დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ბუნდოვნად“ გაყიდული ზეკარი და ჩინური ინტერესები ქართულ ტყეებზე
2009/07/02 08:45:46

საქართველოს ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე წლის წინ სატყეო რეფორმის განხორციელება დაიწყო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ „რეფორმას“ ნაჩქარევად და გაუთვლელად მიიჩნევდნენ. გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ეს ტყეების დეგრადაციას, ნიადაგის ეროზიას და უკანონო ჭრების მოცულობის მომატებას გამოიწვევდა.

ამ ფონზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 2007 წელი  „სატყეო რეფორმის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით: „ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. არალეგალურ ჭრებსა და კორუფციას ბოლო უნდა მოეღოს. რეფორმა მენეჯმენტის ახალი სისტემების დანერგვას, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ტყის მასივის დიდი მოცულობით გადაცემას ითვალისწინებს, რაც სოფლად გლეხებს სოციალურ პრობლემებს მოუხსნის. რეფორმა კერძო ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაშიც მრავალწლიანი ლიცენზიების გაცემა იგულისხმება.“ მაშინდელი მინისტრის ამ განცხადების ბოლო ნაწილი მეტ-ნაკლებად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან მრავალწლიანი ლიცენზიების მსურველები ადგილობრივ დონეზეც აღმოჩნდნენ და უცხოზეც. რაც შეეხება სოფლად მცხოვრები გლეხების სოციალური პრობლემების მოხსნას, თითქმის არ გამართლდა.

სატყეო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს ირაკლი მაჭარაშვილს ვესაუბრეთ.

- მოდით, გრძელვადიანი ლიცენზიებით დავიწყოთ, რა ხდება ამ კუთხით სატყეო სექტორში?

- 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პრიორიტეტად ესახება ხე-ტყის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. პირველი 20 წლიანი ლიცენზია შეიძინა შპს „ჯორჯიან ფორისტმა“ 2006 წლის აგვისტოში. 2007 წლის 1 მაისს კი გაიყიდა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები, რომელიც 20 წლის ვადით გადაეცა ქართულ-ჩინურ შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“-ს,  ქართულ-იტალიურ „საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის კომპანიას და ფიზიკურ პირს ემილ რეინირს“. ტყით სარგებლობის ყველაზე დიდი აუქციონი 2007 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, სადაც გატანილი იყო 28 ლიცენზია 20 რაიონში. მოსაპოვებელი წლიური ქვოტა 400 000 კუბური მეტრი გახლდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი შეიტანა. 2008 წლის 5 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩანტლაძის 29 იანვრის ბრძანება წარმოადგინა აუქციონის გაუქმების შესახებ. მორიგი აუქციონი გასული წლის 7 და 8 ოქტომბერს ჩატარდა. დეკემბერში კი ახლადდანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა ლიცენზიების გაცემა შეაჩერა.

- თუნდაც ამ ბოლო ფაქტიდან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ბუნდოვანი და წინააღმდეგობებით სავსეა ლიცენზირების პირობები...

- საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტყითსარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს ტყითმოწყობის მონაცემების საფუძველზე, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ უნდა ახლდებოდეს. მის საფუძველზე დგინდება ტყის ფონდის საზღვრები, სახეობრივი შემადგენლობა, მერქნის მარაგები, მოსაპოვებელი რესურსის სახეობა, მოპოვება, ტყით სარგებლობის ეკოლოგიური მოთხოვნები, ტყის დაცვის, მოვლის, კვლავწარმოების და სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის ღონისძიებები. 2007-2008 წლებში აუქციონზე გადიოდა ისეთი ობიექტები, რომელზეც ტყეთმოწყობის ვადა გასული იყო. ამის გამო ინვესტორებმა მიიღეს არასწორი ინფორმაცია სალიცენზიო ობიექტების შესახებ. აუქციონებზე გამოტანილი ასათვისებელი რესურსის ოდენობა განსხვავებული იყო რეალურისაგან, რაც საფრთხეს უქმნის ტყის ეკოსისტემებს, ხოლო მეორე მხრივ ლახავს ინვესტორთა ინტერესებს. სალიცენზიო პირობებში მოცემული ლიცენზიატების ვალდებულებები არ შეესაბამება მათ უფლებებს, რომელთა შესრულება შეუძლებელია. ლიცენზიის გამცემმა ან ლიცენზიის გაუქმების საკითხი უნდა დასვას, ან თვალი დახუჭოს მათ დარღვევაზე. ასეთი ურთიერთობა ლიცენზიის დამრღვევსა და მიმღებს შორის კორუფციულ გარემოს ქმნის. ასეთ ვითარებაში კი ინვესტიციას ის ჩადებს, ვისაც გარკვეული წინასწარი გარანტია ექნება, რომ დარღვევის გამო მას საქმიანობის უფლებას არ ჩამოართმევენ.

- ვინ ადგენს და რის საფუძველზე - თითოეული ლოტის ღირებულებას?

- კანონმდებლობით, სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4აპრილის ?1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. აუქციონის საწყისი ფასის დადგენა ხდება სპეციალური ფორმულით და ემყარება ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის მთლიან მოცულობას, ანუ 20 წლის მანძილზე მოსაპოვებელი მერქნის ოდენობას. მოცულობის დადგენა ხდება ვადაგასული ტყეთმოწყობის მონაცემებით და ბრძანებაში მოცემული წესით დადგენილი საწყისი ფასი არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი ამ განცხადების შემდეგ მათ „მეთოდები შეცვალეს“ და 2008 წლის ოქტომბერში გამართულ აუქციონებზე გატანილი ლოტების ფასი დადგინდა საქართველოს მთავრობის სხდომის ?33 საოქმო ჩანაწერით.

- იმ ჩინურ კომპანიაზე რას იტყვით, რომელიც 5 ლოტის მფლობელია? რამდენადაც ცნობილია, ამ კომპანიაში ერთ-ერთი თანამდებობის პირი გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოსანია...

- ქართულ-ჩინური საწარმოს „ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზვიად ჭეიშვილია. იგი თავს იმით იმართლებს, რომ სრული 3 წელი არ ზედამხედველობდა სატყეო სექტორს და, ამდენად, უფლება ჰქონდა ამ სამსახურში გადასულიყო. საქართველოს კანონის 65-ე მუხლი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ამბობს: „გათავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე გათავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში ან საქმიანობას ეწეოდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა. მას არ აქვს უფლება, ასეთი დაწესებულებიდან ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი.“ აქედან გამომდინარე, გამოდის, კანონმდებლობა უშვებს ინტერესთა კონფლიქტს, რაც ნიშნავს, რომ კორუფციული კანონმდებლობა გვაქვს. მეორეს მხრივ ცნობილია, რომ ზვიად ჭეიშვილი იყო კახა ბენდუქიძის გუნდის წევრი და 2005 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. იგი ჯერ ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ - მდგრადი განვითარების დეპარტამენტის, სადაც სატყეო რეფორმას ხელმძღვანელობდა. იყო სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, მოგვიანებით კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე. აქ აშკარაა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, რაც ამ სექტორში მონოპოლისტი კომპანიის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ეს უარყოფითად მოქმედებს სატყეო სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

- დღეს ლაპარაკობენ ტყეების დეგრადაციაზე, რა ხდება ამ კუთხით?

- საქართველოს ტყის ფონდი მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ ჰექტარს, სადაც წლიური შემატება 3,5 მილიონი კუბური მეტრია. სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ტყეებიც შედის. ამ რიცხვებით მანიპულირება მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანზეა გათვლილი. მონაცემები ტყით დაფარული ფართობების, მერქნული რესურსის საერთო მოცულობისა და მთლიანი საშუალო წლიური შემატების შესახებ ეყრდნობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მიღებულ მონაცემებს. ამ პერიოდის შემდეგ საქართველოში ტყეების ჩეხვამ უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია. საქართველოში ხე-ტყის მრეწველობის განვითარებისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგად გადაქცევაზე გაკეთებული პროგნოზები ზედმეტად გაზვიადებულია და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ასევე არასწორია ფართომასშტაბიანი ლიცენზიების გაცემის დასაბუთება სამუშაო ადგილების შექმნით.

***

საკითხის შესწავლის მიზეზით ეკონიმიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ 64 ლოტის აუქციონი გააუქმა. ეს გარემოს დამცველებისთვის მრავალმხრივ იქნა აღქმული. ექსპერტი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს: „დარწმუნებული ვარ, რომ ჟვანიასთვის ეს მარტო პიარი არ გახლდათ. საზოგადოების განწყობა ამ აუქციონთან მიმართებაში ნეგატიური იყო და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს განწყობა ჩაქრა - ცდება. გარემოს დაცვის სამინისტრო ტყეების ინვენტარიზაციაზე მუშაობს და საუბრის დონეზე რაღაცას აკეთებენ. მაგრამ გრძელვადიანი ლიცენზიები მაინც არ უქმდება. არასამთავრობოებს ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი აქვთ შეტანილი და ამტკიცებენ, რომ გაცემული ლიცენზიები უკანონოა. მართლაც, გაუგებარია, როგორ შეიძლება აუქციონი ჩატარდეს ერთი განაცხადის საფუძველზე. ეს 2008 წელს კანონში სპეციალურად განხორციელებული ცვლილებების შედეგია. არ შეიძლება, რესურსები ვყიდოთ, ის უნდა მოვიხმაროთ.“

გარემოს დამცველები გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული და 7-8 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგებითაც ინტერესდებიან. ამ აუქციონზე იმერეთში ზეკარის სატყეო ნაწილი ერთ-ერთ ლოტად გაიყიდა. „ზეკარის სატყეო 6 მილიონ ლარად გაიყიდა. იგი უძვირფასესი და ფანტასტიკურია თავისი ფლორითა და ფაუნით. ზეკარი აჯამეთის ნაკრძალის ტერიტორიაში უნდა შესულიყო, თუმცა 2003 წლამდე ტერიტორიის შესწავლა ვერ მოხერხდა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერ შევიდა ნაკრძალის ტერიტორიაში.  დღეს კი 20 წლიანი ლიცენზიით გადაეცა ჩინურ კომპანიას, რომელიც ჩინური სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ზეკარი სალიცენზიოდ ისე გამოიტანეს, მისი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. რაც კანონში არ ჯდება, თუმცა მინისტრთა დადგენილება ამის საშუალებას იძლევა. აი, ეს არის ჩვენი სატყეოს ეკონომიკური რეფორმა,“ - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

რატომ ვერ მოხვდა ზეკარი აჯამეთის ნაკრძალის, დღეს უკვე აღკვეთილის, ტერიტორიის ფარგლებს შიგნით? - ამ კითხვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ლაშა მოისწრაფიშვილს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ მას არ „ახსოვს“, იყო თუ არა ოდესმე საუბარი ზეკარის ნაკრაძალის შემადგენლობაში შესვლაზე. „ეს ალბათ, ჩემს ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო. ჩემს დროს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და არც კომისია შექმნილა, რომელიც ზეკარს ამ კუთხით შეისწავლიდა,“ - აღნიშნა ლაშა მოისწრაფიშვილმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, იმერეთში, კერძოდ - ქუთაისში ზეკარის ლოტად გაყიდვის შემდეგ პარკეტის ორი ქარხანა ამუშავდა. ამდენად, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ჩინური კომპანიის ზურგს უკან გავლენიანი ქართველები დგანან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია