დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პედაგოგოთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტისმიმართვა
2011/12/26 13:19:28

ჩემი დღევანდელი მიმართვის მიზანს წარმოადგენს, პედაგოგთა პროფკავშირის წევრებს მივაწოდო ინფორმაცია მათ ორგანიზაციაში დღეს რეალურად არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საგაზეთო ფორმა ავირჩიეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ რიგით წევრებთან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ გაგვაჩნია.

პროფკავშირს თავისი ისტორიის მანძილზე მხარდაჭერა დამსაქმებლისგან ან ხელისუფლებისგან არასოდეს ჰქონია. მსოფლიოში არსებულმა ძლიერმა პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა თავისი როლი და ადგილი ბრძოლით მოიპოვეს და დღესაც წარმატებით აგრძელებენ თავისი წევრების უფლებების დაცვას. თუნდაც მარტო უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთსა და ინგლისში განვითარებული მოვლენები პროფკავშირის ეფექტური მუშაობის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ხელისუფლებისგან ზეწოლა გასაკვირი არ არის და გაგრძელდება მანამ, ვიდრე პროფკავშირის თითოეული წევრი, ყოველი ლიდერი ღრმად არ გაითავისებს ერთ გარემოებას, რომ დასაქმებულთა შრომითი, სოციალური, სამართლებრივი უფლებების დამცველი ერთადერთი ორგანიზაცია პროფკავშირია.

მე, როგორც პედაგოგმა, ვიცი მასწავლებელთა განწყობა პროფკავშირის მიმართ. ამჟამად დღის წესრიგში დგას თვისობრივად ახალი, თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფკავშირული ორგანიზაციის შენების საკითხი. ვფიქრობთ, პედაგოგთა უმრავლესობა ამის მომხრეა. რიგ შემთხვევებში, როდესაც დირექტორები იძულებით აწერინებენ პედაგოგებს განცხადებებს, პროფკავშირიდან გასვლის შესახებ, ვიცი, რას განიცდიან ისინი. არ მსურს, ისე გამიგოთ, რომ ორგანიზაციაში დღეს შექმნილ პრობლემურ  მდგომარეობაში ბრალს ვდებთ რიგით წევრებს. ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რა ზეწოლები მიმდინარეობს პედაგოგებზე და როგორ არის მათი შრომითი უფლებები შეზღუდული მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების დღევანდელი მოქმედი სისტემით. პირველ რიგში, ეს ჩემი და პროფკავშირის ლიდერების ბრალია, რადგან სხვადასხვა ობიექტური მიზეზების, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების და ყველა მხრიდან ზეწოლების შედეგად, ვერ ვახდენთ ძალების სწორ მობილიზაციას, ვერ მივდივართ თითოეულ წევრამდე და გამომდინარე აქედან, გათითოებულ წევრებზე დაყრდნობით ვერ ვახერხებთ მათი ინტერესების ეფექტურ დაცვას.

ამ გლობალურ პრობლემებზე საუბარი იქნებ უხერხულიც კია მაშინ, როდესაც დღეს პედაგოგთა პროფკავშირის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ლიდერთა შორის არსებობს ჯგუფი, ე.წ. „მე-5 კოლონა“, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ორგანიზაციის გამთლიანების საკითხს. მათი ძირითადი პრეტენზია და მოთხოვნა არის ის, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ორგანიზაციის - პროფკავშირის პრეზიდენტი უნდა იყოს არა არჩეული მასწავლებელი, არამედ - ხელისუფლების, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მისაღები და მართული  პიროვნება. ერთ-ერთი რაიონის ლიდერმა, მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენლის ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ჯოხი დანიშნოს ხელმძღვანელად, მთავარია, მათ ჰქონდეთ ხელფასი.

ამ  მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რადგანაც მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გადაიქცევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად და პედაგოგთა უფლებების დაცვის ნაცვლად, ორიენტირებული იქნება დამსაქმებელთა ინტერესებსა და დირექტივების შესრულებაზე. ჩვენი მიზანია, აღდგეს ორგანიზაციის კანონიერი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რაც იქნება ორგანიზაციის თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია.

 

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ვაყენებთ არავითარ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობის წარმართვის საშუალებას. ჩვენ ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ ისეთი პროფკავშირის არსებობას, სადაც პროფკავშირის ფსევდოლიდერები თავს კომფორტულად იგრძნობენ, შეგროვილი საწევროების ხარჯზე ექნებათ მაღალი ხელფასები და სხვა მატერიალური კეთილდღეობა, შეთანხმებულად იმოქმედებენ დამსაქმებელთან და შესაბამისად, მასწავლებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.

მიმაჩნია, რომ ეს არის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი, ანუ სახეზე გვაქვს ძველი და ახალი პროფკავშირული აზროვნების დაპირისპირება. სხვა დანარჩენი მოტივები, რასაც ეს გუნდი ასახელებს, ემსახურება ძირითადი მიზეზების შენიღბვას. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, ვინ „იბრძვის“ დღეს პროფკავშირის ინტერესების დაცვისათვის: საინტერესოა,  როგორ უნდა წარმართოს პროფკავშირული მუშაობა სპმთპ-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ხათუნა არველაძემ, როდესაც იგი ამავდროულად არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმერეთის რეგიონის იურისტი, იურიდიულ კონსულტაციებს უწევს სკოლის დირექტორებს, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასა და მასწავლებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სწორედ ის ამ უკანასკნელ პერიოდში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იცავდა მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მასწავლებლის წინააღმდეგ. მან სამინისტროსგან თანამდებობა „დამსახურებულად“ მიიღო. მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტიპროფკავშირული ქმედებების შედეგად ქ. ქუთაისის მასწავლებელთა 90% გააწევრიანეს სამინისტროს მიერ შექმნილ ყვითელ პროფკავშირში, ე.წ. „სინდიკატში“. ყოველივე ამის შემდეგ ვეკითხებით ქ-ნ ხათუნა არველაძეს, რა მორალური და ზნეობრივი უფლება აქვს მას, დარჩეს პედაგოგთა პროფკავშირის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად, რომელიც ჩვენი წესდების თანახმად, ავტომატურად არის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც.

ანალოგიური ფაქტების მოყვანა ბევრი შეგვიძლია, მაგრამ აღვნიშნავთ კიდევ ერთს: ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარალელურად არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. ჩვენს მიერ ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. პარადოქსია ის ფაქტიც, რომ თელავის და ვანის პროფკავშირის რაიონული  ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან სკოლის დირექტორები. არ შემიძლია, არ აღვნიშნო თვით დაპირისპირებული ჯგუფის ხელმძღვანელის, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკა ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა. თავდადებული ანტიპროფკავშირული მუშაობისათვის მას დაუფუძნეს მოგებაზე ორიენტირებული შპს „ინოვაციური განათლების ცენტრი - კალამი“, გამოსცემს ბროშურებს, რომლის გავრცელება-გაყიდვისათვის ყველა სკოლის კარი ღიაა. სჭირდება თუ არა ეს ბროშურები მასწავლებლებს, ეს კიდევ საკითხავია. ასევე, შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტები, როდესაც რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები გვევლინებიან რესურსცენტრების შტატგარეშე თანამშრომლების რანგში და არც ერთ საკითხს არ წყვეტენ რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე. ორგანიზაციის წესდებას ამოფარებულები ქმნიან ილუზიას, რომ იბრძვიან პროფკავშირული  ორგანიზაციის  „გადარჩენისათვის“. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს საკითხი სპმთპ-ს მე-6 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ლეგიტიმურობის შესახებ, მუშაობენ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის მოწვევისათვის. მათი და მათი დამკვეთების ეს მცდელობაც დამთავრდება მარცხით, ვინაიდან არ გააჩნიათ ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. 

და ბოლოს, ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგია, თვისობრივად ახალი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნისა, ემყარება იმ განწყობას, რაც დღეს პედაგოგთა საზოგადოებაში არსებობს. მათ უმრავლესობას ღრმად აქვს გათვითცნობიერებული ერთობის ძალა, შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად, რასაც მხოლოდ პროფკავშირული ორგანიზაცია შეძლებს. ასევე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების გამოცდილებით, რეკომენდაციებითა და მხარდაჭერით.

ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალი თაობის აღმზრდელი ინტელექტუალური და პატივსაცემი პედაგოგთა არმია, ისევე, როგორც ყოველთვის, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პროფკავშირულ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავიზიაროთ პედაგოგთა შენიშვნები და წინადადებები საბოლოო მიზნის მიღწევის რთულ გზაზე. ნუ დაგავიწყდებათ, „ძალა ერთობაშია!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია