სოციალურად დაუცველი ბავშვები ქუთაისის 2009 წლის ბიუჯეტის არცერთი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი არ არიან. ის ასაკობრივი გრადაციის მიხედვით არ შედგენილა, ამიტომ ბავშვებს გამოკვეთილად არ ეხება, თუმცა ყველა პროგრამის მონაწილე მეტ-ნაკლებად შეიძლება იყვნენ ისინი - გვიხსნიან ქუთაისის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში.
ჯერ 2010 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილი არ არის, მაგრამ მისი სოციალური ნაწილი თითქმის უცვლელად გადმოიწერება 2009 წლის ბიუჯეტიდან.
გასული წლის სოციალურ პოლიტიკას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი არჩილ მუკბანიანი ეფექტურად თვლის.
2009 წელს ერთი მილიონი ლარი სოციალური დაცვისთვის, ხოლო ნახევარი მილიონი - ჯანდაცვისთვის გამოიყო. უფრო მეტის მოთხოვნას სამსახურის უფროსი წელსაც არ აპირებს.
მრავალშვილიანი ოჯახების პროგრამა წელს 120000 ლარით დაფინანსდა და ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილის მშობელს ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა. ამ დახმარების მიმღებად სამსახურმა ქუთაისში მცხოვრები 200 ოჯახი გაწერა, ხოლო 20000 ლარი ბუნებრივი მატების სტიმულირებისთვის გადაინახა. მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ყოველ შემდეგ შვილზე 100 ლარის დამატება დააწესა.
132000 ლარი ისეთი სოციალური ღონისძიებების დაფინანსებისთვის გამოიყო, როგორიცაა 3 მარტი, 8 მარტის დღესასწაული, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის დღე, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე და კიდევ რამდენიმე ღონისძიება. ამ ჩამონათვალში 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღეცაა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ღონისძიებაში 2000 ბავშვი მონაწილეობდა.
წელს ადგილობრივ თვითმმართველობას საზაფხულო დასვენების აქცია 60000 ლარი დაუჯდა. „250-მდე ბავშვი დავასვენეთ ზაფხულში, ამ ბავშვების უმეტესობა იყო მრავალშვილიანი და უმწეო ოჯახის შვილები, ზოგი იყო სიღატაკის ფედარული პროგრამის მონაწილე, ზოგიც არა, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები ურეკში წავიყვანეთ, ზოგი - ციხისძირში და საირმეში,“ - ამბობს არჩილ მუკბანიანი.
როგორც ჯანადაცვის სამსახურში განმარტავენ, ბავშვები სხვადასხვა პროგრამაში სხვადასხვაგვარი ფორმით არიან ჩართული.
მედიკამენტებით დახმარების პროგრამით სარგებლობენ ფსიქიურად დაავადებული და ასევე ეპილეფსიანი ბავშვები. ისინი წელიწადში ერთჯერადად 100 ლარს იღებენ.
მატერიალური დახმარების ტრადიციული პროგრამა ამჯერად 125000 ლარითაა დაფინანსებული. გათვალისწინებულია, რომ ერთჯერადი დახმარება ამ პროგრამით მიიღონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ და სიღატაკის დაძლევის პროგრამაში ვერ მოხვდნენ. ამ თანხით ელემენტარული სასიცოცხლო მოთხოვნები უნდა დაიკმაყოფილონ.
ამ დახმარების მიღება დღემდე საკმაოდ გრძელ პროცედურად რჩება. ყოველი ოჯახის მდგომარეობა კომისიური წესით განიხილება. ასეთივე პროცედურაა ჯანდაცვის პროგრამაში მოხვედრაც, ჯანმრთელობის გაუარესების განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეები დახმარებას იღებენ, ამ პროგრამის პრიორიტეტად მუკბანიანი ბავშვებს აცხადებს.
არჩილ მუკბანიანი იმასაც ამბობს, რომ ბავშვები არც უფასო კვების პროგრამის მიღმა რჩებიან, თუმცა, თუ მადლიერების სახლში შეივლით, შეამჩნევთ, რომ იქ უფასო სადილის რიგში, მეტწილად, ასაკოვანი ადამიანები დგანან.
უფასო კვების პროგრამა ადგილობრივ ბიუჯეტს 369000 ლარი უჯდება.
„ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები თითქმის უცვლელი დარჩება, ჩვენ რომ მატება მოვითხოვოთ, ხომ უნდა იყოს მოთხოვნა რეალური. კლება რომ არ იქნება, ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. 2009 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფინანსება წინა წელზე უფრო მეტი იყო, მიმაჩნია, რომ ჩვენი პროგრამები ეფექტური იყო. ერთადერთი, რა მიმართულებითაც დაფინანსების კლება შეიძლება სასიამოვნოც კია - ვეტერანთა სარიტუალო პროგრამა, - თვლის არჩილ მუკბანიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამა ეფექტურად ითვლება, ბავშვთა სიღატაკის ქართული სტატისტიკა ასეთი რჩება: უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 12%, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა - ბავშვების 28%. საქართველოს ბავშვების 12%-ს ხმარდება დღეში ერთ დოლარზე ნაკლები, ხოლო 28%-ს - 1,4 დოლარი დღეში. მხოლოდ 44%-ს ხმარდება 2 დოლარი ყოველდღიურად.