დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტში ოპოზიციის წინადადებები არ გაითვალისწინეს
2010/12/20 14:55:09

ქუთაისის ხელისუფლების გაპიარებული და საყოველთაოდ ცნობილი ლოზუნგია „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“. როგორც ადგილობრივი ჩინოვნიკები აცხადებენ, გასულ წელს ამ მეთოდმა გაამართლა და წელსაც, 2011 წლის ბიუჯეტის შედგენის დროს ხალხიდან წამოსული ინიციატივები გაითვალისწინეს, ადგილობრივი ბიუჯეტიც ისე გადაანაწილეს.

თუმც, ოფიციალური რიცხვები სხვაგვარად მეტყველებს: მაშინ, როდესაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქალაქში უმუშევართა რაოდენობა, მოსახლეობის ზოგადი ეკონომიური მდგომარეობა, სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია, ამ დროს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის 1,778.0 ათასი ლარია გამოყოფილი. ქალაქის დამტკიცებული ბიუჯეტი 35 მილიონს შეადგენს, გასულ წელს იგივე დროის მონაცემებით 30 მილიონი იყო, ხოლო წლის ბოლომდე 120 მილიონი დაფიქსირდა. 2011 წლის უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინფრასტრუქტურა 9 მილიონ 500 ათასი, სპორტი და კულტურა - 8 მილიონ 400 ათასი, სოციალური და ჯანდაცვის სფერო -1 მილიონ 700 ათასი, დასუფთავება - 2 მილიონ 300 ათასი, პროგრამა „კორპუსი“ - 2 მილიონი ლარი, ქალაქის 12 მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე ტიპის შენობების აშენება - მილიონ 200 ათასი ლარი.

ზემოთ აღნიშნული, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი 15 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაამტკიცა, მასში ძირითადი სამოქმედო გეგმაა გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს 2011 წლის განმავლობაში. უკვე მიღებულ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენების წარმომადგენლებმა.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ვადაზე ადრე დატოვა მამუკა მღვდელაძემ. გარეთ გამოსულმა თავისი არგუმენტები ჟურნალისტებს გააცნო.

მამუკა მღვდელაძე: - „ჩემი წამოსვლა განაპირობა, უბრალოდ, არაკორექტულმა დამოკიდებულებამ, მაგრამ ამას ყველაფერს ავიტანდი, რომ არა მტკნარი სიცრუე: ქუთაისის პრიორიტეტებში, რომლებიც ასეა განსაზღვრული ძირითადად: გზების რეაბილიტაცია, კომუნალური მეურნეობის განვითარება, კეთილმოწყობითი სამუშაოები, კულტურული ღონისძიებების განხორციელება, სკოლამდელი განათლების დაფინანსება, - არის ყველგან კლება. ქუთაისის ბიუჯეტი არის წელს 35 მილიონი, მატება არის მხოლოდ ხელფასების დარგში, 8,7 მილიონია ქუთაისის ადგილობრივი შემოსავლები, ხოლო 8,4 მილიონი ჯდება ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა. პრეზიდენტი ამ დროს ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე საუბრობს, ჩვენ კი არ გვეძლევა საშუალება, ჩვენი აზრი ხმამაღლა დავაფიქსიროთ. მე მქონდა ცხრა წინადადება, რომელშიც იყო ჩემი დამოკიდებულება კომუნალური, სოციალური, ბიზნესგანვითარების კუთხით, მაგრამ არ მომეცა საშუალება, ეს წინადადებები გამეცნო საზოგადოებისთვის. როდესაც ვიღებთ ქალაქისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს, უნდა გვქონდეს აზრის ელემენტარული გამოთქმის უფლება. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. წყლის პრობლემა კვლავ ძალიან მწვავედ დგას, ჯერჯერობით, ქუთაისის მოსახლეობამ იგრძნო მხოლოდ წყლის ტარიფის გაძვირება და წყალმომარაგების მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება და ქუთაისის ბიუჯეტში თუ რაიმე თანხა ჩანს, უნდა დაიხარჯოს მხოლოდ შიდა ეზოების მოწესრიგების კუთხით, როგორც ეს დოკუმენტშია გაწერილი. კიდევ ერთი პრობლემა: დასუფთავების ტარიფი არის სულზე 50 თეთრი და ამოღება ქუთაისიდან არის მხოლოდ 20%, ხოლო 80% ამოდის ბიზნესიდან. თუ გავხდით ოჯახზე 1 ლარს, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება დაწესებული გადასახადი.

კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის იხარჯება 700ათასი ლარი და წლებია უკვე, ერთი და იგივე პროგრამის გადამღერება მიმდინარეობს. ამას სჯობდა, არასამთავრობოები ჩაერთოთ ამ საქმიანობაში და გაცილებით საინტერესო ღონისძიებები გვექნებოდა“.

დავით დვალი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი: „ჩვენს პარტიას ჰქონდა რამდენიმე წინადადება, რომლებიც არ გაითვალისწინეს. ჩვენ გვსურდა ადგილობრივ ბიუჯეტში მოძებნილიყო სახსრები და ქალაქში მცხოვრებ 38 ათას პენსიონერს მომატებოდა 10 ლარი დანამატი, როგორც ეს არის დედაქალაქში, რათა აღმდგარიყო სამართლიანობის გრძნობა ჩვენს ქალაქელებსა და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს შორის. ასევე, გვქონდა წინადადება, რათა აშენდეს მუნიციპალური სავადმ-ყოფოები და ყველა გაჭირვებულმა მოქალაქეებმა, რომელთაც არ აქვთ სოციალური დახმარება, ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით. კიდევ ერთი, მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც გადმოირიცხება და ამის შესახებ პრეზიდენტმა ოპერის გახსნის დღეს განაცხადა, - 10 მილიონი ლარი ველობილიკების ასაშენებლად, ჩვენი სურვილი არის, მოხმარდეს ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებს და გაჭირვებულ მოსახლეობას. კარგია, როცა ევროპული დონის ინფრასტრუქტურა გვინდა შევქმნათ, მაგრამ ქალაქი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა განვითარდეს“.

ზაზა ხელაძე, ასოციაცია „ასა“: „ჩვენს ქალაქში ხელმძღვანელობამ გადაუხვია იმ გზას, რასაც პრეზიდენტი და მაღალი რანგის ჩინოვნიკები აჟღერებენ, - ქამრების მოჭერის პოლიტიკას. მიღებულ ბიუჯეტში ვნახავთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე 526 ადამიანის ხარჯები იზრდება ერთი მილიონი ლარით, წინა წელთან შედარებით. ასევე გასაკვირია, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ჩართეს ამ ბიუჯეტის განხილვისა და შეთანხმების პროცესში“.

ასეთ შეფასებას აკეთებენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები. თავად საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, კი აცხადებს: - „მინდა იცოდეს ქალაქის საზოგადოებამ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ყველა პარამეტრში გაზრდილია. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი გადმოირიცხება და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები აუცილებლად განხორციელდება“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია