიანობის გადადებას ნიშნავს. 

გთავაზოთ ნაწყვეტს პრეზიდენტის საუბრიდან:

 

"ქართული ოცნების" საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეგვექმნა. ამას ვამბობდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში. მეტიც, არაერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც დღეს უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში. ასევე არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული აქვთ თავიანთი პოზიცია.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თვალსაზრისით შექმნა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ფორუმი, რომელმაც მათ საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია და ხედვა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

 

მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში მდგომარეობს. ქართული დემოკრატია ვერ იქნება ბოლომდე სტაბილური, თუ ჩვენ პარლამენტში არ გვეყოლება ძლიერი პოლიტიკური პარტიები - არა მარტო სამთავრობო, არამედ - ოპოზიციური. მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც სწორედ იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბევრად უფრო კომფორტულ სათამაშო მოედანს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს. საქართველოში პოლიტიკური პარტიები კი ის სტრუქტურებია, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება.

 

რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ლიდერები, გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ სტაბილურად ქვეყანა ვითარდება, როდესაც არსებობენ სტაბილური პოლიტიკური მოთამაშეები და ამომრჩეველი ირჩევს არა ერთს გადამრჩენლად და "ვნახოთ, რა მოხდება", არამედ - თავისთვის შესაფერის პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს მის ინტერესს პარლამენტში.

 

ასე რომ, საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გააძლიერებს და შესაძლებლობას შეუქმნის პოლიტიკურ ძალებს უფრო სტაბილურ ვითარებაში, არა გადამრჩენელი და დამანგრეველი, არამედ "მოდი, ავირჩიოთ, რომელი ჯობია" ვითარებაში გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება. 

 

ახლა ჩვენი დემოკრატიის წინაშე უფრო დივერსიფიცირებული სათამაშო მოედნის შექმნის ამოცანა დგას. ამ მოედანზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომელიმე ძალამ მოიგოს, მაგრამ დასჭირდეს სხვასთან პარტნიორობა იმისთვის, რომ შექმნას უმრავლესობა. ეს ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესია და მე სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის იმედი მაქვს საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია