დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან...
2012/05/07 11:45:39

ჟურნალისტების ცემის, გადაღებული ფოტოების წაშლის და დიქტოფონის თუ ვიდეოკამერის დამტვრევის ფაქტები პირველი არ არის ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობების ისტორიაში. ჟურნალისტებისათვის პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართული დემოკრატიის“ სტანდარტად  გადააქცია.

 „თავისთავად ცუდია, რომ ცემეს ჟურნალისტი მაშინ, როდესაც ის სწორედაც რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ეს პრობლემურია  იმიტომ, რომ დაგროვდა ი სეთი ფაქტები ქართულ მედიაში, როდესაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უშლიან ხელს და შემდგომ არც ერთი მოხელე და განსაკუთრებით პოლიციელები, არ არიან დასჯილები. მინიმუმ საზოგადოება და ჟურნალისტური თემიც უფლებამოსილია, გაიგოს, რომელი პოლიციელი კონკრეტულად რომელი ჟურნალისტის ცემისთვის ან ანგარიშსწორებისთვის არის სამსახურიდან დათხოვილი. ეს უფრო მეტად გაზრდის პასუხისმგებლობის ხარისხს პოლიციელებს, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს და ზოგადად, საჯარო მოხელეებს შორის,“ - აცხადებს ჟურნალისტთა ქარტიის საბჭოს  თავმჯდომარე, ჟურნალისტი  ზვიად ქორიძე,  რომელიც მიიჩნევს, რომ აქ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან - როდესაც ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის უფლება შეუზღუდეს გარკვეულმა საჯარო მოხელეებმა. 

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი უყურებს ფაქტს კანონის კუთხით, აუცილებლად იტყვის, რომ კანონი არის დარღვეული ჟურნალისტის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, ფიზიკური ანგარიშსწორება და ჟურნალისტისათვის ასეთი მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, თავისთავად ნიშნავს კანონის დარღვევას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ იყო მცდელობა ეთქვათ, რატომ შევიდა ჟურნალისტი იქ, სადაც იყო დახურული შეხვედრა. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა იმიტომ, რომ ჟურნალისტს ყოველთვის აქვს იმის ინტერესი, შევიდეს და გამოიტანოს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანია. ის შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დახურულად გამოაცხადეს, საზოგადოებრივად იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პარტიის წარმომადგენლები ხვდებიან პედაგოგებს და შეხვედრას აქვს საარჩევნო მნიშვნელობა; ამიტომ ჟურნალისტს ჰქონდა ინტერესი, გაერკვია და საზოგადოებისათვის შეეტყობინებინა, რა ხდება ამ  შეხვედრებზე.  ამის გამო კი ის დაზარალდა ფიზიკურად. ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს შევა იმ შემთხვევათა სიაში, როდესაც  ხელისუფლებამ ძალიან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითიც დაარღვია კანონი და ადამიანის კონსტიტუციური უფლებები,“ - აცხადებს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ია ანთაძე. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამას საზოგადოებაში შიშის დანერგვის მიზნით იყენებს. 

ზვიად ქორიძე: „ასე ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ქმედითად სრულდება ხოლმე საქართველოში, ამიტომ საზოგადოება არის სრულებით უფლებამოსილი, გაიგოს, რა ხდება მის ზურგს უკან. ჟურნალისტი ცდილობს, მოიპოვოს ის ინფორმაცია, რომელიც მას დაუმალეს, ან ცდილობენ, დაუმალონ. როდესაც ქვეყანაში არის ძალიან მაღალი ხარისხი ჩაკეტილობისა საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს, ასეთი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციას სხვაგვარად, აბა, როგორ მოიძიებდა ჟურნალისტი. მით უმეტეს, ჟურნალისტს დარბაზში შესვლის არანაირი რეგლამენტი არ დაურღვევია, არავის არ უთქვამს, აქ ნუ შედიხარო. ამიტომ თავისუფლად შეეძლო ბატონ ირაკლი ვაჩიბერაძეს,  შესულიყო და ემუშავა იქ, თუნდაც ფარულად. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც კანონით არის გარანტირებული, არ გადააქციოს კრიმინალად და მისცეს მუშაობის  საშუალება ჟურნალისტებს.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია