20 ნოემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმალიძემ განათლების სისტემაში შექმნილ რამდენიმე პრობლემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განათლების ბიუჯეტისთვის დამატებით 60 მილიონი ლარის გამოყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ ე.წ. მინუსიან ანუ დეფიციტურ სკოლებს და მათი მოგვარებისათვის სახელმწიფოს მხარდაჭერაა აუცილებელი.
დღეისათვის საქართველოში 70%-ზე მეტი მინუსიანი სკოლა არსებობს, რომელთაც თავიანთი ვაუჩერი არ ჰყოფნით ბიუჯეტის შესადგენად. შესაბამისად უჭირთ ხელფასების გაცემა, როგორც პედაგოგების, ასევე ტექნიკური პერსონალისათვის. თანხების სიმცირის გამო ზოგიერთ სკოლას საერთოდ არ ჰყავს ტექპერსონალი. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ფაქტები, როდესაც მასწავლებლები ხელფასს ზოგჯერ ვერ იღებენ, ან ერთი თვით უგვიანდებათ. მინუსიანი სკოლები არამარტო მთიან რეგიონებში არსებობენ არამედ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც. სკოლებს არ ჰყოფნით ბიუჯეტი და შევსებას იღებენ განათლების სამინისტროდან. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სწორედ ასეთი პრობლემებისათვის ითხოვს თანხების გამოყოფას განათლების ბიუჯეტისათვის.
მანანა ღურჭუმალიძის განცხადებით, პროფკავშირებში უკვე ერთი თვეა, იღებენ წერილებს სკოლის დირექტორებისა და ტექნიკური პერსონალისგან, რომლებიც ითხოვენ ხელფასის გაზრდას.
„სკოლის დირექტორების ხელფასი 120 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს. ჩვენ არ ვთვლით, რომ 2500 ლარი ბევრია სკოლის დირექტორისათვის, მაგრამ მთიან რეგიონებში მათ უფრო რთული დავალების შესრულება უწევთ და მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ ხელფასი.“
პრესკონფერენციაზე ქალბატონმა მანანამ ასევე ისაუბრა პედაგოგების დაზღვევაზე. სკოლის ლოგოპედები და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლები არ არიან დაზღვეულები, ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საგრძნობლად გაიზარდა დასაზღვევ პედაგოგთა რაოდენობა. პროფკავშირების განცხადებით, ადმინისტრაცია ხელოვნურად ზრდის მასწავლებელთა რაოდენობას, რათა დაეზღვიონ.
ქალბატონმა მანანამ პრესკონფერენციაზე ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონებში არსებულ ე.წ. კლასკომპლექტებზე, ანუ როცა კლასში სხედან პირველი, მეორე, მესამე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ერთად უტარებენ გაკვეთილებს. ბოლო სამი წელია, საგრძნობლად გაიზარდა ასეთი სკოლების რაოდენობა. კლასკომპლექტები არის თიანეთში, ვანში, მესტიაში, ლენტეხში, წყალტუბოსა და სხვა რეგიონებშიც. სკოლის დირექტორი, კანონმდებლობით, არ არის ვალდებული შექმნას კლასკომპლექტი. დირექტორებს ეს რესურსცენტრებში დაავალეს.
„მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროსაც, როდესაც ერთ კლასში დაახლოებით ხუთი ბავშვი უნდა ყოფილიყო. ამ ბოლო პერიოდში კი შეინიშნება, რომ ერთი კლასი დაკომპლექტებულია დაახლოებით 15-20 ბავშვით და ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგანაც პედაგოგები ამ პროცესში ვერ ახერხებენ, მიაღწიონ ერთიანი ეროვნული განათლების მიზნებს,“ - განაცხადა ქალბატონმა მანანამ.
ასეთი სტილით სწავლება ბავშვებს არ აძლევს საშუალებას, მიიღონ ხარისხიანი განათლება. პროფკავშირებმა ეს საკითხი არაერთგზის დააყენა, რათა ყველა ბავშვისათვის ყოფილიყო განათლება ხელმისაწვდომი. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია, ხუთ ბავშვზეც გაიხსნას არათუ კლასი, არამედ სკოლაც. სპმთპ მოითხოვს, რომ ფინანსისტებმა დაიანგარიშონ და გამოყონ ბიუჯეტში თანხა, რათა მთიან რეგიონებში და არა მარტო იქ, კლასკომპლექტების პრობლემა მოგვარდეს.
პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი სახელმწიფოსგან ითხოვს 60 მილიონი ლარის დამატებას განათლების ბიუჯეტისათვის. ქალბატონმა მანანამ მასწავლებლების, დირექტორების და ტექნიკური პერსონალის სახელით რამოდენიმეჯერ მიმართა პარლამენტის საფინანსო კომიტეტს, მაგრამ შეხვედრა არ მოხერხდა.
„თუ ჩვენი წინადადებები არ იქნება განხილული, ვაპირებთ, დავიწყოთ სერიოზული საპროტესტო აქციები და ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ ვმოქმედებთ პედაგოგების სახელით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რათა ელემენტარული პირობები შეექმნათ სკოლებს,“ - განაცხადა ქალბატონმა მანანამ.
სალომე სანიკიძე