დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდა აქტივისტები #საშემოდგომო ბრძოლებისთვის# ემზადებიან
2009/07/02 08:49:37

პოლიტიკურმა პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახალგაზრდა მხარდამჭერების შეგროვება მთელი იმერეთის მასშტაბით დაიწყო. 25 ივნისს ქუთაისს პარტიის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ესტუმრა. მას მწერალთა სახლის დარბაზში 200-მდე ახალგაზრდა მხარდამჭერი ელოდა.

შეხვედრა, მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, შოთა ბურჯანაძეს მიჰყავდა, რომელიც, წლების წინ, იმავე სცენაზე პირველად პოეტის ამპლუაში გამოდიოდა. ამჯერად მისი საუბრის თემა პოლიტიკა იყო.

თავად პარტია იმერეთის რეგიონში 27 მარტს ჩამოყალიბდა და რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციაც დააფუძნა. ამჟამად, იმერეთის მასშტაბით 5 რაიონშია. ამბობენ, რომ განვითარებასთან ერთად ეს რიცხვიც გაიზრდება და ივლისის ბოლოსთვის თორმეტივე რაიონს მოიცავს.

„მე რას გავაკეთებ, არ ვიცი. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ნოღაიდელს. იქნებ, ისეთი რამე გააკეთოს, რომ ეშველოს საქართველოს“, - გვითხრა ერთ-ერთმა აქტივისტმა, მომავალმა სტომატოლოგმა იური დვალიშვილმა. მართალია საკუთარი სასწავლებლის სახელი ვერ გაიხსენა და ვერც პარტიის სახელი თქვა სწორად პირველივე ჯერზე, მაგრამ, სამაგიეროდ, იცოდა, რომ საჭიროა და როგორც შეძლებს, ისე უნდა გამოადგეს ქვეყანას.

გასაკეთებელი რომ ბევრია, ლიდერებმაც იცოდნენ. როგორც თავად ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ამ ახალგაზრდების ძირითადი მიზანი„საშემოდგომო ბრძოლებისთვის“ მზადებაა: „როგორც ჩანს, მაინც ნაკლებ მოსალოდნელია, სააკაშვილმა თავისი ნებით დანიშნოს არჩევნები და იფიქროს, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. ამიტომ, მთავარი ძალისხმევა ჩვენ უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ მას არჩევნების სწორად ჩატარება. ამისთვის კი საჭიროა სტრუქტურები, განსაკუთრებით - ახალგაზრდები“.

ახალგაზრდული რეგიონის ხელმძღვანელი სერგო ჩივაძე განმარტავს, რომ ახლადჩამოყალიბებულ ფრთას საკუთარი გეგმებიც აქვს: „ამ ეტაპზე,  საპატრიარქოსთან შეთანხმებით განვახორციელებთ ეკლესია-მონასტრების გაწმენდით სამუშაოებს. უკვე ვიყავით და ჩვენი თვალით ვნახეთ სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. იქ მომუშავე ხალხმა გვითხრა, რომ გაუცემელია რამდენიმე თვის ხელფასები. პოპულარიზაციას გავუწევთ ამ მღვიმეებს. დანარჩენ ღონისძიებებს რაც შეეხება, მათ ეტაპობრივად მომავალში დავგეგმავთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად განვახორციელებთ ამ ყველაფერს“.

„ჩვენ ერთი გუნდი ვართ...“ სააკაშვილის ნაცნობი სლოგანის ექო ნოღაიდელის გუნდშიც ხმიანობს?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია